საგარეო სამინისტრო გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის დაბარების მიზეზს განმარტავს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს უწყებაში გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით.

სამინისტროს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე, გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.

"შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა".

განცხადებაში წერია, რომ ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს კრიტიკული განცხადებების საფუძვლებით.

"სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, მიუხედევად იმისა, რომ კრიტიკის დასაბუთება ჯერ არ მიუღიათ "უფრთხილდება ურთიერთობებს".

"საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს ", - ნათქვმია განცხადებაში.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

მან სამინისტროდან გამოსვლისას მოკლე კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებს მიმართა გაეცნონ უწყებაში შესვლამდე მის ნათქვამსა და დილით საელჩოების სახელით გავრცელებულ განცხადებას.

ასევე ნახეთ 27 ქვეყნის საელჩო: "განცხადებები ჩვენ მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის"

შესვლამდე ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის დაბარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში და რომ "დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა", რაც მისი შეფასებით არის "ძალიან უჩვეულო" მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

"ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს".

„შევალ და მოვისმენ, რის თქმას აპირებენ ჩემთვის. ასევე, მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მისამართით, ჩემ და სხვა ელჩების წინააღმდეგ გაკეთდა. კრიტიკას გამოვთქვამ საქართველოს ამჟამინდელი კურსის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობასთან“,- თქვა პეტერ ფიშერმა.

მაშინ როდესაც ელჩი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად თქვა, რომ "სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება მას ამოეწურება, როცა იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას, აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე კომენტარის გაკეთება", - თქვა კობახიძემ.

შეკითხვაზე ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა ელჩის გაძევებას კობახიძემ თქვა, რომ "რა თქმა უნდა, არა".

"რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი, არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს ხდება ხოლმე მისი დაბარება ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა", - თქვა კობახიძემ და გაიმეორა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების რიტორიკა ელჩის მიმართ.

"თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუნდება დეტალურ განცხადებას გააკეთებს, მე მინდა შეგახსენოთ რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე და ა.შ. აღარ მინდა ეს ყველაფერი გავაგრძელო არც არის მაინც და მაინც საჭირო".

უფრო ადრე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პეტერ ფიშერზე საუბრისას თქვა, რომ „ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”.

"ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, პოლიტიკურად ვისი მხარდამჭერია ფიშერი. გეტყვიან, რომ „ლელოდან“ დაწყებული, „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული, ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს“, - თქვა კობახიძემ 12 სექტემბერს მედიასთან საუბარში.

პეტერ ფიშერის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი.

დღეს 24 სექტემბერს მან მედიასთან საუბარში პეტერ ფიშერზე მან თქვა, რომ „ელჩის ამოცანაა, იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ამის ნაცვლად, ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ბევრი ქართველის – და მეც ვიყავი ამის მონაწილე – აშენებული ხიდი რომ გაემყარებინა და გაეფართოებინა, მან დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან, პირადად მან".

პაპუაშვილის სიტყვებითვე, მას რთულად წარმოუდგენია "ამ ელჩის პირობებში, რომ შეძლოს რაიმენაირად საერთო ენის გამონახვა".

"ყველას ესხმის თავს – მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, ჟურნალისტი იქნება, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება თუ რაც იქნება“, - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის გარდა, დიპლომატებს, მათ შორის ელჩ ფიშერს, თავს ესხმიან "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებიც.

"ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს", - თქვა "ქართული ოცნების" თბილისი მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გერმანიის ელჩზე საუბრისას 9 სექტემბერს და ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

გერმანიის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მონახულების გამოც.

ასევე ნახეთ გერმანიის ელჩმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა
ასევე ნახეთ „დიპლომატიური კატასტროფაა“ - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მოშიმშილეების მონახულებისთვის აკრიტიკებს

10 სექტემბერს გერმანიის საელჩომ საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმობილია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ.

"გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი", - ნათქვამია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადება გერმანიაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით, ელჩ ფიშერს აკისრებდა პასუხისმგებლობას კალაძის შტაბთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ქცევაზე.

ასევე ნახეთ კატეგორიულად უარვყოფთ და ვგმობთ ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს - გერმანიის საგარეო უწყება