როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

მოკლედ

  • მოლდოვის სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის აგენტები ცდილობენ მასობრივი არეულობის მოწყობას საპარლამენტო არჩევნების დროს.
  • პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ კრემლი მილიონებს ხარჯავს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების დასაბლოკად.
  • რუსეთი ცდილობს, მოლდოვის პარლამენტში პრორუსული უმრავლესობა შექმნას და სანდუს იმპიჩმენტს მიაღწიოს.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 74 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან არჩევნების დროს არეულობის მომზადებაში. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულებმა სერბეთში გაიარეს წვრთნა რუსული დაფინანსებით.

კაცი მეტსახელად „ეშმაკი“

დაკავებულთა უმეტესობა 19-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. მოლდოვის სპეცსამსახურების ცნობით, ისინი მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდნენ საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც კვირას, 28 სექტემბერს გაიმართება.

„ჩვენი ინფორმაციით, სერბეთში დაგეგმვისა და კოორდინაციის უკან დგას მამაკაცი მეტსახელად „ეშმაკი“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ სპეცსამსახურს წარმოადგენდა. მისი ვინაობა მალე დადგინდება. ამავე დროს რუსეთის სპეცსამსახურების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკაში რამდენიმე ჯგუფს უწევდა კოორდინაციას, არის რუსეთის მოქალაქე ანდრეი ვლადიმირის ძე პავლოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს, იმავე გრუ-ს ოფიცერი“, განაცხადა ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ მუსტიაცამ.

ასევე ნახეთ მაია სანდუმ ამომრჩეველს მიმართა: რუსეთი მარტო არ მოქმედებს. კრემლს ჰყავს თანამზრახველები მოლდოვაში


რუსულ მედიას კი მოჰყავს ციტატა საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებიდან, რომელმაც საპასუხოდ ევროკავშირი დაადანაშაულა „მოლდოვის ოკუპაციის“ დაგეგმვაში. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალიონა არშინოვამ განაცხადა, რომ მოლდოვაში „ბენზინგასამართ სადგურზე“ უკვე შენიშნეს საფრანგეთის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები.

„დღეს სრული სერიოზულობით გეუბნებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ევროპული მომავალი საფრთხეშია. კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს ასობით ათასი ხმის შესაძენად დნესტრის ორივე მხარეს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

„განსაკუთრებით აქტიურობენ მოლდოვაში“

ევროპული ინტეგრაციის შესახებ შარშანდელი რეფერენდუმის დროს კრემლი უკვე ეწეოდა ხმების პირდაპირ ყიდვას. ამან საქმეს არ უშველა და სანდუს კურსის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს.

Bloomberg-ისა და BBC-ის ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები აგრძელებენ თავიანთ კურსს და მოლდოვაში არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. დოკუმენტების თანახმად, კრემლმა შეიმუშავა გეგმა, რათა ხელი შეუშალოს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და უკრაინასთან ქვეყნის კავშირების გაძლიერებას. საამისოდ ის ცდილობს, ხელისუფლებიდან ჩამოაშოროს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS), რომელსაც მაია სანდუ უდგას სათავეში.

„როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ტაქტიკა მოიცავს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში მყოფი მოლდაველების რეკრუტირებას საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, სხვა პირების რეკრუტირებას დესტრუქციული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის და სოციალურ მედიაში მასშტაბური სადეზინფორმაციო კამპანიის წარმოებას“, ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.

BBC-მ მსგავსი გამოძიების დასკვნები გამოაქვეყნა. შეფარულმა რეპორტიორმა შეაღწია პრორუსულ ქსელში, რომელსაც კოორდინაციას უწევდნენ ტელეგრამის მეშვეობით და რომელსაც აფინანსებდა გაქცეულ მოლდაველ ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებული „პრომსვიაზბანკი“. ქსელის მონაწილეებს ასწავლეს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით როგორ შეექმნათ „ფეიკები“, შემდეგ კი თვეში სამი ათას ლეის (დაახლოებით 170 დოლარი) დაჰპირდნენ ფეისბუკსა და ტიკტოკზე პოსტებისა და ვიდეოების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც სანდუსა და მისი მთავრობის დისკრედიტაციას ახდენდა (კერძოდ, სანდუს „ბავშვებით ვაჭრობაში“ ედებოდა ბრალი). ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ქსელი შედგება ტიკტოკის მინიმუმ 90 ანგარიშისგან, რომელთაგან ზოგიერთი რეალურ საინფორმაციო საშუალებად წარმოაჩენს თავს.

BBC-ის ცნობით, მარტო ტიკტოკზე გამოქვეყნებულმა ათასობით ასეთმა ვიდეომ 23 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. შედარებისთვის, მოლდოვის მთელი მოსახლეობა თითქმის ათჯერ უფრო ნაკლებია.

„ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ოპერაციებს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ვისწავლეთ რუსული სპეცსამსახურების კვალის აღმოჩენა სხვადასხვა ქვეყანაში. მათ საქმიანობას ვაკვირდებოდით მთელს აღმოსავლეთ ევროპაში - ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ მოლდოვაში. იქ ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ამასთან, კენჭისყრა ევროპის კავშირის მიმართ მოლდოვის პოზიციის თაობაზე. გარკვეულწილად, ეს არის პირველი დიდი დაპირისპირება რუსეთსა და ევროპას შორის“, განუცხადა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ Reset Tech-ის დირექტორმა ბენ სკოტმა.

ასევე ნახეთ ევროკავშირს მოლდოვის „ოკუპაციის გეგმა“ აქვს - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური

BBC-ის ჟურნალისტები ამერიკულ კომპანია Digital Forensic Research Lab-ს დაუკავშირდნენ დამატებითი შეფასებისთვის. მათი მონაცემებით, იანვრიდან მოყოლებული, ტიკტოკზე ტროლების ვიდეოებს 55 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ამ პოსტებს ორ მილიონზე მეტი „მოწონება“ აქვს. და ეს არ არის უხიფათო რამ: მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის მთავრობის მთავარი მიზანია, მოლდოვის პარლამენტში მოახვედროს სულ მცირე 51 ერთგული დეპუტატი, რაც მას საშუალებას მისცემს, ჩამოაყალიბოს უმრავლესობა, რომელიც შეძლებს კრემლისთვის არახელსაყრელი ნებისმიერი კანონმდებლობის დაბლოკვას და მაია სანდუს იმპიჩმენტსაც კი.

23 სექტემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიუსელი შესაძლოა პროვოკაციებს გეგმავს დნესტრისპირეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ მოიპოვება.

თავის ბოლო მიმართვაში პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, მოლდოვა შეიძლება იქცეს პლაცდარმად უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის სამხედრო ოპერაციებისთვის. მანამდე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია 10 000 ჯარისკაცი განალაგოს არაღიარებულ დნესტრისპირეთში. მოლდავური არასამთავრობო ორგანიზაცია Watchdog-ის ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეი კურორარუმ, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ აუხსნა, რაში მდგომარეობს ეს სცენარი: თუ არჩევნებში გაიმარჯვებს გაქცეულ ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებული პარტია, ქვეყნის ახალ ხელისუფლებას შეეძლება გამოვიდეს რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შევიდეს რუსეთისა და ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ).

ასევე ნახეთ მოლდოვამ ევროკავშირის ახალი 1,9-მილიარდიანი დახმარების ათვისება დაიწყო - საქართველოსთვის ძველიც შეჩერებულია