„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას“, - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ პლატფორმა X-ზე ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად გამოაქვეყნდა, ასევე წერია, რომ ელჩი „წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“.
დღეს, 24 სექტემბერს, ელჩი ფიშერი საგარეო უწყებაში დაიბარეს - ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიისა და თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, როდესაც გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
პეტერ ფიშერს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.
„არ მომისმინეს“ - ფიშერი
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში საათზე მეტხან იმყოფებოდა.
მან სამინისტოდან გამოსვლისას მოკლე კომენტარი გააკეთა, მოგვიანებით კი X-ზე დაწერა:
„მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ კრიზისზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებმაც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ასევე გადაღობეს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა“.
„ჩემი არ გაუგონიათ. მე რადიკალი არა ვარ. გერმანია კვლავ მეგობარია“, - დაწერა ფიშერმა.
გერმანიის საგარეო უწყების განცხადების შემდეგ კი ასევე დაწერა, რომ მისი ყველა აქტივობა შეესაბამება გერმანიის მთავრობის პოზიციასთან.
„ჩემი ყველა აქტივობა სრულად შეესაბამება გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის პოზიციას, რაც არაერთხელ არის წერილობით გაცხადებული ევროკავშირის საბჭოს მიერ“, - აცხადებს იგი.
რას ამბობს საგარეო
საგარეო უწყების გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ „დიპლომატებს, ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში“.
ასევე, გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში „რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა“ და სასამართლო პროცესების „პოლიტიზების მცდელობებზე“, - მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.
„სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა“, - წერია განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედევადმ მისა, რომ კრიტიკის დასაბუთება „ჯერ არ მიუღიათ“, ის „უფრთხილდება ურთიერთობებს“.
ასევე ნახეთ საგარეო სამინისტრო გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის დაბარების მიზეზს განმარტავს„როცა ვადა ამოეწურება, დატოვებს ქვეყანას“
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი გამუდმებით აკრიტიკებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩ პეტერ ფიშერს.
- კერძოდ, პაპუაშვილი მას ადანაშაულებს „დეზინფორმაციაში“, „სასამართლოზე ზეწოლაში“, „ვენის კონვენციის უხეშ დარღვევასა“ და „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირის გამოთხრაში“.
დღესვე სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხად უთხრა, რომ არ გეგმავენ ფიშერის გაძევებას. ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა:
„მგონია, რომ სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება. როცა იქნება, მას ამოეწურება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას“.
შეკითხვაზე ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა ელჩის გაძევებას კობახიძემ თქვა, რომ „რა თქვა უნდა, არა“.
პარალელურად: ახალი ელჩი გერმანიაში
23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ელჩად გერმანიაში დაინიშნა 66 წლის ალექსანდრე კარტოზია, საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში, 1998–2004 წლებში.
პროფესორი კარტოზია წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. მან 2022 წელს მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენი, „დამსახურების ჯვარი“, რომელიც გერმანიის მაშინდელმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადასცა.
საქართველოს 2024 წლის ბოლოდან აღარ ჰყავს გერმანიაში ელჩი. ამ პოზიციას იკავებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია, რომლის გამოსამშვიდობებელი შეხვედრაც 2024 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა.
ალექსანდრე კარტოზია ინიშნება იმ დროს, როდესაც თბილისსა და ბერლინს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია და იმაზე დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.
ასევე ნახეთ გერმანიაში ელჩად დაინიშნა ალექსანდრე კარტოზია, განათლების მინისტრი 1998-2004 წლებში