სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა

გიორგი კინოიანი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი კინოიანი, სომხეთის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება სასამართლომ 25 სექტემბერს მიიღო.

გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოდან გასვლისას დააკავეს.

მისი ძმის, ვაკო კინოიანის თქმით, ის იმავე დღეს გადაიყვანეს ჯერ პოლიციის განყოფილებაში, იქიდან კი წინასწარი მოთავსების იზოლატორში.

5 სექტემბერს, საღამოს, სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

2024 წლის 25 ოქტომბერს გიორგი კინოიანს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სომხეთში ის რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დააკავეს.

მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).

"გიორგის სააპელაციო საქმის განხილვა მის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ გიორგი გათავისუფლებულიყო უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც უკვე 23-ე დღეა იმყოფება.

ამ ეტაპზე, ერთადერთი გზა ლოდინია - ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჩქარებულ გადაწყვეტილებას გიორგის გათავისუფლების შესახებ.

ამავდროულად, საქმის გასაჩივრებას ვგეგმავთ საკასაციო სასამართლოშიც, რათა დავამტკიცოთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გიორგის დაკავება უკანონოა”,- წერია გიორგი კინოიანის სოციალურ ქსელში, რომელსაც მისი ოჯახი მართავს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასული წლის ოქტომბერში დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს.

ბრალდება უკავშირდება კინოიანის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობას.

ბრალდების თანახმადვე, ის „ქართულ ლეგიონთან“ ერთად იბრძოდა უკრაინაში.

რუსეთს „ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილისა და არაერთი სხვა ქართველი მებრძოლისთვის აქვს პატიმრობა დაუსწრებლად მისჯილი.

ასევე ნახეთ მოხალისე გიორგი კინოიანის ბედი