პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა კიდევ ხუთ პირს - ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ ოთხ ადამიანს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძესა და ირაკლი გალოგრეს.
ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებას.
დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის პროკურორის, ბექა ხუნაშვილის განმარტებით, სრულად არის შესასწავლი ბიჭიკო პაიკიძისა და დანარჩენი ბრალდებულების საქმიანობა.
ამასთანავე, პროკურორის თქმით, ბიჭიკო პაიკიძისთვის ცნობილი იყო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა და საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავი აარიდა.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.
ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მართალია მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ჰქონდა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ მას პასპორტი გაუუქმა და ის „ამის შესაძლებლობას მოკლებულია“.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ეს ინფორმაცია პროკურორთან გადაამოწმა. ბექა ხუნაშვილმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ პაიკიძე, სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში აპირებდა გადასვლას, რათა გამოძიებას უკეთ მიმალოდა.
პროკურორის თქმითვე, პაიკიძეს მოქმედი პასპორტი აქვს, მან სწორედ ამ პასპორტით დატოვა ქვეყანა და შეუძლია ქვეყანაში ამავე პასპორტით დაბრუნდეს.
დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალი გუშინ წარუდგინეს.
ასევე ნახეთ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს ახლა უკვე გადასახადების დამალვასაც ედავენიან