სუსი ოკუპაციის ხაზთან მომხდარ ინციდენტზე: „ბავშვები უკვე უსაფრთხოდ არიან“

საოკუპაციო გამყოფი ზოლი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უსაფრთხოდ არიან.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ქარელის რაიონის, სოფელ თამარაშენიდან, საოკუპაციო ხაზიდან ოკუპანტებმა 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს.

ერთ-ერთი ბავშვის მამამ, ბესო სიდამონიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ ათ წლამდე ასაკის ბავშვები სოფელ თამარაშენში სათამაშოდ იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი გაიტაცეს.

„ბავშვები მიხვდნენ, რომ რუსები იყვნენ. ერთმა მოასწრო გამოქცევა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. ვითხოვთ დახმარებას, პოლიცია იქნება, ხელისუფლება თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ვინც იქნება, დაგვეხმარონ. იქნებ ვინმეს მივაწვდინოთ ხმა, რომ დაგვეხმარონ“, - განაცხადა ბესო სიდამონიძემ, რომელმაც მოგვიანებით დაადასტურა, რომ ბავშვები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან:

„დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გორში მიჰყავთ პოლიციის დეპარტამენტში. ბავშვები ჯერ არ გვინახავს. გულები გვაქვს დახეთქილი. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა და ბავშვების გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა“.