„ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ირაკლი კუპრაძე (მარცხნივ) და თაზო დათუნაშვილი პრესკონფერენციაზე. 29 სექტემბერი, 2025 წელი

„ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში კანდიდატებზე ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.

თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, პროცესში ჩართული არიან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მათთან დაკავშირებული ბიზნესები:

"ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არარსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში, ჩვენს წევრებსა და კანდიდატებზე. ჩვენ გვაქვს ხელთ ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

29 სექტემბერს კოალიციამ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ კანდიდატს თავისი კანდიდატურის მოხსნას აიძულებს.

"ლელოს" თანახმად, აუდიოჩანაწერში ისმის კარა ორუჯევის, ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ხმა. უცნობია, ვის ესაუბრება ის:

- მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის. იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს, მაგათ დავადე...ის მუშაობდა მათთან (ძმისშვილი), ხო, და ჩემი ნათესავი მაგათთან სპორტდარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 ათასი ლარის, 100 ათასზე მეტი იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის, გეფიცები. მერე მე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს, ყველგან იმუშავებ სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს. 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო. მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ.

- მერე რა ლაპარაკი გქონდათ?

- ახმედოვმა უთხრა და მერე გამაკეთებინეს განცხადება.

- ვიცი, ვიცი. შენ რომ გამოუვალი მდგომარეობა არ გქონოდა და დიდი პრობლემები, ამ ნაბიჯს არ გადადგამდი.

- მე მაგათ ვუთხარი, რომ ამ ფულის გაქვითვა არ მინდოდა და უნდა დავუბრუნო, როცა შევძლებ.

"ძლიერი საქართველოს" მიერ წარდგენილ ბრალდებებს "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ. ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური კანდიდატების მოსყიდვა, დაშინება და გადაბირება არ ხდება.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კუპრაძე დეზინფორმაციას ავრცელებს:

„ძალიან კარგი გამონათქვამია:" პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო". კუპრაძე მიხვდა, რომ ძალიან სასტიკად აგებს არჩევნებს თავის პარტიასთან ერთად და დეზინფორმაციას მიჰყო ხელი, რომ ვიღაც სადღაც მისი პარტიის წარმომადგენელი ხსნის კანდიდატურას თურმე იმიტომ, რომ აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ა.შ. ჯერ ერთი, ეს ხალხი თუ ხსნის კანდიდატურას, როგორც ჩანს, მიხვდა იმას, სად არის სიმართლე და სად არის რეალობა, რომ არაფრის გამკეთებლები არც "ლელო" და არც გახარიას პარტია არ არიან და როგორც ჩანს, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც თვითონ მიიღეს“, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მახაშვილის თქმით, "ძლიერი საქართველო" ცდილობს, „საკუთარი უსუსურობა სხვას გადააბრალოს“:

"არ ვიცი, ჩემმა კოლეგებმა ახსენეს თუ არა, მაგრამ ეს მაგონებს ასეთ ფრაზას, რომ "პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო თუ რაღაცა". ისეთი ფრაზაა, რომელიც ალბათ აკვდება ამ სიტუაციას. საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომებს, საკუთარ უსუსურობას, საკუთარ არაეფექტიანობას აბრალებენ სხვას. მათი კანდიდატები იყვნენ, თავად ვერ შეძლეს გუნდში მათი დატოვება, დარწმუნება, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ყოფნას. ეს არის, უბრალოდ, სხვაზე გადაბრალება საკუთარი შეცდომის", - ამბობს ლევან მახაშვილი.