უნგრეთის მთავრობამ 29 სექტემბერს მიიღო ქვეყნის ტერიტორიაზე 12 უკრაინული მედიასაშუალების საიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება. მანამდე, სექტემბრის შუა რიცხვებში უკრაინამ, იმ მოტივით, რომ რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, აკრძალა რამდენიმე უცხოური გამოცემა, მათ შორის უნგრული Origo და Demokrata.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისის ხელმძღვანელმა გერგეი გუიაშმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ უნგრეთმა „სარკისებური ზომა“ გამოიყენა უკრაინული საინფორმაციო პორტალების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც უკრაინამ „სახელმწიფო ცენზურას" მიმართა და უნგრული მედიასაშუალებები დაბლოკა.
ორბანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ კიევმა ზომებს მიმართა იმ გამოცემების წინააღმდეგ, რომლებიც კრიტიკულად წერენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პოლიტიკის, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ევროკავშირისა და ნატოს არაეფექტიანობისა და „სოროსის ფონდის" საქმიანობის შესახებ.
უნგრეთში აკრძალულ უკრაინულ მედიასაშუალებებს შორისაა დამოუკიდებელი გამოცემა „უკრაინსკა პრავდაც“. პრემიერ-მინისტრ ორბანის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ უნგრეთში „უკრაინსკა პრავდას“ ბევრი კითხულობს, მაგრამ „სუვერენულმა ქვეყანამ უსაფუძვლო შეტევას პროპორციულად უნდა უპასუხოს".
ასევე ნახეთ ორბანი: უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არისუნგრეთის მთავრობის მიერ 12 უკრაინული მედიასაშუალების აკრძალვას უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ. მისი განცხადებით, უკრაინამ დაბლოკა რუსული პროპაგანდა, ხოლო ორბანის მთავრობამ - უნგრელების წვდომა ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკაზე.
„მაგრამ მათთვის რაც უფრო შორია სიმართლისგან, მით უკეთესი“, - დაწერა ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთი, რომელიც წლებია კიევს ადანაშაულებს უნგრელების ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევაში, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებულ პოზიციაზეა.
ვიქტორ ორბანის მთავრობა ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას, არ აკრიტიკებს რუსეთს და მისგან ენერგორესურსების შეძენას განაგრძობს. უნგრეთმა არაერთხელ სცადა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ამოქმედების შეფერხებაც და დაბლოკა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება.
ასევე ნახეთ როგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის