ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ

ფოტო არქივიდან. გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მიმართა.

გამოძიება ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალდებულები 30 სექტემბერს გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმის მასალების თანახმად, მათ საქართველო 2025 წლის თებერვლის ბოლოს დატოვეს.

ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურამ მარინა რამაზაშვილს 29 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 17 საათისათვის, ტელეფონით შეატყობინა და უთხრა, რომ ისინი 30 სექტემბერს თბილისში, გენერალურ პროკურატურაში უნდა მისულიყვნენ ბრალის ოფიციალურ წარდგენაზე.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულებმა არ იცოდნენ, როდის დაინიშნებოდა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა. მიუხედავად ადვოკატის განცხადებისა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულები საქართველოში არ იმყოფებიან [ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან] და მათ არც სასამართლოს გამართვის თარიღი და დრო არ იცოდნენ, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ თქვა, რომ რაკი ბრალდებულები სხდომას არც დისტანციურად არ ესწრებიან, ეს ნიშნავს, რომ "ისინი სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებენ".

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ მშობლები გიორგი ბაჩიაშვილს ფულის გათეთრებაში 2017-2023 წლებში ეხმარებოდნენ. კონკრეტულად, მათ მოახდინეს "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.

მიხეილ სადრაძემ განმარტა:

„კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“

პროკურორი ასე აღწერს ბრალის შინაარსს:

"მაგალითად, მოხდა მარინა რამაზაშვილის და ალექსანდრე ბაჩიაშვილის სახელზე 7 ქონების შეძენა, შემდეგ ეს ქონებები იყიდებოდა და თანხა ისევ გიორგი ბაჩიაშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანიების აქტივებში შედიოდა. ჩვენ ვსაუბრობთ დახმარებასა და ხელშეწყობაზე

დახმარება განხორციელდა 7, უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე ფულადი თანხის მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯამურად 4 მილიონი ამერიკული დოლარის და მილიონზე მეტი ლარის არის".

30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ლევან მახარაშვილმა თქვა:

"ვიღაც იფიქრებს, ბონი და კლაიდის საქმეს განვიხილავთ, რომ არ ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები - 75 წლის ცნობილი ქირურგი, ალიკა ბაჩიაშვილი და 65 წლის მარინა რამაზაშვილი, ცნობილი ოფთალმოლოგი. მარინა და ალიკა ვერც კი გაიგებენ, რას ედავებიან, ეს საქმე რომ ჩავუგდოთ. მოწმეც კი არ არსებობს ამ საქმეზე, ვისზე უნდა მოახდინონ ზეგავლენა, პროკურორმა ამის გამო რომ მოითხოვა პატიმრობა?.. მაგალითად, როდესაც 75 წლის ალიკას შვილმა აჩუქა მანქანა, უნდა ევარაუდა, რომ გათეთრების დამხმარე ვარო?.. ფულის გათეთრება განზრახვის გარეშე ვერ იარსებებს. ბრალდებამ მინიმალურად მაინც უნდა დაადასტუროს, რომ გიორგის ჰქონდა ფულის გათეთრების განზრახვა...

გიორგიც და მისი მშობლებიც თვლიან, რომ ეს არის მათი ოჯახის დევნა. ეს ადამიანები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ", - ამბობს ლევან მახარაშვილი.

ბაჩიაშვილის მშობლების კიდევ ერთი ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქმე, რომელიც ბრალდებამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ აღძრა, "ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს":

"ბრალდების მხარეს არ ჰყავს არცერთი მოწმე, მეტიც, მტკიცებულებები, რომლებზეც არის საუბარი, 19 ტომიდან, 15 ტომი არის გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის მტკიცებულებები, დანარჩენი არის უბრალოდ ტრანზაქციები, რომლებიც უკავშირდება იმ ქონებებს, რომელთა დაკავშირებითაც რეალურად არის დავა. პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თუ მას რაიმე შეკითხვები გააჩნდა ამ ქონებებთან დაკავშირებით და მათ შორის, ბაჩიაშვილის მშობლების აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით ეს შეკითხვები დაესვა, მათ შორის, შორის, 2025 წლის მარტამდე ეს ხალხი თბილისში იმყოფებოდა და ამის შემდეგაც ჰქონდა პროკურატურას შესაძლებლობა, რომ ეთხოვა მათი დისტანციური გამოკითხვა".

პროკურორის განცხადებით, ისინი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წითელი ცირკულარით ძებნის საკითხსაც დააყენებენ:

"ბუნებრივია, ყველა სამართლებრივ პროცედურას მივმართავთ, უბრალოდ ამ პროცედურებს თავისი სპეციფიკა გააჩნია და შესაბამისად, ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ეს პროცედურა სხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართვას მოიაზრებს".

დავით ჯანდიერის თქმით, მართალია სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა დააყენოს გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ინტერპოლით ძებნის გამოცხადების საკითხი, თუმცა, მისი თქმით, ინტერპოლის კონსტიტუცია კრძალავს პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას, შესაბამისად, ეს წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისათვის, რომ პირის ჩასმა არ მოხდეს წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ან თუკი ასეთი რამ მოხდა, განხორციელდეს მისი ამორიცხვა:

"ჩვენ გადავდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც იქნება საჭირო მათი ინტერესების სამართლებრივი დაცვისთვის", - თქვა დავით ჯანდიერმა.

30 სექტემბერს გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, შოთა ქარუმიძეს. მას გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავებოდა.

გიორგი ბაჩიაშვილი უკვე მსჯავრდადებული იყო ე.წ. კრიპტოვალუტების საქმეზე. 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა.

თავის საბოლოო სიტყვაში გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ ადგილი აქვს შურისძიებას:

"ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.

ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.

მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს“, - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 ნოემბერს, 12 საათზე გაიმართება.