2024 წელს „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა" 100 მლნ-ზე მეტი იზარალეს

ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის" მიკროფონები

გასულ წელს პროსახელისუფლებო არხებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა" ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი იზარალეს. ამით წლების განმავლობაში მათ მიერ დაგროვილი ზარალი ნახევარ მილიარდს აჭარბებს.

ტელეკომპანიების ზარალის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზე, reportal.ge-ზე.

  • „იმედმა“ 2024 წელს 39 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან თითქმის 38,9 მლნ რეკლამიდან მიღებული თანხაა. გასულ წელს არხზე 880 თანამშრომელი მუშაობდა, მათი ხელფასი 33,6 მლნ ლარამდე იყო;
  • გასულ წელს „რუსთავი 2-ის" შემოსავალი 14,1 მლნ ლარი იყო, თუმცა თითქმის ორჯერ მეტი (27 მლნ) თანხა დახარჯა 670 თანამშრომლის „სახელფასო ანაზღაურებაში“, რომელიც მოიცავს ხელფასსა და ბონუსს, ყველაზე ნაკლები წილით კი დაზღვევას. ჯამში „რუსთავი 2-ის" ხარჯი 55 923 203 ლარი იყო.

​2024 წელს მიღებული ზარალი:

  • „იმედის“ ზარალი 67 804 296 ლარი იყო;
  • „რუსთავი 2-ის" (სს მედია ჰოლდინგი) - 41 822 825 ლარი.

ფრაგმენტი „იმედის“ ფინანსური ანგარიშიდან

ფრაგმენტი „რუსთავი 2-ის" ანგარიშიდან

გასულ წელს არსებული დანაკლისი დაემატა უკვე არსებულ თანხას და ამით ზარალის მოცულობა გაიზარდა:

  • „იმედის“ შემთხვევაში - 454 108 745 ლარამდე;
  • „რუსთავი 2-ის" (სს მედია ჰოლდინგი) შემთხვევაში - 14 052 000 ლარი.

ამონარიდი „იმედის“ ფინანსური ანგარიშიდან

ამონარიდი „რუსთავი 2-ის“ ფინანსური ანგარიშიდან

ანგარიშგების პორტალი სახელმწიფოს მიერ შექმნილი პორტალია, რომელზეც ქვეყანაში არსებული კომპანიები საკუთარ ფინანსურ ანგარიშებს აქვეყნებენ - ამ გზით მოქალაქეებს უჩნდებათ წვდომა კომპანიების ფინანსურ ანგარიშებზე.