საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ბრესტის პროკურატურის გადაწყვეტილებით დააკავა ბენინის დროშით მცურავი ტანკერის, Boracay-ს ეკიპაჟის ორი წევრი.
მედიასაშუალებებით 1 ოქტომბერს გავრცელებული ეს ინფორმაცია დღეს, 2 ოქტომბერს ოფიციალურად დაადასტურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ.
თავად ტანკერი, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევს, ლა-მანშის სრუტეში დააკავეს. რუსეთი „ჩრდილოვან ფლოტს“ იყენებს სანქციებისთვის გვერდის ავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნავთობის გასაყიდად.
ტანკერი მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკიპაჟმა უარი თქვა გემის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენაზე და სენ-ნაზერის პორტში გადაიყვანეს.
1 ოქტომბერს სააგენტოები Reuters-ი და AFP ფრანგ პროკურორზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ეკიპაჟის ორმა დაკავებულმა წევრმა სამართალდამცავებს თავი წარუდგინეს კაპიტნად და მის უფროს თანაშემწედ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სერიოზული დარღვევების გამო.
მედიასაშუალებების ცნობით, ტანკერი Boracay 22-25 სექტემბერს იმყოფებოდა დანიის ნაპირებთან. ამ პერიოდში დანიის საჰაერი სივრცეში, სამხედრო ობიექტებისა და აეროპორტების რაიონებში უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს.
ასევე ნახეთ დრონებმა შეაფერხეს კოპენჰაგენის და ოსლოს აეროპორტების მუშაობა ასევე ნახეთ დრონების გამო დანიაში დროებით დახურეს ოლბორგის აეროპორტი28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი ტანკერებს იყენებს ევროპის ქვეყნების მიმართულებით დრონების გასაშვებად და სამართავად, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ბალტიის და სხვა ზღვები დაიხუროს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებისთვის.
გამოცემა The Insider-ის ინფორმაციით, ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი Boracay 20 სექტემბერს გავიდა რუსეთის ლეინინგრადის ოლქში მდებარე პრიმორსკის პორტიდან, ბალტიის ზღვის გავლით ჩრდილოეთის ზღვაში შევიდა და შემდეგ გეზი დასავლეთისკენ აიღო. გამოცემის მიერ შესწავლილი მონაცემებით, ტანკერი ინდოეთში უნდა ჩასულიყო.