„საინტერესო ვიზიტია, აქ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები: ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან. ასევე, მქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფარგლებში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მქონდა 20-ზე მეტ, ალბათ 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა.
ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდი ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და ვსაუბრობდით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე და პერსპექტივებზე. საინტერესო ის არის, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, რაც კარგი იმპულსების მომცემია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის გაზაფხულიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „აგენტების კანონი“ და სხვა არაერთი ისეთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაართულა საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ევროკავშირის ქვეყნებიდან მუდმივად საუბრობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველო დაშორდა ევროკავშირს.
ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, ხალხმრავალი პროტესტის მიზეზი გახდა - გასული წლის 28 ნოემბერს მან თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნისთვის ევროკავშირის გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.