პარტიები, დამკვირვებლები, მედია - არჩევნები 2025 რიცხვებში

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს იმართება.

მოკლედ

  • არჩევნები ტარდება - 64 მუნიციპალიტეტში;
  • მერს ირჩევენ - 64 მუნიციპალიტეტში;
  • აირჩევა საკრებულოს 2058 დეპუტატი;
  • საზღვარგარეთ უბნები - არ იხსნება;
  • ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 513 818;
  • ელექტრონულად ხმას აძლევს - 3 130 348;
  • პირველად ხმის მიცემის უფლება აქვს - 47 000-მდე ადამიანს;
  • გადასატანი ყუთი მოითხოვა - 60 754-მა.
ხვალ, 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს, ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც კანდიდატები დააყენა, ქალაქების „გამოგლეჯის“ იმედი აქვს.

დამკვირვებლები

  • 28 საერთაშორისო დამკვირვებელია - მათ შორის ყველაზე მეტი (20 ადამიანი) სერბეთში რეგისტრირებულმა Association „ALTERFACT“ დაარეგისტრირა;
  • 27 ადგილობრივი ორგანიზაცია - მათ შორის ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2973) და „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერს“ (2902).
  • არჩევნებს პირველად არ აკვირდებიან მრავალწლიანი სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სხვები.
  • მისიას არ აგზავნის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მიწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.


მონაწილეები

არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია:

  • #1 - „მამული, ენა, სარწმუნოება“;
  • #3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
  • #5 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
  • #7 - „თავისუფალი საქართველო“;
  • #8 - „პატრიოტთა ალიანსი“;
  • #9 - „ძლიერი საქართველო-ლელო“;
  • #11 - „საქართველო“;
  • #12 - „მწვანეთა პარტია“;
  • #14 - „სახალხო ხელისუფლება“;
  • #25 - „გახარია საქართველოსთვის“;
  • #36 - „გირჩი“;
  • #41 - „ქართული ოცნება“.

მუნიციპალიტეტების ერთ ნაწილში მერობის ერთადერთი კანდიდატი იქნება:

  • ჯამში 64 მუნიციპალიტეტიდან 26-ში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტები არ ჰყავთ;
  • „ლელო - ძლიერ საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ 29 მუნიციპალიტეტში არ ეყოლება მერობის კანდიდატი.

არჩევნებში არ მონაწილეობენ:

თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობენ გასულ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედედეგის მქონე ორი პოლიტიკური გაერთიანება:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, დროა;
  • „ნაციონალური მოძრაობა“.
  • გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „ფედერალისტები“ და ა.შ.

პატიმრები

არჩევნების დღეს პატიმრობაში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, დემონსტრანტები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელი და დირექტორი.

პატიმარი პოლიტიკოსები:

  • ნიკა მელია;
  • ნიკა გვარამია;
  • ელენე ხოშტარია;
  • ზურა ჯაფარიძე;
  • ირაკლი ოქრუაშვილი;
  • გივი თარგამაძე;
  • ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არჩევნებში მონაწილეობის გამო მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

მედია

  • არჩევნებს აშუქებს - 73 მედიაორგანიზაცია. მათ შორის მათი ნაწილი ქართული ეროვნული და რეგიონული მედიაორგანიზაციები და ონლაინმედია. ასევე, რამდენიმე უცხოენოვანი მედიაორგანიაციები: გერმანიის ტელევიზია „ARD“ მოსკოვის ბიურო (6), ბელარუსის ტელევიზიისა და რადიოს (Belteleradiocompany) „პირველი საინფორმაციო არხი“ (2) „ასოშეიტედ პრესს“ (4), რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS (2).
  • ქართული მედიასაშუალებებიდან ყველაზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს (127), „რუსთავი 2“-ს (115), „იმედს“ (110), POS TV (74), „TV პირველი“ (65).