მურთაზ ზოდელავა: დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას, ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი

მურთაზ ზოდელავა დემონსტრაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდა და დემონსტრანტები მსვლელობით წავიდნენ ათონელის სასახლისკენ.

„დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგვხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: „ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ? სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, რომელიც სწორ პასუხს გაგვცემს, რომ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო, დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, - განაცხადა ზოდელავამ სცენიდან, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით წავიდა.

დემონსტრანტების ნაწილი ათონელის სასახლის ეზოში შეიჭრა, მათ რკინის მესრის ნაწილი მოშალეს - სასახლეში მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

თბილისში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად შეკრებილი მოქალაქეები ამ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ, მასში არ მონაწილეობენ და კვლავ ითხოვენ პოლიტპატიმრად მიჩნეული 60-მდე ადამიანის გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.