იქნება მკაცრი ზომები დღეს და მომდევნო დღეებში - კობახიძე

ირაკლი კობახიძე თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრის მცდელობას.

„მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21:00 საათისთვის.

„ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს“, - განაცხადა მან.

„ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ათონელის ქუჩაზე მომხდარი არის „სისხლის სამართლის დანაშაული“: „თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“, - თქვა მან.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს - სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზი გამოიყენა.

დაპირისპირება გრძელდება.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას, - რომლის ინიციატორებიც იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა და „საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, - გაემიჯნნენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“, "ფედერალისტები".

ასევე ნახეთ მურთაზ ზოდელავამ დემონსტრანტებს „ოცნების“ ოფისთან წასვლისკენ მოუწოდა, მაგრამ მალევე შეცვალა გეგმა