„მათ სხვადასხვა სახით ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა დაზიანება მიიღო მძიმედ დაშავებულმა. მისი თქმით, დაშავებულ პოლიციელებზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას.
ალექსანდრე დარახველიძის თქმითვე, პოლიციელები დაშავდნენ „საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად“.
მან ასევე განაცხადა, რომ დღეს საღამოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის ეს მუხლებია:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ჩატარდება საჭირო საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა“.
მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც“.
ასევე ნახეთ იქნება მკაცრი ზომები დღეს და მომდევნო დღეებში - კობახიძეაქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს - სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზი გამოიყენა.
დაპირისპირება გრძელდება.
პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ინიციატორები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა და „საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე.
ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.