„დაიწყო რევოლუცია, შეიძლება ეს იყოს რამდენიმედღიანი“ - ზოდელავა

4 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ორგანიზატორების მოწოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ სპცეციალური საშუალებები გამოიყენა;

მურთაზ ზოდელავა, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, აცხადებს, რომ „რევოლუცია დაიწყო“.

ეს განცხადება მან პრეზიდენტის რეზიდენციაში მოქალაქეების შეჭრის მცდელობის შემდეგ გააკეთა.

„დაიწყო რევოლუცია, დაიწყო მშვიდობიანი რევოლუცია. დაიწყო სახალხო რევოლუცია, ამიტომ კი არ დაკომპლექსდეს ვინმე, რომ, უი, ოთხშივე, ორ საათშივე... ეგრე არ ხდება, ჩემო მეგობრებო, ორ საათში არ ხდება. დაიწყო რევოლუცია და ეს რევოლუცია თავის შედეგს დადებს აუცილებლად. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, მაგრამ მე ჩემი სხეულით შევერკინე მათ, არ გამოვა არაფერი პირადი მაგალითის მიცემის გარეშე, დაიწყო რევოლუცია... ასიათასობით ადამიანმა გამოუცხადა ივანიშვილს უარი. ამიტომ საჭიროა ახლა დავირაზმოთ, გავამხნეოთ ერთმანეთი, შეიძლება ეს იყოს რამდენიმედღიანი, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება, უბრალოდ ორსაათიანი და სამსაათიანი პროცესი კი არ არის. დაიწყო ის მნიშვნელოვანი ფაზა, როდესაც ხალხი აუმხედრდა ივანიშვილს. ხალხი ამბოხდა. ნიჰილიზმს ნუ ეძებთ, დაიწყო სახალხო რევოლუცია“, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.

აქციის ორგანიზატორთა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი წინა დღეებში იყო: „ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ“.

რუსთაველის გამზირსა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორბელიანზე სპეცრაზმია მობილიზებული. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი.

4 ოქტომბერს, საღამოს შვიდი საათისთვის, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს, კონკრეტულად კი „მამაკაცურ ძალას“ მოუწოდა, რომ ათონელზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ წასულიყვნენ.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს ღობე მოარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ და შენობის დაკავება სცადეს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრის მცდელობას.

„მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21:00 საათისთვის.

„ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს“, - თქვა მან.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას, - რომლის ინიციატორებიც იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა და „საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, - გაემიჯნნენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“, "ფედერალისტები".

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება.

ასევე ნახეთ დაშავდა 14 პოლიციელი, ერთი მძიმედ, გამოძიება 4 მუხლით დაიწყო - მინისტრის მოადგილე