აფეთქებები იყო ანექსირებული ყირიმის რამდენიმე რაიონში

სევასტოპოლის რაიონის დაბა კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, დრონებით შეტევა იყო 2025 წლის მაისშიც

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა რაიონში აფეთქებები იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გასული ღამის განმავლობაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სიმფეროპოლის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ევპატორიის რაიონებზე.

ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ხელმომწერებისგან მიღებულ ცნობებზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.

ამავე წყაროს თანახმად, დრონებით შეტევა იყო ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ერთ-ერთი რადარი დაზიანდა და სევასტოპოლის რაიონის დაბა კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.

ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ პირველად დაარტყეს რუსულ ამფიბიებს ბე-12

განახლება: 6 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაშია ჩართული. გენშტაბის ცნობით, ტერმინალის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

გენერალური შტაბის თანახმად, დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის მე-18 არმიის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის საბრძოლო მასალების საწყობსაც და შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი ადასტურებს რუსეთის სამხედრო ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დარტყმას