„ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩვენს ელჩზე თავდასხმებს ეხება, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - თქვა ანიტა ჰიპერმა.
ევროკომისიის პრესსპიკერმა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ილაპარაკა და თქვა, რომ კენჭისყრა “მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებით აღინიშნებოდა”. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოდან და ოდირიდან საერთაშორისო დამკვირვებლები დროულად არ მიიწვია, “რამაც მთელი პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას ძირი გამოუთხარა”.
ანიტა ჰიპერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და მშვიდობიან დემონსტრაციებს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს, თუმცა “მკაცრად გმობს ძალადობის ნებისმიერ ფორმას”.
მანამდე, 5 ოქტომბრის საღამოს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გაავრცელა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ მარტა კოსის განცხადება, 4 ოქტომბრის არჩევნებისა და იმავე დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ლიდერები: შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგანგანცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა პოლიტიკური აქტორი და სამოქალაქო საზოგადოება და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან“.
„დაბოლოს, ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას ევროკავშირის როლთან დაკავშირებით საქართველოში და გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“, - აცხადებენ კაია კალასი და მარტა კოსი.
თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ამ განცხადების კომენტირება სთხოვა, ასე უპასუხა: “ვერც კალასი და ვერც კოსი ვერ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს”.
“ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან რიგითი მოქალაქეები, ვისაც აქ ხედავთ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან”, - თქვა კალაძემ.