4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ დემონსტრანტ ფიცხელაურს დაზიანებები აქვს პოლიციის ძალადობის გამო - ადვოკატი

ვახო ფიცხელაური ერთ-ერთია 13 დაკავებულ ადამიანს შორის.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი, ვახო ფიცხელაური, პოლიციამ ძალადობის გამოყენებით დააკავა და სხეულზე დაზიანებები, კერძოდ კი, სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები აღენიშნება, - აცხადებენ ადვოკატი გიორგი ჩხეიძე და ფიცხელაურის ოჯახის წევრები.

ადვოკატმა ვახო ფიცხელაური წუხელ, გვიან ღამით მოინახულა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

„როგორც თავად ვახო აცხადებს, დააკავეს გორში, როდესაც მიდიოდა ბაღში ბავშვის გამოსაყვანად. დაკავებისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას“, - წერს ადვოკატი.

მისივე ცნობით, ვახო ფიცხელაურს აღენიშნება დაზიანებები, ჩალურჯებების და სისხლნაჟღენთების სახით, მკლავებზე, ზურგსა და იდაყვებზე.

ადვოკატის თანახმად, ფიცხელაური გეგმავს, დაკავების დეტალებზე თავად ისაუბროს სასამართლო პროცესზე.

„მიუხედავად ამისა იგი თავს მხნედ გრძნობს. ბოლოს კი ამ სიტყვებით დამემშვიდობა - „ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ!“ - წერს ადვოკატი.

ფიცხელაურის ცოლი თეონა ბზიშვილი მედიასთან ამბობს, რომ მისი მეუღლისადმი ძალადობას ადასტურებს შსს-ის გავრცელებული კადრებიც, რომლებშიც ჩანს, როგორ შეჰყავთ ის დახეული შარვლით პოლიციაში.

„ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი ორი თვალით შეუძლია ნახოს, როგორი ძალადობის მსხვერპლი არის ვახო. უკანა კადრში ყველა დავინახავთ, რომ შეჰყავთ დაგლეჯილი შარვლით“, - ამბობს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის აქციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობის მონაწილე 13 ადამიანი დააკავა.

მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი:

  1. ალექსანდრე ხაბეიშვილი,
  2. სერგო (სერგი) მეგრელიშვილი,
  3. აბო ნავერიანი,
  4. კახა მჟავანაძე.

მათ გარდა, დაკავებული არიან:

  1. თორნიკე მჭედლიშვილი,
  2. დავით ჟღენტი,
  3. ბექა მაჭავარიანი,
  4. ალექსანდრე გოგოლაძე,
  5. ევა შაშვიაშვილი,
  6. გიორგი რურუა,
  7. დავით სტურუა,
  8. მანუჩარ მიქელაძე.
ასევე ნახეთ პოლიციამ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე 13 პირი დააკავა

როგორც 6 ოქტომბერს თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც „მიმალვაში არიან“.

ორი დღის წინ, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა.

მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს.

რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე.

მათ დღეს, 7 ოქტომბერს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აღძრა:

  • 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
  • 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდება დასაჭერი“.