სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ოთხ მონაწილეს

საილუსტრაციო ფოტო: 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეები თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ გამართული აქციის ფარგლებში დაკავებულებს - დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას.

ოთხივე მათგანს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფურად.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის შეკითხვაზე, ხომ არ აქვთ საჩივარი დაკავების დროს უფლებების დარღვევაზე, დავით ჟღენტმა უპასუხა: "დაკავების დროს და მერეც მცემა გდდ-ს თანამშრომელმა და „მე მგონი, ადმინისტრაციის დაცვამ", ეს ინფორმაცია მან სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც შეატყობინა.

პროკურორის განცხადებით, რეაგირებას მოახდენენ, მოსამართლემ გამოძიების დაწყება დაავალა.

სხვა ბრალდებულებს უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ,

ალექსანდრე გოგოლაძის თქმით, დაკავების ოქმი გადაეცა, მაგრამ „ვერ წაიკითხა, რადგან სათვალე არ ჰქონდა, მთლიანობაში „აზრზეა, რაც ხდება“.

შემდეგ პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დასაბუთება დაიწყო, მისი თქმით, პატიმრობის საფუძველია, მათ შორის:

„ბრალდებულებიდან მომდინარე მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, ისინი შეეცადნენ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას, მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ დანაშაულში და შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს“.

პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის თქმით, სახეზეა: მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების რისკები, რის გამოც პატიმრობა უნდა იყოს შეფარდებული, როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა არ დაეთანხმა პროკურორს და განაცხადა, რომ პატიმრობის გამოყენება არ შეესაბამება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას. ადვოკატის განცხადებით, გასათვალისწინებელია ბრალდებულის წარსული, ასაკი, და ნასამართლობა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო აქციაზე, მაგრამ ნამდვილად არ შეჭრილა არც ერთ სტრატეგიულ ობიექტზე. ჩანაწერში, რომელსაც გავეცანით ჩანს, რომ ნამდვილად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე... მაგრამ ხალხის მასა არის დიდი... ის, რომ პაატა ბურჭულაძემ დააორგანიზა და ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეასრულა მურთაზ ზოდელავას დავალებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ის აპოლიტიკური ადამიანია, არ იცნობს ბურჭულაძეს და ზოდელავას.. არ აქვს არავისთან კავშირი და პოლიტიკური ინტერესი, მას არანაირი სიმპათია და აინტიპათია არ გააჩნია არანაირი პარტიის მიმართ

მისი იქ ყოფნა გამოიწვია იმან, რომ, როგორც გულანთებულმა ქართველმა, ჩათვალა, თუნდაც ერთი დღე აქციაზე უნდა ყოფილიყო.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, ყოველდღიურად მძიმე მედიკამენტებს იღებს... მას რამდენიმე ხნის წინ გადატანილი აქვს გულის ინფარქტი და მისი პატიმრობაში ყოფნა ვერ ვხვდები, რა საჭიროებას წარმოადგენს".

ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ვინაიდან პატიმრობის პერიოდში ვერ მიიღებს ჯეროვან მკურნალობას და პატიმრობის შეფარდების ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოს ან სხვა ალტერნატივების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ალექსანდრე გოგოლაძემაც:

„ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი დანაშაულია, მეორე და ყველაზე მთავარი, ყველაფერი ადამიანებს შორის კეთდება იმიტომ, რომ სიკეთე იყოს და არა ბოროტება, მათ შორის, სამართლის აღსრულება. მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დიდ უხერხულობას მანიჭებს, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდეს იქ, სადაც უნდა ვიყო, კამერაში. დამატებითი კარის გაღება და რამე, პლუს ამას წამლები და იმ კამერაში ხალხის უხერხული მდგომარეობა ჩემს გამო, მე საათ-ნახევარში ერთხელ მაინც უნდა ავდგე გავიარო, რაღაც ვარჯიში გავაკეთო, რომ უკეთ ვიგრძნო თავი....

რაც შეეხება გაქცევას, 6-ში საღამოთი მოვიდნენ ჩემთან, მოსულ ხალხს ვუთხარი, დაგერეკათ, დალოცვილებო, რატომ ამდენი ხალხი, თვითონ მოვიდოდი... იქ რომ ვიყავი და რასაც შევხედე, უხერხულობა იყო ჩემთვის და ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი, თუ გაითვალისწინებთ ყოველივე ამას კარგი იქნება, ვერსად ვერ გავიქცევი, 63 წელი ვიცხოვრე აქ, ამ ქვეყნის შვილი ვარ", - თქვა ალექსანდრე გოგოლაძემ და განაგრძო:

„იქნებ ფაქტი იყოს და რაღაც მართლა დავაშავე, თუ გაქვთ ეს მხედველობაში მისი ანაზღაურება და რამე, ზუსტად ვიცი, ერთმნიშვნელოვნად, რომ არაფერზე ხელი არ მომიკიდია, არაფერზე".

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, დავით ჟღენტს, მისი ადვოკატის ომარ ფურცელაძის თქმით, ბრალდებული ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შემდეგ კი ბრალი სისხლის სამართლის კანონით წაუყენეს. ადვოკატის დაასახელა დამკავებლების ვინაობაც: გიორგი სამხარაძე და ბესიკ ხვედელიძე, რომლებიც უკვე გამოჰკითხეს.

ომარ ფურცელაძემ დავით ჟღენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ან გირაოს და სხვა ალტერნატიულ ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის თქმით, ის რაც ჩაიდინა ბრალდებულმა უკვე შეფასდა როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მეორედ შეაფასეს უკვე სისხლის სამართლით:

“პირდაპირ არის გადმოტანილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები. პირი დაკავებულია 4 ოქტომბერს, 20:40 საათზე. ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ. სისხლის სამართლის წესით, ბრალის წარდგენილია 7 ოქტომბერს, ფაქტობრივად სამი დღის შემდეგ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად დარღვეულია, რაც პირის უპირობო გათავისუფლების საფუძველია. რელევანტური აღარ უნდა იყოს პირისთვის პატიმრობის შეფარდება-არშეფარდების საკითხი". - თქვა ომარ ფურცელაძემ.

მან დავით ჟღენტის ფიზიკური დაზიანებების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.

"სასამართლო მინდა, რომ გაეცნოს ორივე, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დაკავების ოქმებს. მისი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს ჰქონდათ. თვალბუდისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო დაკავებისას. ეს ინფორმაცია არის ოქმში. სისხლის სამართლებრივად დაკავების ოქმში მითითებულია, რომ თავის, ყელის, ხელების, ზურგის. მკერდის არეში არის დაზიანებები. გამომძიებელმა გიორგი მაჭარაშვილმა თვითონვე მიუთითა დაზიანებების არსებობის შესახებ. ოქმში მითითებულია, რომ დაზიანებები მიღებულია ადმინისტრაციული დაკავებისას და მის შემდგომ“, - განაცხადა ადვოკატმა.

თავად დავით ჟღენტის თქმით 4 ოქტომბრის აქციაზე: „კეთილი სურვილით" მივიდა, "ბუშტებით. თავად მცემეს და აქეთ მიჭერენ 6 წლით. არ ვიცი, რა...“

სასამართლოს გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა კიდევ ერთი დაკავებულის კახაბერ მჟავანაძის ადვოკატმა ზურაბ გულიაშვილმა.

ბრალდებულმა კახაბერ მჟავანაძემ მოჰყვა, რას შეესწრო 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან:

„როცა მივედი [პრეზიდენტის] სასახლესთან, უკვე მომხდარი იყო ჩოჩქოლი, ღობე წაქცეული იყო, ზოგი გარბოდა. ჩემი პროტესტის გამოხატვის მიზნით მივედი და დავეჯაჯგურე. ღობე უკვე წაქცეული იყო და თუ ვინმეს შესვლა უნდოდა, შევიდოდა. სულ რამდენიმე წუთი ვიყავი იქ, აქედან რაღაც დრო ღობეს ვეჯაჯგურებოდი. ამის გამო თუ 4 წელი უნდა მომისაჯოთ...“

კიდეც ერთი ბრალდებული გიორგი რურუა, იურისტია. მან სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ “ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არ არის შესწავლილი, ყოველგვარი გამოძიების გარეშე პროკურატურის მთავარი მიზანია, მოხდეს პატიმრობის შეფარდება... პატიმრობას იმ შემთხვევაში იყენებ [ხოლმე], როდესაც პირს ჩადენილი აქვს რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. [რომ ამბობენ, რომ ქვის სროლას ჰქონდა ადგილი, ძალადობას და ა.შ.] მსგავსი არცერთი ქმედება არ მომხდარა ჩემი მხრიდან. არც მიმალვას ვაპირებ, არ დამალვას ვაპირებ. დამატებით შემზღუდავ მექანიზმებსაც ვეთანხმებით", - თქვა მან.

გიორგი რურუას სიტყვებით, მას ნევრალგია აქვს: “ახლა ისევ გამიახლდა და ისევ მჭირდება მკურნალობა”.

საბოლოოდ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე, დღეს 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ გამართული აქციის ფარგლებში დაკავებულებს თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას.

ასევე ნახეთ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის აქციის ოთხ მონაწილეს

მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ჯგუფურად მცდელობას ედავებიან.

ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 23 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, 18 აქტივისტი, ხუთს აქციის ორგანიზატორობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, კიდევ სამი ადამიანი მიმალვაში იმყოფება.