კომუნიკაციების კომისია (ComCom) პრესრელიზში მხოლოდ „ფორმულასთან“ დაკავშირებულ თანხას წერს. „მარნეული“ და „ნორი“, ქართულთან ერთად, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მაუწყებლობენ - ისინი რეგიონული მედიებია.
უწყების ცნობით, საუბარია 2025 წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიის“ მიერ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან 1,336,675 ლარის მიღებაზე.
ამავე პერიოდში კი „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიისგან“ 463 000 ლარი აქვს მიღებული - სესხის სახით.
ComCom-ი წერს, რომ მაუწყებლებს ეს დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება.
„ამავე კანონის დარღვევისთვის, კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“, - წერს კომისია.
2025 წლის 1 აპრილიდან მაუწყებლებს „უცხოური ძალებისგან“ დაფინანსების მიღება აეკრძალათ.
გამონაკლისია კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება - ეს ყველაფერი არ იკრძალება.
ეს ნორმა მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე. ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
ამავე კანონით, აკრძალულია „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების თუ ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება და თანადაფინანსებაც.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე განთავსებულმა მონაცემებმა, - რაც თავდაპირველად გააშუქა „მედიის განვითარების ფონდის“ პლატფორმა „მედიამეტრმა“ გამოავლინა:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მას შემდეგაც აფინანსებს პრორუსულ ტელეკომპანია „ობიექტივზე“ გადაცემა „ჩინურ პანორამას“, რაც ახალმა კანონმდებლობამ მაუწყებლებს აუკრძალა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება.
ასევე ნახეთ „ობიექტივს“ ჩინეთის საელჩო მას შემდეგაც აფინანსებს, რაც მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ დაფინანსება აეკრძალათ - „მედიამეტრი"