12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლის/გასვლის მართვის ახალი ციფრული სისტემა (EES) ამოქმედდება. შესვლა/გასვლის სისტემის (EES) მიზანი ევროკავშირის სრული საზღვრის კონტროლის ეფექტურობის ამაღლებაა.
EES-ის საფუძველზე გაუქმდება პასპორტებზე შტამპის ხელით დასმის პრაქტიკა, სისტემა უნდა ამოქმედდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტებში, პორტებსა და სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.
სისტემა ციფრულ ფორმატში აღნუსხავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობისას შესვლა/გასვლას, საპასპორტო მონაცემებს, თითის ანაბეჭდებსა და სახის გამოსახულებას.
პორტებს, აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებს მოეთხოვათ, დაემონტაჟებინათ შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ადამიანების იმიგრაციული და სავიზო ვადების სტატუსის შემოწმებაც - დარღვეული ხომ არ აქვს ვიზიტორს უვიზოდ ყოფნის ვადები.
„ჩვენ გვეცოდინება, ვინ როდის და სად შედის ევროკავშირში, ეს ჩვენი საზღვრების მართვისთვის ახალი ციფრული საფუძველია“, - განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში მაგნუს ბრუნერმა.
სისტემის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, იმ საფუძვლით, რომ კომპიუტერული სისტემა მზად არ იყო დატვირთვასთან გასამკლავებლად და შეფერხებებს გამოიწვევდა.
ევროკავშირის ქვეყნებმა სისტემის ეტაპობრივად დანერგვა გადაწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულყოფილად 2026 წლის 10 აპრილიდან ამოქმედდება.
ახალი წესით, სასაზღვრო შემოწმება არ შეეხება მას, ვისაც ევროკავშირში ბინადრობის უფლება ან გრძელვადიანი ვიზა აქვს.
თავდაპირველად ქვეყნები ციფრული შემოწმების სისტემას გარკვეულ სასაზღვრო პუნქტებში დანერგავენ.
ასევე ნახეთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამარტივდება, მოსახლეობა შეიძლება 3 წლით დაინდონ - ევროკავშირი მალე უვიზოს გაუქმების ახალ წესებს მიიღებსმაგალითად, ნიდერლანდი პორტებიდან დაიწყებს, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სისტემა 3 ნოემბრიდან ამოქმედდება.
გერმანიაში ბიომეტრიული მონაცემების შემოწმება კვირას დიუსელდორფის აეროპორტიდან დაიწყება, ეტაპობრივად კი ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიც დაემატება.
შესვლა/გასვლის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას ევროპარლამენტმა 572 ხმით 8 ივლისს დაუჭირა მხარი. 18 ივლისს კი ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი კანონი.
ასევე ნახეთ რა უნდა იცოდეთ ევროპაში წასვლის წინ 2023 წლიდან (გადაიდო 2025 წლამდე) - სისტემა ETIAS-ი