შსს-ში იბარებენ აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა

ნადიმ ხმალაძე, რომელიც წარსულში უკრაინაში იბრძოდა, ამჟამად საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილე ნადიმ ხმალაძე იუწყება, რომ ხვალ, 11 ოქტომბერს შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„კრიმინალურ პოლიციაში დამიბარეს დაკითხვაზე ხვალისთვის“, - დაწერა მან ფეისბუკზე.

ხმალაძე, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

ხმალაძე მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც უკვე 46 ადამიანი დააკავეს. ბოლოს, - დღეს, 10 ოქტომბერს - დააკავეს ავთანდილ სურმანიძე, რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან პატიმრობა შეუფარდეს უკვე 31-ს - უკლებლივ ყველას, ვისი საქმეც განიხილეს.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.

სუს-მა 5 ოქტომბერს, - არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, განაცხადა, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები (დეტონატორით).

სუს-ის გამოძიების ვერსიით, ამ მასალის გამოყენებით 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.

სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ბ.ჭ.-მ აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, - თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი