"ხალხის თანადგომამ გამაძლებინა" - ია დარახველიძე თავისუფალია

ია დარახველიძე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ია დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა რუსთავის ქალთა ციხე - მას შემდეგ, რაც გადაიხადა 10 000-ლარიანი გირაო.

„მე გამაძლებინეს ჩემმა მეგობრებმა, გარეთ მყოფი ხალხის თანადგომამ, როცა მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ და ღელავდნენ. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტპატიმრებს ეს ამშვიდებთ, რომ ჩვენ მათი გულისთვის გარეთ ვდგავართ, მათთვის ვიბრძვით. ველოდებოდი, რომ დამაპატიმრებდნენ და დიდი ხნით წავიდოდი ციხეში, მაგრამ... ყველას დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - თქვა ია დარახველიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

გირაოს შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 11 ოქტომბერს, მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა და განაჩენიდან მალევე მოქალაქეებმა გირაოს თანხა ერთობლივად შეაგროვეს.

პროკურატურა იას 4 ოქტომბრის საქმეზე ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

მას მერე, რაც ია დარახველიძის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ სასამართლოში იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, პროკურატურამ ია დარახველიძესთან დაკავშირებით შუამდგომლობა შეცვალა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო.

ია დარახველიძის გარდა, ამავე საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან საპატიმრო გირაოთი გამოუშვეს 72 წლის ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი. დანარჩენი დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ სამს პატიმრობა, ერთს - გირაო: დასრულდა 4 ოქტომბრის საქმის კიდევ ერთი სასამართლო სხდომა