გაჩხრიკეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლები

ფოტოკოლაჟი. მარცხნიდან: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. ბრიფინგი ამ თემაზე მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გამართა.

მისი თქმით, „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“. დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა რვა ადამიანის საცხოვრებელ და კუთვნილ ბინებსა და სახლებში, ჯამში 22 მისამართზე. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა „სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე“.

„ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, - თქვა გენერალურმა პროკურორმა.

მან განცხადების წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. არ უთქვამს, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული და ითხოვენ თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დასაკავებლად სასამართლოს განჩინებას. დღევანდელ ბრიფინგზე არ გაუვრცელებიათ არც ჩხრეკის კადრები. ასევე უცნობია, ჩხრეკა უკვე არსებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი საქმეა აღძრული.

ასევე ნახეთ „დანარჩენი შიდა სამზარეულოა“ - რა არ თქვა კობახიძემ ლილუაშვილთან კონფლიქტზე

ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.

ასევე ნახეთ დარწმუნებული ვარ, ესაა ჩემი რწმენა, არ იქნება - კობახიძე ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებაზე დასმულ შეკითხვაზე
ასევე ნახეთ სუსმა დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც