დაკავებულ ლევან მარგიანს სასამართლომ ექვსდღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლევან მარგიანი შსს-ს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაკავებულ მხატვარს, ლევან მარგიანს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს თანამშრომლებმა ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან მარგიანს, სხვა დაკავებულების მსგავსად, 18 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დღეს დაკავებულ გიორგი ყიასაშვილსაც - ეს გადაწყვეტილებაც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ წინ გამოაცხადა. მასაც 18 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

როგორც შსს-მ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს სულ 14 ადამიანი დააკავეს. 13-ის მიმართ კი საქმის წარმოება დაიწყო.

დღესვე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი თორნიკე თხილავა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

შსს აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანები მსგავს ქმედებას გაიმეორებენ, მომდევნო ჯერზე სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან.„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:

მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;

თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.

ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.

„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.

დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.

ასევე ნახეთ გამკაცრებული კანონით აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო
ასევე ნახეთ შსს: 14 პირი დავაკავეთ, 13-ის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო