პრეზიდენტმა ტრამპმა 21 ოქტომბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სურს უსარგებლო შეხვედრის გამართვა და დროის ფუჭად დაკარგვა და გადაწყვეტილებას მომდევნო ორ დღეში აცნობებენ.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა, ტრამპმა გამოაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში დაგეგმილია მისი და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში.
21 ოქტომბერს არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა, AFP-მა, CNN-მა, CBS News-მა და NBC News-მა თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უახლოეს ხანში ტრამპი პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს და სამიტისთვის მზადება შეჩერებულია.
21 ოქტომბერს, ღამით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმაც“ დაწერა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ შეკითხვაზე მიღებული პასუხით, უახლოეს ხანში დაგეგმილი არ არის არც პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის და არც სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 16 ოქტომბერს ტრამპი აცხადებდა, რომ სამიტის მოსამზადებლად მომავალ კვირაში(20-26 ოქტომბერი) შედგებოდა მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, მათ შორის რუბიოს მონაწილეობით.
ასევე ნახეთ CNN: რუბიოს და ლავროვის შეხვედრა გადაიდო19 ოქტომბერს გამოცემა The Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთს დონბასი დაუთმოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს უარყო. 19 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან.
ასევე ნახეთ აი, რატომაა პუტინისთვის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის დონბასისააგენტო Reuters-ის სამი წყაროს, მათ შორის ორი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. რუსეთი ისევ მოითხოვს უკრაინის მიერ დონბასის სრულად დათმობას და არაფერს ამბობს ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვის შესაძლებლობაზე.
განახლება: რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა არ დაადასტურა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალური დოკუმენტები გაცვალეს.
დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის მზადება მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა კვლავ უარი თქვა პოზიციის შეცვლასა და უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებაზე.
21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არა „პრობლემის არსის მოგვარება“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „უკრაინის უზარმაზარი ნაწილი ნეონაცისტების ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩება“.
ასევე ნახეთ ევროპა და უკრაინა მუშაობენ ომის დასრულების 12-პუნქტიან წინადადებაზე - Bloomberg- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.