უკრაინა აპირებს რუსეთზე დარტყმების "გეოგრაფია გააფართოოს"

უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა აპირებს, რუსეთში გააფართოოს შორ მანძილზე მოქმედების იარაღით დარტყმის გეოგრაფია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მასთან, როგორც უმაღლეს მთავარსარდალთან არსებული შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოს(სტავკა) მორიგი სხდომის შემდეგ.

27 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ იარაღის მწარმოებლებიც და ყველა, ვინც ამ იარაღის გამოყენებაზეა პასუხისმგებელი.

ზელენსკის ინფორმაციით, გააანალიზეს შორ მანძილზე გარკვეულ პერიოდში განხორციელებული დარტყმების ეფექტიანობა და შედეგები.

ასევე ნახეთ „ფლამინგო“, „ნეპტუნი“ და სხვა. როგორ ქმნის უკრაინა თავის სარაკეტო ინდუსტრიას
ასევე ნახეთ „პრეზიდენტ ტრამპს არც "არა" უთქვამს და არც თანხმობა ტომაჰავკებზე“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სფერო ომის გამო უკვე იხდის საგრძნობ ფასს და კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, „განსაზღვრეს ამოცანები შორ მანძილზე დარტყმების გეოგრაფიის გაფართოებისთვის".

ასევე ნახეთ აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვაში ეხმარება, იუწყება FT

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.

მხოლოდ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს ლენინგრადის, სარატოვის და ვოლგოგრადის ოლქებში და ბაშკირეთის რესპუბლიკაში.

ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?

რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. მათზე დარტყმები განსაკუთრებით აქტიურდება ზამთრის მოახლოების წინ და ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმას უწოდებს ხოლმე პასუხს „კიევის რეჟიმის ტერაქტებზე". რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

ამასთან, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება დაიწყეს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, ანუ ომის იმ ეტაპზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ჯერ არ მოქმედებდნენ.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.