2025 წლის ორ ნოემბერს უკვე 6 ადამიანი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, მათ შორის არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია.
ისინი მეექვსე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეებიდან ერთი, დათო ჭელიძე 28 ოქტომბერს დააკავეს და ის იზოლატორში აგრძელებს შიმშილობს.
„მგონია, რომ შიმშილობის აქცია მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფორმით შეიძლება გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური", - ამბობს გედევან ფოფხაძე.
მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.
„მივმართეთ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას. ძალიან ბევრი ვიყავით სიაში და ამ სიიდან 10-15 ადამიანი დაკავებულია. ვფიქრობ, ახლა რუსთაველის გადაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც პროტესტის გაგრძელება. ვინმეს თუ სურვილი აქვს, რომ ეს პროტესტი უფრო გაფართოვდეს, მიიღოს მონაწილეობა. ეს პერმანენტული იქნება“, – თქვა დარეჯან ცხვიტარიამ.
მოშიმშილეები საქართველოს პარლამენტის წინ მოწყობილ კარვებში არიან.
მოშიმშილეების თქმით, რამდენიმე დღეა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მობილიზებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.