სალომე ზურაბიშვილი: არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი... მაქვს ერთადერთი ბერკეტი - სიტყვა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა ნაწილი, ლეგიტიმურობის საკითხზე „TV პირველისა“ და „ფორმულის“ ერთობლივ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მას მხოლოდ ერთი ბერკეტი აქვს დღეს დარჩენილი.

„თუ [საპარლამენტო არჩევნები] იყო გაყალბებული და ჩვენ ასე ვთვლით, ე.ი. პარლამენტი იყო არალეგიტიმური და მისი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ლეგიტიმური, მათ შორის პრეზიდენტის არჩევა. ჩემი ლეგიტიმურობა არის მხოლოდ ინსტიტუტის ლეგიტიმურობა, არა ჩემი პერსონალური. მე არ ვპოზიციონიერებ, არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი...

არ არის ორი უფლებამოსილი პირი, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაშია. მე არანაირი უფლება, ბერკეტი არ გამაჩნია არც დღეს, არც გუშინ არ მქონდა. მაქვს ერთადერთი ბერკეტი - სიტყვა. ეს არის მცდელობა, რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სივრცემ და გარეთ გავიტანო ის მოთხოვნა, რომ საქართველო არსბეობს და არ დავავიწყოთ ჩვენს პარტნიორებს იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებენ ჩვენი იზოლაციისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მისი ახლანდელი პოლიტიკური როლი დასრულდება სამართლიანად ჩატარებული ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ:

„ჩემი როლი მთავრდება, როცა [საპარლამენტო] არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და პარლამენტი აირჩევს, თუ არ შეიცვალა არჩევის ფორმა, ახალ პრეზიდენტს და მას სიამოვნებით და დიდი პატივისცემით გადავცემ როლს“.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ვარ პრეზიდენტი

მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

მან გაპრეზიდენტების მიერ სადავო პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების შემზღუდველ არაერთ კანონს მოაწერა ხელი.

ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილს ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ სანქციები დაუწესა.