ევროკომისია ემზადება წარსადგენად გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს ბლოკის და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების დაცვას უცხოეთის ჩარევისგან და პოლიტიკური მანიპულაციისგან.
"დემოკრატიის ფარი", როგორც გეგმას უწოდებენ, არის წინადადებათა კრებული, რომელიც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს. დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) გაეცნო, ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არის მთავარი პირდაპირი საფრთხე ევროკავშირისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ბლოკში გაწევრიანება სურთ.
ევროკომისია გეგმას 12 ნოემბერს წარადგენს.
"უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი აგრესიის ომის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციას, ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს გავლენის ომს. გამოყენებული ტაქტიკა ღრმად აღწევს ჩვენი საზოგადოებების ქსოვილში, პოტენციური გრძელვადიანი შედეგებით, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში და იქვე აღნიშნულია, - შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებით - რაც ზოგჯერ ისტორიული ფაქტებით მანიპულაციას და მათ გაყალბებას მოიცავს - ისინი ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ნდობას დემოკრატიული სისტემების მიმართ".
30 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტში სხვა სახელმწიფო ნახსენები არ არის, თუმცა ბლოკს მანამდე გამოთქმული აქვს შეშფოთება ჩინეთის მცდელობებზე, პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს კონტინენტის მასშტაბით.