გახარია დაუსწრებლად შეფარდებულ პატიმრობას ეხმიანება

გიორგი გახარია თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს საქმეები ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის ასრულებაა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია x-ზე ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნას.

მას დღეს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა 2019 წლის 20 ივნისისა და საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანას სიახლოვეს დადგმული საგუშაგოს საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში.

გიორგი გახარია თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს საქმეები ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარის ასრულებაა.

ის არ გამორიცხავს "დამატებითი ბრალდებების შეთითხნასაც" და ამბობს, რომ ჩანს ამის "აშკარა განზრახვა".

"ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის - და პირადად ჩემთვის, ემიგრაციიდან - ეს ნიშნავს ახალ ეტაპს საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც ახლა მოითხოვს ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას. ეს უკანასკნელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც ჩვენი გადაწყვეტილება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, პარლამენტში შესვლის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე, დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოში ევროპული იდეის შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლის წაგებას სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - წერს გახარია.

ის თვლის, რომ თავისუფლება და დემოკრატია ქართულ საზოგადოებაში, რეპრესიული გარემოს მიუხედავად, კვლავაც ძლიერად არის ფესვგადგმული, ევროპის იდეა კი დაცული.

"საქართველო მტკიცედ უნდა დარჩეს დასავლურ დღის წესრიგში. კავშირების გაწყვეტა ან ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ დააჩქარებს ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში გადასვლას", - თვლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრეს „გავრილოვის ღამისა“ და ჩორჩანის ეპიზოდზე - მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ყოფილ პრემიერს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

  • „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე - 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით - ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება;
  • ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე - 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.


წაყენებული ბრალით, მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • პროკურატურის განმარტებით, იძიებენ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“.
  • ასევე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედავებიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ „დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივის“ საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასვლას.


გახარიას მსგავსად, მისი თანაგუნდელებიც პერსონალურ შურისძიებად მიიჩნევენ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს.

ასევე ნახეთ პარტია "გახარია საქართველოსთვის" სადავო პარლამენტში შედის
ასევე ნახეთ გახარიას პარტია პარლამენტში: „ღალატი“ თუ ტაქტიკა?
ასევე ნახეთ გიორგი გახარია - „ოცნების“ გმირი და მოღალატე