ახლო მომავალში უკრაინა-რუსეთს შორის განახლდება ტყვეთა გაცვლაზე მოლაპარაკებები

რუსტემ უმეროვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის თანახმად, ზელენსკის მითითებით, ამ დღეებში თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის პარტნიორების შუამავლობით გამართა კონსულტაციები "გაცვლის პროცესისა და რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლების განახლებაზე".

კონსულტაციების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ „სტამბოლის შეთანხმებების“ გააქტიურებაზე. "ეს შეეხება 1200 უკრაინელის გათავისუფლებას", - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში:

"ტექნიკური კონსულტაციები ახლო მომავალში გაიმართება. მათზე უნდა დაზუსტდეს ყველა პროცედურული და საორგანიზაციო დეტალი.

ვმუშაობთ შეუსვენებლად, რომ უკრაინელები, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ტყვეობიდან, ახალ წელსა და საშობაო დღესასწაულებს სახლში შეხვდნენ - ოჯახურ სუფრასთან, ახლობლების გვერდით".

გამოცემა The Kyiv Independent-ის თანახმად, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე კიევმა რუსეთის ტყვეობიდან 5800-ზე მეტი ადამიანი დააბრუნა.

ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაცვლის გზით რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 5857 ადამიანი, გაცვლის მიღმა გზებით (დეტალები არ დაუზუსტებია) - კიდევ 555. "მნიშვნელოვანია გაცვლების გაგრძელება და თითოეულ სახელთან დაკავშირებით ვითარების დაზუსტება. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია", - განაცხადა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ზელენსკიმ, რომელიც "ყველა-ყველაზე" გაცვლის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამ წინადადებას რუსეთი უარყოფს.

ასევე ნახეთ ქარვაში გაჭედილი მწერები - ინტერვიუ ომის ყოფილ ტყვესთან, მაქსიმ ბუტკევიჩთან
ასევე ნახეთ "ბოროტი ექიმი", რომელმაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები აწამა მორდოვეთის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კოლონიაში (გამოძიება)
ასევე ნახეთ კუნძულ ზმეინის დამცველი რუსეთში ტყვეობაზე: "ვჭამდით თაგვებს, ტუალეტის ქაღალდს, ლოკოკინებს, ჭიებს...“
ასევე ნახეთ როგორ ხვდებიან უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩეჩნეთში