„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, არარეზიდენტ მოქალაქეებს ეკრძალებათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შეუძლიათ ხმა მისცენ საპარლამენტო არჩევნებში. ამისთვის უცხოეთში საარჩევნო უბნები იხსნება ხოლმე.
დაგეგმილი ცვლილებებით, რომლებიც „საარჩევნო კოდექსში“ შევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს.
„კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“, - განაცხადა სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან ბრიფინგის განმავლობაში ორჯერ გაიმეორა, რომ „არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“.
ანუ მისი ამ განმარტებით, თუ ემიგრანტი საქართველოში ჩამოვა, ის ხმას უპრობლემოდ მისცემს, თუმცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხმის მისაცემად ინფრასტრუქტურას აღარ მოუწყობენ.
რატომ?
შალვა პაპუაშვილმა ცვლილების მოტივაცია ასე ახსნა:
„საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი“.
მისივე თქმით, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან“.
„ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები“, - ამბობს პაპუაშვილი.
მისივე განცხადებით, მოქმედ საარჩევნო კოდექსში სხვა ცვლილებებიც შევა. დეტალები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც კანონპროექტი გასაჯაროვდება.
„მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს. ახალი „საარჩევნო კოდექსით“ მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
რა ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნების გახსნას ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ითხოვდა. იმ მომენტისთვის, ცესკოს ოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 95 834-ს.
ასევე ნახეთ ემიგრანტების პასუხი "ოცნებას" - როცა გითხრეს, რომ არ იცი რა ხდება შენს ქვეყანაშიამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბერლინში; ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და სალონიკიში; საფრანგეთის რესპუბლიკაში - პარიზში.
საერთო ჯამში, 2024 წელს 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაგალითად:
- აშშ-ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%.
- დიდ ბრიტანეთში - 11.5%
- გერმანიაში 5.3 %
- საბერძნეთში 22.2%
- საფრანგეთში - 10.7%
და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის:
- თურქეთში - 44%
- აზერბაიჯანში - 89.5%
- სომხეთში - 59.7%
.
ასევე ნახეთ 60 უბანი საზღვარგარეთ - რომელ ქალაქებში შეძლებენ ხმის მიცემას ემიგრანტებიმოქმედი საარჩევნო კოდექსით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.
ემიგრანტები საარჩევნო უბნებსა და საცხოვრებელ ადგილებს შორის დიდ მანძილებზე მიანიშნებდნენ და მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, საარჩევნო უბნები სხვა ქალაქებშიც გაეხსნა.
ცესკომ საარჩევნო უბნები გახსნა იქ, სადაც ან საკონსულო იყო, ან საელჩო. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ ეს კანონის მოთხოვნა იყო და, მაგალითად, შტუტგარტისგან განსხვავებით, სტრასბურგში უბანი იმიტომ ვერ გაიხსნებოდა, რომ იქ საკონსულო არ არის.
საბოლოოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრის დღეს, ფოტო და ვიდეომასალების დახმარებით ყველამ იხილა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ემიგრანტების რიგები. მაგალითად, ხმის მისაცემად საათობით იდგნენ რიგში აშშ-ში გახსნილ უბნებთან.