საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ნიუ-იორკში ბავშვების კანფეტებით მოწამვლას გეგმავდა, ბრალი აღიარა

ფოტო არქივიდან: მიხეილ ჩხიკვიშვილის დაკავება მოლდოვაში. 2024 წლის ივლისი

ნეონაცისტური დაჯგუფების, „მანიაკური მკვლელობის კულტის“ ქართველმა ლიდერმა, 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილმა, რომლის ექსტრადირებაც მოლდოვიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზაფხულზე მოხდა, ბრუკლინის სასამართლოში ბრალი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მას ბრალად ედება სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენის წაქეზება, ბომბებისა და მომწამლავი ნივთიერება რიცინის დამზადების ინსტრუქციების სხვა პირებისთვის მიწოდება.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, მიხეილ ჩხიკვიშვილი ცნობილია ასევე მეტსახელებით „მიშკა“, „მაიკლი“, „მეთაური ყასაბი" და „ყასაბი“.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2022 წლის ივლისში მიხეილ ჩხიკვიშვილი ჩავიდა ბრუკლინში, ძირითადად აპლიკაცია Telegram-ის გამოყენებით, რამდენჯერმე წაახალისა სხვები, ჩაედინათ ძალადობრივი ქმედებები. მათ შორის მასობრივი ძალადობის ჩადენისკენ ის ახალისებდა ადამიანს, რომელიც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარულად მოქმედი თანამშრომელი, რაც ჩხიკვიშვილისთვის უცნობი იყო.

დაახლოებით 2021 წლის სექტემბრიდან, მან გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით „მანიაკური მკვლელობის კულტი". 2023 წლის ნოემბერში მან ახალ წელს ნიუ-იორკში მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. ახალი წლის ღამით, მის თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის რიცინით მოწამლული კანფეტები დაერიგებინა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ჩხიკვიშვილის ძალადობრივი მოწოდებების შედეგად მოხდა რამდენიმე თავდასხმა. მათ შორის დასახელებულია აშშ-ში, ნეშვილში, ტენესის შტატში 2025 წლის იანვარში 17 წლის მოზარდის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნის შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.

თავდასხმის ნაწილს ის სოციალური ქსელის ლაივში გადასცემდა. მანამდე კი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ირწმუნებოდა, რომ მოქმედებდა "მანიაკური მკვლელობის კულტისა" და სულ ცოტა, კიდევ ერთი დაჯგუფების სახელით. თავდამსხმელის მანიფესტში პირდაპირ იყო ნახსენები ჩხიკვიშვილის გვარი.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აღნიშნულია 2024 წლის აგვისტოში თურქეთში მომხდარი თავდასხმა, როცა ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის მახლობლად პირმა, რომელსაც ნეონაცისტური სიმბოლიკით გაფორმებული ტაქტიკური ჟილეტი ეცვა, დანით დაჭრა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი. თავდასხმამდე ამ პირმა გაავრცელა „მოძულეთა სახელმძღვანელოს“ ბმული, რომლის ავტორია ჩხიკვიშვილი.

ასევე ნახეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნიუ-იორკში მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა, ექსტრადირებულია მოლდოვიდან აშშ-ში

ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში, მას მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედება ბრალი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ჩხიკვიშვილი „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრეა და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამ დაჯგუფებას ასევე უწოდებენ “მანიაკებს”, MKY-ს, MMC-სა და MKU-ს.

ასევე ნახეთ აშშ-ში ბრალი წაუყენეს ქართველს, რომელიც რასობრივ ნიადაგზე ბავშვების მასობრივად მოწამვლას გეგმავდა

მიხეილ ჩხიკვიშვილს, მისთვის რამდენიმე მუხლით წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.