გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით habenta sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ანტიკურობის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ, ონავრულ და უნიკალურ წიგნზე, რომელსაც ეწოდება „ბატრახომიომახია“ ანუ „ბაყაყებისა და თაგვების“ ომი. ამ სახუმარო მიკროპოემაში, რომელიც ჰომეროსის ამაღლებული პოეტური ენითა და მისივე საზომით, დაქტილური ჰექსამეტრით არის გაწყობილი, „ილიადისათვის“ დამახასიათებელი საგმირო პათოსით მოთხრობილია მძლავრი ბაყაყებისა და დევგმირი თაგვების სასაცილო, „ისტორიულ“ დაპირისპირებაზე, ერთდღიან ომზე, რომელშიც ჩართული არიან ოლიმპოსის ღმერთები, მაღალი ზევსის ხელმძღვანელობით.