1920: „შავი ბარონი“ და თეთრების გაქცევა ყირიმიდან

გემები იალტიდან ევაკუაციის დროს 1920 წ. ნოემბერში. ევაკუაციის ბრძანება 1920 წ. 13 ნოემბერს გაიცა. (ფოტო: paris1814.com)

ასი წლის წინ ბოლშევიკებმა რუსეთის თეთრი არმიის უკანასკნელი შენაერთები ყირიმიდან ევროპაში განდევნეს.

ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა და ათასობით სამოქალაქო პირმა, ვისაც სიცოცხლის გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა ან არ სურდა კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრება, ზღვით დატოვა ქვეყანა. რევოლუციის შემდგომ პერიოდში რუსეთიდან 2 მილიონამდე ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.

წითელი არმიის ჯარების აღლუმი მოსკოვის წითელ მოედანზე. ფოტო გადაღებულია 1918-1920 წლებში.

„თეთრი არმია, შავი ბარონი
კვლავ გვიმზადებენ სამეფო ტახტს!“ -
ნათქვამია რუსეთის სამოქალაქო ომის დროინდელ სიმღერაში.
„მაგრამ ტაიგიდან ბრიტანეთის წყლებამდე,
წითელი არმია ყველაზე ძლიერია!“

ახალგაზრდა წითელმა არმიამ ბრიტანეთამდე ვერ მიაღწია. მან დასავლეთით ყველაზე შორს ვარშავის მისადგომებამდე შეძლო მისვლა 1920 წლის აგვისტოში. თუმცა „შავი ბარონი“ - პიოტრ ვრანგელი - აიძულა, შავი ზღვისკენ დაეხია, რითიც დასრულდა ევროპაში თეთრ და წითელ არმიებს შორის ბრძოლა.

კავკასიური ჩოხა რუსი კაზაკების ტრადიციული სამოსი იყო.

ვრანგელი რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი იყო პირველ მსოფლიო ომში. ის 1920 წლის აპრილში გახდა სამხრეთ რუსეთის ჯარების მეთაური და რუსეთის სამოქალაქო ომში თეთრგვარდიელთა გაერთიანებულ ძალებს ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიაში შემავალ სამხრეთის ტერიტორიებზე.

მიიჩნევა, რომ მისი მეტსახელი - „შავი ბარონი“ - წარმოდგება შავი ჩოხიდან, რომელსაც ატარებდა (თუმცა ზოგჯერ თეთი ჩოხაც ეცვა ხოლმე როგორც ამ ფოტოზე ზემოთ).

ჯავშნოსანი მატარებელი სახელად „მოსკოვისკენ!“, რომელიც თეთრგვარდიელთა სამხრეთის ჯარებს ეკუთვნოდა.

მას მერე, რაც ვრანგელმა ჯარების მეთაურობა ჩაიბარა, თერთგვარდიელები უკვე მარცხის პირას იყვნენ. ფართო მასშტაბის იერიში, რომლის მიზანი იყო ბოლშევიკებისთვის მოსკოვის წართმევა 1919 წლის ბოლოს, მარცხით დასრულდა და სამხრეთ რუსეთის ძალებმა ყირიმისკენ დაიხიეს.

გენერალი ანტონ დენიკინი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოსკოვზე წარუმატებელ იერიშს, გადადგა და ადგილი დაუთმო შავ ბარონს.

ბოლშევიკური პლაკატი ასახავს „უკანასკნელი ჟამს“ ვრანგელისა და „პანისთვის“ (იგულისხმება პოლონეთის არმია). კარიკატურაში ვრანგელის გარდა ვხედავთ თერთგვარდიელთა სხვა მხედართმთავრებს, რომელთაც ხაზი აქვთ გადასმული, როგორც განადგურებულებს.

ბრიტანელები, რომლებმაც რუსეთის ყოფილი იმპერიის ნაწილებში განათავსეს ჯარები თეთრი მოძრაობის დასახმარებლად, უარს ამბობდნენ ბრძოლაზე და თეთრებსაც მოუწოდებდნენ, იგივე გაეკეთებინათ. დასავლელი მოკავშირეები სამოქალაქო ომში იმისთვის ჩაერივნენ, რომ გერმანია დაკავებული ყოფილიყო აღმოსავლეთის ფრონტზე, არ დაეშვათ ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლა და სეპარატული ზავისთვის მიეღწიათ გერმანიასთან, რაც მოხდა კიდეც 1918 წელს. მას შემდეგ, რაც გერმანია დამარცხდა, დასავლეთის ძალებს გაუქრათ ინტერვენციის მთავარი მოტივაცია.

სევასტოპოლის პორტი 1918 წელს. ფოტო გადაღებულია იმ პერიოდში, როცა ყირიმის ნახევარკუნძული გერმანიას ჰქონდა ოკუპირებული, სანამ ბერლინი კაპიტულაციას გამოაცხადებდა 1918 წლის ნოემბერში.

ბრიტანელი ოფიცრები საქართველოში, სადაც ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტი იყო განლაგებული პირველი მსოფლიო ომის მერე გერმანელების უკან დახევის შემდეგ. ბრიტანელები ვრანგელის ჯარებს ბათუმიდან ამარაგებდნენ.

1920 წლის 2 აპრილით დათარიღებულ საიდუმლო ტელეგრამაში კონსტანტინოპოლში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი თეთრებს ურჩევს, ბოლშევიკებს ამნისტიის თხოვნით მიმართონ და სწერს, რომ ბრიტანეთის მხრიდან დახმარება შეწყდება, თუკი ისინი გააგრძელებენ „აშკარად უიმედო ბრძოლას“.

მაგრამ ბარონი ვრანგელი არ აპირებდა უბრძოლველად დათმობას და ბოლშევიკებისთვის ამნისტიის თხოვნას.

ყირიმს არ მოეპოვებოდა საკმარისი რესურსები, რომ გამოეკვება ადგილობრივი მოსახლეობა, დიდი რაოდენობით ჯარისკაცები და იქ რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან ჩასული ლტოლვილები. ვრანგელმა, რომელიც წაახალისა პოლონეთისა და უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბოლშევიკების დამარცხებებმა, თავისი უკანასკნელი საიერიშო ოპერაცია წამოიწყო ხორბლით მდიდარი სამხრეთ უკრაინისკენ.

ბოლშევიკების პროპაგანდისტული პლაკატი, რომელზეც ვრანგელი ცდილობს მისწვდეს დონბასის რეგიონს. წარწერა: „ვრანგელი ჯერაც ცოცხალია, არ დაინდო და ბოლო მოუღე მას“.

უკრაინის დღევანდელ ხერსონის რეგიონში შესულმა თეთრებმა მძიმე ტექნიკა დაუპირისპირეს ბოლშევიკების უპირატესობას ცოცხალ ძალაში. თავის მემუარებში ვრანგელი აქებს თავისი არმიის ტანკებს და წერს, რომ ესაა „ბრძოლის განსაკუთრებით მძლავრი მეთოდი“. ზაფხულში თავდაპირველი წარმატებების შემდეგ წითელმა არმიამ ოქტომბერში თეთრები კვლავ ყირიმისკენ უკუაგდო.

ბოლშევიკი მეომრები თეთრგვარდიელთა ტანკთან, რომელიც 1920 წლის კონტრიერიშის დროს ჩაიგდეს ხელში. ბრიტანულმა ტანკმა Mark V-მ თეთრგვარდიელთა რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებაში შეიტანა წვლილი, მაგალითად 1919 წელს ცარიცინის აღებაში, რომელსაც მოგვიანებით სტალინგრადი ეწოდა, შემდეგ კი - ვოლგოგრადი.

ყირიმისკენ უკანდახეულმა ვრანგელმა, რომელიც არ იყო დარწმუნებული, რამდენ ხანს შეძლებდა მის დაცვას, განკარგულება გასცა ქერჩში, ფეოდოსიასა და იალტაში გემები მოემზადებინათ ათასობით ადამიანისა და ცხენის ტრანსპორტირებისთვის. სევასტოპოლში უკვე გამზადებული იყო გემები ხალხის საევაკუაციოდ. რათა არმიის მორალზე არ ემოქმედა ევაკუაციის შესახებ ცნობებს, გაავრცელეს ხმები, რომ მზადდებოდა ოპერაცია ოდესაში ან ყუბანში ჯარების გადასასხმელად..

ვრანგელი ინსპექციას უწევს ყირიმში თავისი არმიის მწირი საჰაერო ძალების პილოტებს. ფოტო გადაღებულია სავარაუდოდ 1920 წლის აპრილსა და ნოემბერს შორის.

ევაკუაციის განკარგულება გაიცა 1920 წლის 13 ნოემბერს. თეთრების სამოქალაქო ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, რომ საევაკუაციო გემებზე პირობები მძიმე იქნებოდა და რომ „ვინაიდან არცერთი უცხოური ძალა არ დათანხმდა ევაკუირებულთა მიღებას, მათი საბოლოო ბედი სრულიად გაურკვეველია.“ სამოქალაქო პირებს, რომელთაც არ ემუქრებოდათ ბოლშევიკების მხრიდან რეპრესიების „პირდაპირი საფრთხე“, ყირიმში დარჩენას ურჩევდნენ.

საევაკუაციო ფლოტი ბოსფორის სრუტეში.

ოთხი დღის განმავლობაში 150 ათასამდე ადამიანი ჩასხეს 126 სხვადასხვა ტიპის ხომალდში, „ყველაფერში, რაც კი დაცურავდა“, და გაემგზავრნენ კონსტანტინოპოლისკენ, რომელიც ძირითად მოკავშირეთა მიერ იყო ოკუპირებული.

ვრანგელი სამხედრო აღლუმის მიღებისას გალიპოლიში.

უცხოეთში გამგზავრებული რუსული ჯარების უდიდესი ნაწილი კონსტანტინოპოლიდან გაემგზავრა გალიპოლის ნახევარკუნძულზე, რომელიც მაშინ საბერძნეთს ეკუთვნოდა და საფრანგეთის მიერ იყო ოკუპირებული. ფრანგებმა იკისრეს ლტოლვილთა რჩენა შავი ზღვის ფლოტის 30 გემის საფასურად.

ბანაკი გალიპოლიში.

ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებლის კადეტები გალიპოლიში. კედელზე გამოსახულია მოსკოვის კრემლი. 1921 წ.

ლტოლვილი მეთაურები ცდილობდნენ, არმიის ბრძოლისუნარიანობა შეენარჩუნებინათ, მაგრამ დევნილობის პირველი დღეებიდან თავი იჩინა დეზერტირობამ. ფრანგები, რომელთაც არ სურდათ ლტოლვილთა განუსაზღვრელი ვადით დახმარება, ცდილობდნენ, რაციონების შემცირებით და საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში რეკრუტირებით ეიძულებინათ ისინი, რომ მიეტოვებინათ იქაურობა.

დონის კაზაკები სერბეთში 1923 წელს

ვრანგელი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ძირითადად სლავურ ქვეყნებთან, რომლებსაც შეიძლება მიეღოთ მისი ჯარები. მან შეთანხმებებს მიაღწია ბულგარეთთან და იუგოსლავებთან - სერბებთან, ხორვატებთან და სლოვენიელებთან. თეთრების არმიის ექიმი თავის მოგონებებში აღწერს გალიპოლიდან ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩასვლას.

რუს მეომართა მემორიალი გალიპოლიში.

„თეთრგვარდიელთა საბოლოო ფარსი გათამაშდა კონსტანტინოპოლის პორტში. მოტორიან ნავში აღმართული ვრანგელი არმიის ნარჩენებს მიესალმა... მათ კი სუსტი „ვაშათი“ უპასუხეს. უმაღლეს ხელმძღვანელობას კვლავაც არმიად მიაჩნდა თავი და არ სურდა შეგუებოდა ლტოლვილების მოკრძალებულ როლს,“ წერს ექიმი. „ოფიცრები სრულ ფორმას ატარებდნენ, მთელი თავიანთი ჯილდოებით და შეიარაღებულნი. ბევრი მოელოდა ცერემონიულ მიღებას ვარნაში... მაგრამ ცერემონია არ შედგა. ესალმებოდნენ არა არმიას, არამედ ლტოლვილებს, ემიგრანტებს. ნავსადგურში შესვლისა და ბულგარეთის მიწაზე გადასვლისთანავე ჯარისკაცებმა განიარაღება დაიწყეს. ნავმისადგომზე შაშხანების, რევოლვერებისა და ხმლების მთა დადგა.“

1922 წელს ვრანგელმა და მისმა სამეთაურომ გადაინაცვლეს სერბეთის ქალაქ სრემსკი კარლოვციში. იუგოსლავია თეთრი ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო ორ მსოფლიო ომს შორის და ათასობით თეთრგვარდიელი ჩაეწერა ადგილობრივ სამხედრო ნაწილებში.

ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებლის კადეტები სერბეთში მიესალმებიან გენერალ კუტეპოვს. ზოგიერთი საიმპერიო სამხედრო აკადემია ერთ ხანს ემიგრაციაში განაგრძობდა მოქმედებას.

ემიგრაციაში ვრანგელის ქვედანაყოფები განაგრძობდნენ ფუნქციონირებას როგორც გაერთიანებული სამხედრო შენაერთები. 1924 წელს მან არმიაში რეფორმა ჩაატარა და შექმნა რუსეთის საერთო-სამხედრო კავშირი. მასში გაერთიანებული იყვნენ იმპერიის არმიასთან დაკავშირებული ანტიბოლშევიკი ემიგრანტები, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაამხობდნენ საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს. ორ მსოფლიო ომს შორის მისი წევრები მონაწილეობდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში (ფრანკისტების მხარეს) და თავად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც კი ახორციელებდნენ თავდასხმებს.

ვრანგელი მხოლოდ ორ თვეს ხელმძღვანელობდა კავშირს. ამის შემდეგ ის ბელგიაში გადავიდა თავის ოჯახთან ერთად და იქ გარდაიცვალა 1928 წელს (ოფიციალური ვერსიით - ტუბერკულოზით).

ვრანგელის დაკრძალვა ბელგიაში

ბარონის ქალიშვილი, ასევე ზოგიერთი ისტორიკოსი, ეჭვქვეშ აყენებენ მისი სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას. კავშირის ხელმძღვანელის პოსტზე მისი ორი მემკვიდრე, გენერლები ალექსანდრ კუტეპოვი და ევგენი მილერი, საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. შესაძლებელია, რომ ვრანგელსაც იგივე ბედი ეწია.

კაცს, რომელმაც თავი წარმოადგინა ბარონის ხელქვეითის ძმად, ნება დართეს, რამდენიმე ღამე გაეთია ვრანგელების ოჯახში. ეს კაცი, რომლის არსებობის შესახებ ვრანგელის ხელქვეითს ადრე არასოდეს უხსენებია, ვრანგელის ქალიშვილის თანახმად, მეზღვაური იყო საბჭოთა სავაჭრო გემზე, რომელიც ანტვერპენის პორტში იდგა. ვრანგელს სასიკვდილო დაავადება შეეყარა ამ კაცის სტუმრობიდან ცოტა ხნის შემდეგ, რაც ბადებს ეჭვს, რომ ის მოწამლეს და ის საბჭოთა საიდუმლო სამსახურების მიერ წარმატებით განხორციელებულ ოპერაციას ემსხვერპლა.

ვრანგელის დაკრძალვა ბელგიაში. პლაკატზე წერია: „ბელგიის გალიპოლიელთა კავშირისგან საყვარელ ბელადს“.