ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

მილოშ ზემანი

ჩეხეთში 25 და 26 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა მემარცხენე ორიენტაციის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ზემანმა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩეხეთის მოქალაქეებმა პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აირჩიეს. აქამდე პრეზიდენტს პოსტზე პარლამენტი ამტკიცებდა ხოლმე.

ზემანმა კონსერვატორი ოპონენტი - საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი - დაამარცხა. ზემანმა - 68 წლის პოლიტიკოსმა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას უჭერს მხარს - ხმების 54.8 პროცენტი მიიღო, შვარცენბერგმა - 45.2 პროცენტი.

ზემანის სპეციალობა ეკონომიკური პროგნოზებია. უწინ - 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრამდე - ის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

სხვადასხვა წყაროს, მათ შორის სააგენტო „როიტერსის“ მიერ გავრცელებული ვარაუდით, ზემანის პრეზიდენტობის პირობებში ჩეხეთი ევროპულ მეინსტრიმს უფრო მეტად დაუახლოვდება. წინა პრეზიდენტი - ვაცლავ კლაუსი - პირიქით, მძაფრი ევროსკეპტიციზმით იყო ცნობილი, რამაც ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამოაშორა 27-წევრიანი ბლოკის ცენტრს. კლაუსმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი დისიდენტი, დრამატურგი, აწ გარდაცვლილი ვაცლავ ჰაველი შეცვალა.
ჩეხეთში პრეზიდენტის უფლებამოსილება დიდწილად ცერემონიულია. პრეზიდენტებს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ძალაუფლება არ აქვთ, თუმცა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ და თანამდებობებზე ნიშნავენ პრემიერ-მინისტრებს, ცენტრალური ბანკის მმართველებს და მოსამართლეებს.

გამარჯვების შემდეგ ზემანმა თავის საპრეზიდენტო გეგმებზე ისაუბრა - თქვა, მაგალითად, რომ კორუფციას შეებრძოლება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 10,5 მილიონს აღწევს:

„მინდა ქვედა ფენების წარმომადგენელი, 10 მილიონი მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ამ ხალხში შედიან როგორც მილოშ ზემანის, ისე კარელ შვარცენბერგის ამომრჩევლები. არ მსურს მაფიათა პრეზიდენტობა - ვინც ამ საზოგადოებაში პარაზიტის ფუნქციას ასრულებს“.

მსურს ჩემი პრეზიდენტობის დროს გადავლახო ის დაყოფა, რომლის არსებობაც ამ არჩევნებმა გამოაჩინა ქვეყნის მოქალაქეებს შორისო, განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.

ზემანი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი 1998-2002 წლებში იყო - ძალაუფლების განაწილების იმ ხელშეკრულების პირობებში, რომელიც კლაუსის მემარჯვენე პარტიასთან დაიდო. ამ პარტიას ბევრი ოპონენტი ჰყავს, რომელიც მას კორუფციის წყაროდ მიიჩნევს.

კარელ შვარცენბერგი

შვარცენბერგმა აღიარა დამარცხება და ზემანს მისალოცი სიტყვითაც მიმართა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მემარჯვენე-ცენტრისტ მინისტრთა კაბინეტს და ახალ პრეზიდენტს შორის კავშირები შესაძლოა დაძაბული იყოს.

როგორც სააგენტო „როიტერის“ ანალიტიკოსიც წერს, ზემანს დიდწილად „სახალხო“ იმიჯი აქვს. ჩეხეთში, მაგალითად, ყველამ კარგად იცის, რომ მას უყვარს სოსისი და ალკოჰოლი, როგორც ტრადიციულ ჩეხ კაცს შეეფერება. შესაბამისად, მასთან მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს გაუცხოების ისეთი ხარისხი, როგორიც მოქმედ მთავრობასთან, რომელმაც გადასახადები გაზარდა, სოციალური დახმარებები შეამცირა და კორუფციასთან დაკავშირებულ სერიოზულ სკანდალებში გაეხვია.

პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ზემანის მთავარ მიღწევებს შორის მთავარი ბანკების პრივატიზაციას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას თვლიან, თუმცა მას ბევრი ოპონენტიც ჰყავს, რომლებიც მას მწვავედ აკრიტიკებენ ყოფილ კომუნისტებსა და რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან მეგობრობის გამო. „ის, შესაძლოა, რუსეთთან უფრო ახლო კავშირების დამყარების ინიციატივებით გამოვიდესო“, უთხრა პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის პროფესორმა, იოზეფ მლეინეკმა, სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“.

ზემანი არ ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენციული დარტყმის იდეას. რაც შეეხება კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს, კოსოვოს დამოუკიდებლობას, ის მის წინააღმდეგ გამოდის.

საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზა დიდწილად ნაციონალისტური იყო, რაც საკმაოდ უჩვეულოა ჩეხეთისთვის, რომლის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა. ზემანის გუნდი შეეცადა შვარცენბერგის ეროვნული ერთგულების საკითხი ეჭვქვეშ დაეყენებინა. შვარცენბერგი საუკუნეების ისტორიის მქონე არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალი პრინცია, რომელსაც ცხოვრების დიდი ნაწილი ავსტრიაში აქვს გატარებული.

კერძოდ, ზემანის გუნდი შვარცენბერგს იმ სამ მილიონამდე ეთნიკური გერმანელის ქონებრივი ინტერესების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა, რომლებსაც სუდეტელ გერმანელებს უწოდებენ და რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგეგ მაშინდელი ჩეხოსლოვაკიიდან გაასახლეს.

შვარცენბერგს ნათქვამი აქვს, რომ დღევანდელ მსოფლიოში გასახლების ეს ფაქტი ომის დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა, თუმცა მან უარყო ოპონენტების ბრალდება, თითქოს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნებს გაუხსნიდა გზას.

წინა პრეზიდენტმა - ვაცლავ კლაუსმა - საარჩევნო კამპანიისას მხარი ზემანს დაუჭირა. კლაუსი აცხადებდა, მირჩევნია ჩეხეთს ისეთი პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში ექნება გატარებული, განსხვავებით შვარცენბერგისგან, რომლის ოჯახსაც დიდძალი ქონება აქვს ავსტრიაში, სადაც ის 1948-1989 წლებში, ჩეხეთში კომუნისტების მმართველობის დროს, ცხოვრობდაო.

ბოლოს, კიდევ ერთი - ნახევრად სერიოზული - ინფორმაცია: ჩეხეთში ყოველდღიურად გამომავალ გაზეთ „მეტროში“, რომელიც უფასოდ რიგდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არჩევნების შემდგომი, ხუმრობანარევი გამოკითხვა გამოქვეყნდა. შედეგები ასეთი იყო: პრეზიდენტ კლაუსის შეფასებას, რომ „სიმართლემ და სიყვარულმა აჯობა სიცრუესა და სიძულვილს“, გამოკითხულთა 17% მიემხრო; პოზიციას „საშინელებაა - იდიოტების ერი ვართ“ - ყველაზე დიდი რაოდენობა, 54%; შეფასებას, რომ „ღირსეული კანდიდატი არც შვარცენბერგი იყო და არც ზემანი“, გამოკითხულთა 22%-მა დაუჭირა მხარი; 7 %-ს კი არჩევნების შედეგზე გამოკვეთილი მოსაზრება საერთოდ არ აღმოაჩნდა.