როგორ მოხდა ეს, რა საფრთხეს უქმნის ეს უკრაინის თავდაცვას და შეძლებენ თუ არა რუსი სამხედროები შეტევის განვითარებას?
რუსმა Z-ბლოგერებმა და „სამხედრო კორესპონდენტებმა“ ფრონტის "გარღვევასა" და უკრაინის თავდაცვის დაცემაზე დაიწყეს საუბარი. სამხედრო ანალიტიკოსები და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები ადასტურებენ რუსული წინსვლის სერიოზულობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნაადრევია საუბარი ამ რაიონში რუსეთის არმიის ოპერატიულ სივრცეში შესვლაზე.
თუ რუსეთის წარმატება გაგრძელდა, შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს დონეცკის ოლქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამი ქალაქი: დრუჟკოვკა, სლოვიანსკი და კრამატორსკი, რომლებიც პოკროვსკთან ერთად დონეცკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ბოლო მნიშვნელოვან დასაყრდენებად ითვლება.
„პოკროვსკის მიმართულებით ვითარება ძალიან შორს არის კონტროლისგან“, - წერს მესამე მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე, მაქსიმ ჟორინი. „ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია მტრის შეტევის შეჩერება. ისინი სრული იდიოტები არ არიან და ხედავენ, რომ არის წარმატებები, ამიტომ ისინი ძალებს იქ გადაისვრიან, ეს წარმატება რომ განავითარონ. შესაძლო შედეგები არა მხოლოდ პოკროვსკის დაკარგვაა, არამედ მათი მხრიდან დონეცკის ოლქის ნარჩენებზე კონტროლის დამყარებაც.“
მოვლენების მოკლე ქრონოლოგია
8 აგვისტოს რუსეთის არმიამ დაიწყო პოკროვსკის ჩრდილოეთით წინსვლა პოკროვსკის, დობროპოლიესა და კრამატორსკის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმართულებით და ასევე სცადა უშუალოდ მიახლოება დობროპოლიესთან, რომელიც რუსული გარღვევის არეალის დასავლეთით მდებარეობს (რუსი „სამხედრო კორესპონდენტების“ ცნობით, მათ ეს მოახერხეს, მაგრამ დამოუკიდებელი წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ).
სულ რამდენიმე დღეში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 10-15 კილომეტრის სიგრძის ვიწრო „სოლის“ შექმნა და შესვლა სოფლებში - ზოლოტოი კოლოდეცსა და კუჩეროვ იარში, სადაც მათ განაგრძეს ძალების მოგროვება შემდგომი წინსვლისთვის. რუსულმა ჯარებმა ასევე შეძლეს მიახლოება სოფელ ვესელოესთან, უშუალოდ მივიდნენ ნოვოვოდიანოესა და პეტროვკასთან, რომლებთანაც კრამატორსკისკენ მიმავალი გზატკეცილი გადის.
11 აგვისტოს, OSINT-პროექტ DeepState-მა აღნიშნა, რომ რუსული ძალები წინსვლისას ცდილობდნენ გამაგრებას და საკუთარი პოზიციების დამკვიდრებას. შეტევის დაწყებამდე, რუსეთის ჯარებმა დრონების გამოყენებით კონტროლი დაამყარეს ტერიტორიაზე, რის შემდეგაც მათ უკრაინის თავდაცვის სუსტი წერტილები იპოვეს ქვეითი ჯარის წინსვლისთვის. დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა კლემან მოლენმა ასევე აღნუსხა რუსული საჰაერო ბომბების გამოყენების 1400 შემთხვევა პოკროვსკ-კონსტანტინოვკას, კერძოდ, რუსეთის არმიის ახალი შეტევის რაიონში 11 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში.
DeepState-ი ასევე იტყობინება, რომ სწორედ ზოლოტოი კოლოდეცის რაიონში აიგო რთული გამაგრებების ახალი ხაზი მაღალი ხარისხის საინჟინრო ზღუდეებითა და კარგად აღჭურვილი პოზიციებით, „რომლებსაც მტერი ადვილად აუვლის გვერდს, ხოლო მოგვიანებით დაიკავებს და თავდაცვისთვის გამოიყენებს“. როგორც სამხედრო მოსამსახურეებმა პროექტის ანალიტიკოსებთან საუბრისას აღნიშნეს, რუსული ძალების ამ პოზიციებიდან განდევნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
მომხდარმა სოციალურ ქსელებში ცხარე დისკუსიები გამოიწვია. 12 აგვისტოს გერმანელმა ჟურნალისტმა, იულიან რიოპკემ ისიც დაწერა, რომ „უახლოეს რამდენიმე საათში გადაწყდება უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი დონეცკის ოლქის 29%-ის ბედი“. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ცხადია, რომ რიოპკეს ამ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ არანაირი კრიტიკული ცვლილება არ მომხდარა, ვითარების სირთულეზე გავლენიანი უკრაინელი ბლოგერებიცა და სამხედრო მოსამსახურეებიც წერდნენ.
ბრიგადა „აზოვის“ შტაბის ყოფილმა მეთაურმა, ბოჰდან კროტევიჩმა, წერილობით მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. „ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელად ვამბობ, რომ არ ვიცი, კონკრეტულად რა ინფორმაციას გაწვდიან, მაგრამ გაცნობებთ: პოკროვსკი-კონსტანტინოვკას ხაზზე, გაზვიადების გარეშე, სრული დედის ტ...აა . და ეს დედის ტ...ა დიდი ხანია ძლიერდება და ყოველდღიურად უარესდება“, - დაწერა მან. „საბრძოლო დაპირისპირების ხაზი, როგორც მუდმივი ხაზი, რეალურად არ არსებობს. პოკროვსკი და მირნოგრადი პრაქტიკულად ალყაშია მოქცეული, კონსტანტინოვკა – ნახევრად ალყაშია მოქცეული. მოწინააღმდეგე კრამატორსკის და დრუჟკოვკის მიმართულებით მიიწევს წინ.“
სიტუაციის კრიტიკულობაზე დაწერა მოხალისე სერჰი სტერნენკომ. ფონდ „დაბრუნდი ცოცხალის“ ხელმძღვანელმა, ტარას ჩმუტმა, რომელიც, როგორც წესი, თავშეკავებულია თავისი შეფასებებისას, ასევე საკმაოდ მკაცრად ისაუბრა:
„დონბასში არსებული ვითარება იმ მოქმედებების ან უმოქმედობის შედეგია, რომლებზეც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გვაფრთხილებდნენ. ჯერ ოცეულის დონეზე „გვაქვს ჩავარდნა“. შემდეგ ასეულის. შემდეგ ბატალიონების ჯერი დადგა. ბრიგადებამდე რომ მივა საქმე, მტერი გამოიყენებს თავის ჯავშან-სატანკო ნაწილებს, რომლებიც აქტიურად გროვდებოდა ერთი წლის განმავლობაში და გადავა ზურგში, ოპერატიულ სივრცეში“, - გაფრთხილება გამოთქვა ჩმუტმა.
ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების, მეფე დანიელის სახელობის 24-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იართან რუსული არმიის პოზიციებს 2С1 „გვოზდიკა“ ტიპის ჰაუბიციდან ესვრის, 2025 წლის 22 ივლისი
იმის შესახებ, რომ რუსეთის არმიის შემდგომი წარმატებული წინსვლისა და გამაგრების შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მართლაც გამოიყენონ ჯავშანტექნიკა ოპერატიულ სივრცეში შესასვლელად, წერს ასევე სამხედრო ანალიტიკოსი, რობ ლი.
„არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა შექმნას ჯავშანტექნიკის ეფექტიანი გამოყენების პირობები ვიწრო მონაკვეთზე, ინფილტრაციის ტაქტიკის დახმარებით (უკრაინის თავდაცვითი პოზიციების გვერდის ავლით მცირე ქვეითი ჯგუფების შეღწევა ზურგში, ძალების დაგროვებისა და გამაგრების მიზნით. - რედ. შენიშვნა) საჰაერო ბომბების კონცენტრირებული გამოყენებით - ადგილზე დრონებით უპირატესობის პირობებში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეასუსტოს ან ჩაახშოს უკრაინული უპილოტო საფრენი მოწყობილობების საბრძოლო დანაყოფები.“
ამ დროს უკრაინის არმიის ოფიციალური წარმომადგენლები გაცილებით თავშეკავებულები არიან შეფასებებში. მაგალითად, ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „დნეპრის“ წარმომადგენლის განცხადების თანახმად, რუსულ ჯარებს ნოვოვოდიანოეს მიმართულებით ფრონტის ხაზი არ გაურღვევიათ: იქამდე მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მცირე ქვეითი ჯგუფები მივიდნენ, რაც „ტერიტორიაზე კონტროლს არ ნიშნავს.“
„ღია წყაროებიდან მოპოვებული რუკების მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „ღმერთო ჩემო, რუსები წინ წავიდნენ...“ თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ მათ კონტროლი დაამყარეს ტერიტორიაზე, საუბარია იმაზე, რომ რუსების მცირე ჯგუფმა, 5-10 კაცმა, შეაღწია იქ და ერთ სარდაფში ცდილობდნენ დამალვას“, - განაცხადა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „დნეპრის“ წარმომადგენელმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარის წინსვლის რაიონში ბრძოლები გრძელდება და უკრაინული სარდლობის შეფასებები ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურება, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ენდრიუ პერპეტუა გამოდის მოწოდებით, რომ დღევანდელ წარმატებებს „გარღვევა“ არ ვუწოდოთ. მას ეთანხმებიან OSINT პროექტის Black Bird Group-ის ანალიტიკოსები, ჯონ ჰელინი და ემილ კასტეჰელმი.
„ჩვენ კვლავ შეღწევაზე ვსაუბრობთ და არა გარღვევაზე, რადგან ოპერატიული შედეგები ჯერჯერობით შეზღუდულია. თუმცა, თუ რუსეთი მის გაფართოებას და განვითარებას მოახერხებს, ვითარება შეიძლება ოპერატიულ გარღვევაში გადაიზარდოს“, - წერს ჰელინი.
„სიტუაციაში არის შემაშფოთებელი ელემენტები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კრიზისში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ კატასტროფის მომსწრენი და ეს, როგორც ასეთი, გარღვევაც კი არ არის“, - ეთანხმება კასტეჰელმი.
უკრაინის საპასუხო დარტყმა
11 აგვისტოს საღამოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადა ხარკოვის მიმართულებიდან რუსეთის იერიშის ამ რაიონში გადაისროლეს. იქვე გადაიყვანეს უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 ბრიგადა „რუბეჟი“ დობროპოლიეს რაიონიდან, ანუ რუსული „სოლის“ დასავლეთ არეალიდან. 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტორეცკის მიმართულებიდან რეგიონში გადაიყვანეს "აზოვის" კორპუსიც, სხვა ინფორმაციით, საქმე მთელ კორპუსს არ ეხება, არამედ მხოლოდ „აზოვის“ ბრიგადას, რომელიც უკრაინის თავდაცვის მარცხენა ფლანგზე „და ვინჩის მგლების“ რაზმთან ერთად იყო განლაგებული. მარჯვენა ფლანგს იცავენ КОРД-ის დანაყოფები (პოლიციის სპეციალური დანაყოფები), ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების 82-ე, 25-ე და 93-ე ბრიგადები.
სამხედრო ანალიტიკოსმა მაიკლ კოფმანმა, რომელიც რეგულარულად მიდის უკრაინის ფრონტის ხაზზე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ამ ტერიტორიაზე სხვა მიმართულებიდან კიდევ რამდენიმე უკრაინული დანაყოფის გადაყვანაა შესაძლებელი. კითხვაზე, შექმნის თუ არა ეს პრობლემებს ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, მან უპასუხა, რომ რუსული წინსვლის შესაჩერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომმა შესაძლებლობებმა შეიძლება აქ ხვრელების წარმოქმნა გამოიწვიოს სხვა მონაკვეთებზე, მაგრამ უკრაინის სარდლობისთვის პრიორიტეტად რჩება ზოლოტოი კოლოდეცის გარშემო არსებული ვითარების სტაბილიზაცია.
ფოტო: რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე თავდასხმის შედეგები, 2025 წლის 8 მარტი
დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინული დანაყოფები უკვე გადავიდნენ საპასუხო შეტევაზე ზოლოტოი კოლოდეცის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, „და ვინჩის მგლების“ რაზმმა წარმატებული შეტევა განახორციელა ნოვოვოდიანოედან და ზოლოტოი კოლოდეცის დასავლეთ გარეუბნამდე მიაღწია, ხოლო თავად დასახლება, 12 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ რჩებოდა.
უკრაინულ ჯარებს ასევე შეეძლოთ რუსული ჯგუფების პეტროვკიდან განდევნა, რითაც სრულად აღადგენდნენ კონტროლს პოკროვსკი-დობროპოლიე-კრამატორსკის გზაზე. ამას ადასტურებს ასევე ობიექტური კონტროლის კადრები, სადაც ჩანს უკრაინელი მოხალისე, რომელიც კრამატორსკ-დობროპოლიეს გზაზე მანქანით მოძრაობს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად იმავე საზღვრებში გრძელდება, როგორც ადრე, ანუ ზოლოტოი კოლოდეცის მიდამოებში, მაგრამ უკრაინის კონტროლი კრამატორსკისკენ მიმავალ გზატკეცილზე, ამ მონაცემებითაც კი, მართლაც აღდგენილია. მაგალითად, ანალიტიკოსის თქმით, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე Thorkill-ის მეტსახელით წერს და რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობებს ეყრდნობა, 13 აგვისტოს უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ზოლოტოი კოლოდეცზე იერიშის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.
ამ სოფელზე შეტევის წარუმატებელი მცდელობის შესახებ წერს ასევე Twitter-ის ანალიტიკური ანგარიში AMK Mapping. მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს მეზობელი ვესელოეს დიდი ნაწილი. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის არმიის ყველა მოქმედების შეჩერება „სოლის“ დასავლეთით, დობროპოლიეს მიმართულებით. გარდა ამისა, AMK Mapping-ის მონაცემებით, 93-ე ბრიგადის ძალებმა სცადეს კუჩეროვ იარზე შეტევის განხორციელება და ამით რუსეთის ძალების ზურგში მოხვედრა, რომლებმაც თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს ზოლოტოი კოლოდეცსა და ვესელოეში. უკრაინის ძალების შეტევის შედეგი ამ დროისთვის უცნობია.
თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, მაშინ ბრძოლები ლოკალიზებული იყო ზოლოტოი კოლოდეც-ვესელოეს ხაზის გასწვრივ, ანუ რუსეთის ნაწილების წინ გასვლის ჩაჭრა არ მომხდარა.
ანალიტიკოსების ცნობების დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება. ამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის DeepState-ს არ განუახლებია ამ ტერიტორიაზე ბრძოლების რუკა.
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის არმიის გარღვევის არეალში პირველი ტყვეების შესახებ: უკრაინელებმა ხელში ჩაიგდეს კერძოდ, რუსეთის მოტომსროლელთა 132-ე ბრიგადის მებრძოლები.
13-დან 14 აგვისტოს ღამეს „აზოვის“ კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც იტყობინება, რომ „სოლის“ ტერიტორიაზე მყოფი რუსული ძალები მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ამრიგად, „აზოვთან“ ორდღიანი ბრძოლის განმავლობაში, რუსეთის არმიას შეეძლო დაეკარგა 151 ჯარისკაცი, 70 დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, კიდევ 8 ადამიანი დაატყვევეს.
14 აგვისტოს დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი კოვალიოვმა, განაცხადა, რომ დობროპოლიეს მიმართულებით სიტუაცია „სტაბილიზდება“. ამ დროს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა, იგორ კიმაკოვსკიმ, პირიქით, პლაცდარმის გაფართოებაზე ისაუბრა. გამოქვეყნების მომენტისთვის, ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელი იყო.
ინფილტრაციის ჯგუფები დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ნაცვლად. რუსეთის არმიის ახალი ტაქტიკა
„ჩვენ ვხოცავთ მათ - ისინი ისევ აგზავნიან, მაგრამ სხვა კუთხიდან. ვხოცავთ - ისევ - სხვა კუთხიდან. როგორც კი იპოვიან ადგილს, სადაც გავლა შეუძლიათ, მაშინვე იქ აგზავნიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ჯარისკაცმა, რომელიც დობროპოლიეს რაიონში თავდაცვით პოზიციებზეა.
ანალიტიკოსი ენდრიუ პერპეტუაც წერს რუსი ჯარისკაცების ახალ ტაქტიკაზე. ფაქტობრივად, ეს „ინფილტრაციის ჯგუფების“ გაგზავნაა უკრაინის თავდაცვის „ფოროვანი“ ხაზის გავლით (სინამდვილეში, ეს არც კი არის ხაზი, არამედ ცალკეული პოზიციები, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია დრონების თავდასხმების საფრთხის გამო) ზურგში შესაღწევად, სადაც ისინი თანდათან თავს იყრიან და ბრძოლაში ერთვებიან.
მაიკლ კოფმანმა უკრაინის დღევანდელი „ფოროვანი“ პოზიციები შემდეგნაირად აღწერა:
„ზოლი უფრო საგუშაგოების ჯაჭვს წარმოადგენს, ხშირად თითოეულში 23 ადამიანია. მისი დიდი ნაწილი „ნაცრისფერი ზონაა“, ის მოიცავს ერთმანეთის გადამკვეთ „სასიკვდილო ზონებს,“ რომლებიც საწყისი პოზიციების წინაც შეიძლება იყოს და უკანაც. მტრის რაზმები ცდილობენ ამ პოზიციების გარღვევას და წინსვლის გაგრძელებას“.
„ირჩევთ ორ-ორ ადამიანს, რომლებსაც მოსასხამები აცვიათ სხეულის სითბური გამოსხივების შესამცირებლად. მათ მარშრუტს დრონი აჩვენებს. პოზიციებამდე მიღწევის შემდეგ, დრონით მათ საბრძოლო მასალითა და საკვებით ამარაგებენ. შემდეგ რუსებს შეჰყავთ კიდევ ერთ წყვილი, ამის შემდეგ კიდევ ერთი, კიდევ ერთი, რათა ძალები მკაფიოდ მონიშნულ პოზიციებზე მოგროვდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ამ მცირე ჯგუფების საკმარისი რაოდენობა გროვდება პოზიციაზე, ისინი იქ მსუბუქი ქვეითების უფრო დიდ ჯგუფს აგზავნიან“, - განმარტავს პერპეტუა ინფილტრაციის ჯგუფების ტაქტიკას.
იშვიათად ისეც ხდება, რომ რუსი ჯარისკაცები მოტოციკლებითა და ბაგიებით უკრაინის ძალებს ზურგიდან უტევენ ხოლმე. DeepState-მაც გაავრცელა ადრე ცნობა, რომ რუსი ჯარისკაცები „ინფილტრაციის ჯგუფების“ ტაქტიკას იყენებენ.
ასეთ ჯგუფებს არ უნდა ვუწოდოთ „დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები“ (DRG), აღნიშნავს ჯონ ჰელინი, რადგან ისინი არ ასრულებენ არც დივერსიულ და არც სადაზვერვო დავალებებს.
ენდრიუ პერპეტუას თქმით, ინფილტრაციის ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება ერთ რაიონში დანაყოფებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებით, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნით, სადაზვერვო საშუალებების შეგროვებით, მომარაგების გზების გადაკეტვითა და ამისთვის საჭირო მანქანების განადგურებით. ბოლოს კი, დამალული ჯგუფების განადგურება უნდა მოხდეს მათი დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
ფორტიფიკაციები აღარ მუშაობს?
Financial Times-თან საუბრისას მაიკლ კოფმანმა თქვა, რომ რუსეთის არმიის შეტევა ზოლოტოი კოლოდეცის რაიონში არ იყო გასაკვირი, რადგან იქ „ინტეგრირებული თავდაცვითი ხაზები“არ არსებობს.
თუმცა, ეს შეიძლება აიხსნას არა იმდენად უკრაინის ხელმძღვანელობის არასწორი გათვლებით (იქ შეიქმნა გამაგრების ხაზი, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა, ზოლოტოი კოლოდეცის მიდამოებში, სადაც რუსეთი დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა), არამედ ომის ახალი რეალობით.
„მიუხედავად უკრაინის სიმაგრეების გასაუმჯობესებლად გაწეული დიდი სამუშაოსა, პოზიციების უმეტესობა ღია სივრცეშია აგებული, დანაყოფები არასდროს დაიკავებენ მათ. მათზე თავდასხმა და მათი განადგურება იოლია. უკრაინას თავიდანვე აკლდა ქვეითი ჯარი იმისთვის, რომ უმრავლესობა ემართა," - წერდა კოფმანი ივლისის ბოლოს, უკრაინის ფრონტზე კიდევ ერთი ვიზიტის შემდეგ.
„ეს არ არის სანგრებიდან ომი. ეს არის ცალკეული საბრძოლო პოზიციების ომი, რომლებიც გამაგრებული და კარგად შენიღბულია ტყეებში, შენობებში, სარდაფებში ან ხშირ ტყეებში. ჯარისკაცები, როგორც წესი, ღია სივრცეში გამაგრებული ნაგებობების დაკავებას თვითმკვლელობად მიიჩნევენ“, - განმარტა ექსპერტმა.
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც სოციალურ ქსელებში Tatarigami_UA-ს მეტსახელით წერს, ეთანხმება მას. ამიტომ, ის თვლის, რომ ბრძოლის ველზე სიტუაციის მხოლოდ საფორტიფიკაციო ნაგებობებით შეფასება აღარ არის სწორი.
რა მოხდება შემდგომ?
სამხედრო ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიანი გარღვევისთვის რუსეთს დასჭირდება იმგვარი აღჭურვილობა, რომელიც ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის ამ ტერიტორიაზე არ უნახავთ. ის ასევე მფიქრობს, რომ აღჭურვილობის განლაგება რთული იქნება ბრძოლების დინამიკის გამო, სადაც დრონები დომინირებენ, თუმცა მექანიზებული ეშელონი უბრალოდ აუცილებელია უკრაინის თავდაცვის დასაძლევად და მის დასამარცხებლად, წერს კასტეჰელმი.
„სანამ უკრაინა შეძლებს, ეს (აღჭურვილობის გამოჩენა) არ დაუშვას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კარგი შანსი აქვთ, რომ ვითარებაზე კონტროლი აღიდგინონ. რუსეთს სჭირდება დაკავებული პოზიციების გამაგრება და ამჟამინდელი გარღვევის ფლანგების გაფართოება, რათა იქ მძიმე ტექნიკა და დამხმარე იარაღი გადაიტანოს. რადგან გარღვევის „წვეტი“ შედარებით ღრმაა, შეღწევის ჯგუფების მხარდაჭერა და მომარაგება მალე შეიძლება პრობლემად იქცეს“.
სიტუაციაზე სრული კონტროლის აღსადგენად, უკრაინის არმიამ საკმარის რეზერვებს უნდა მოუყაროს თავი ამ ტერიტორიაზე და წარმატებული კონტრშეტევა ჩაატაროს, სანამ რუსეთის ჯარები პოზიციებს გაამყარებენ.
უარეს შემთხვევაში, წერს ის, დრონების მხარდაჭერით მოქმედი რუსული ქვეითი ჯგუფები გააგრძელებენ წინსვლას, „რაც ქაოსს შეიტანს უკრაინის თავდაცვაში“ და გაართულებს კონცენტრირებული კონტრშეტევების ჩატარებას.
მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ თუ შეტევა არ შეჩერდება, მას შეუძლია კრიტიკულად იმოქმედოს დონეცკის რეგიონის თავდაცვაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის დრუჟკოვკას, სლოვიანსკსა და კრამატორსკს.
აღსანიშნავია, რომ სიტუაცია ამჟამად ძალიან დინამიკურად იცვლება - ამას თავად კოფმანიც ამბობს, ამიტომ შესაძლოა ნაადრევი იყოს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მით უმეტეს, რომ კასტეჰელმისა და კოფმანის პუბლიკაციების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გავრცელდა მასობრივი, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაცია უკრაინის ჯარების მიერ რუსული გარღვევის „ჩაჭრის“ ან, სულ მცირე, რუსეთის ჯარის წინსვლის შეჩერების შესახებ.
დამოუკიდებელი ანალიტიკური საგამოძიებო ჯგუფის, "კონფლიქტების დაზვერვის გუნდის“ (CIT) მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი შეეცდება დამატებითი რეზერვების შეყვანას წარმოქმნილი ხვრელის შესავსებად. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ საწყისი შეღწევა მხოლოდ ერთი მოტომსროლელი ბრიგადის ძალებმა განახორციელეს (სავარაუდოდ, საუბარია 132-ე ბრიგადაზე, რომლის მებრძოლებიც ადრე უკრაინელებმა ამ ტერიტორიაზე ბრძოლებში ტყვედ აიყვანეს). ანალიტიკოსების თქმით, სიტუაციით სარგებლობისთვის ასეთი ძალები საკმარისი არ არის. ისინი არ ელიან რუსული ძალების მხრიდან სიღრმეში მეტად შესვლას შეტევის არეალში.
CIT ამ სიტუაციას ადარებს ხარკოვის რეგიონში ერთი წლის წინ რუსეთის არმიის მიერ განხორციელებულ შეტევას, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი (შესაძლოა, ზედმეტიც კი) ძალები გადაისროლეს რუსული შეტევის ზონაში და ერთ კვირაში ვითარება სტაბილური გახდა.
„სიტუაცია თავისთავად ცუდია, მაგრამ არა კრიტიკული - სლოავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციამდე მისასვლელად ჯერ კიდევ დიდი ძალა და დროა საჭირო და სავარაუდოდ, ეს უახლოეს თვეებში ვერ მოხდება. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებიდან გამოჩნდება, რამდენად შეუძლიათ მათ ასეთი ადგილობრივი გარღვევების აღმოფხვრა - ეს მნიშვნელოვანია ომის ტრაექტორიის გაგების კონტექსტში“, - აღნიშნავს CIT.
„იგივე მინდორი, ძველი ნამგალი” - რუსეთის შეტევის მიზეზები
მაიკლ კოფმანი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ხნის განმავლობაში მოახერხეს ფრონტის შენარჩუნება, ქვეითი ჯარისა და რეზერვის დეფიციტის პირობებში, ძირითადად დრონებზე დაყრდნობით. „ეს საკმარისი იყო დროის მოსაგებად, მაგრამ არა - ფრონტის სტაბილიზაციისთვის ან უფრო ძირეული პრობლემების გადასაჭრელად ძალების მართვისა და ფორმირების კუთხით“, - წერს კოფმანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეფასებით, პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის ძალების რაოდენობა 110 ათას ჯარისკაცამდეა. Tatarigami რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ შეფასებას რეალისტურს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „პოკროვსკის მიმართულების“ კონცეფცია ძალიან ფართო ფრონტის ხაზს მოიცავს და აქ რუსეთის დაჯგუფებაში ასევე შედიან ე.წ. „დსრ“-ის ყოფილი ძალები. მან თქვა, რომ უკრაინული დაჯგუფების ამჟამინდელი რაოდენობა არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ის რუსეთისაზე ნაკლებია.
პირადი შემადგენლობის ნაკლებობის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრობლემა მისი გამოყენების მეთოდებშია.
„ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრობლემაა „არც ერთი ნაბიჯი უკან“ - უკან დახევის აკრძალვის პოლიტიკა თვით არასაკმარისი რესურსების პირობებში, არახელსაყრელ რელიეფზე და თითქმის ალყაში მოხვედრისას, რაც მეთაურებს მობილური თავდაცვის შესაძლებლობას არ აძლევს. კიდევ ერთი პრობლემაა ძვირადღირებული კონტრშეტევები დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, მათ შორის იმ პოზიციებისა, რომლებიც თავდაპირველადაც გამოუსადეგარი იყო თავდაცვისთვის, - ფრონტის სტაბილიზაციაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად. ამან გამოიწვია დანაკარგები ძალების მუდმივად შემცირებულ ქვეითთა შემადგენლობაში“, - წერს მაიკლ კოფმანი.
„სისტემური პრობლემა წარმოიშვა რეზერვების ეროზიის, დანაყოფების ფრონტის ხაზზე გაფანტვის, მთელ მიმართულებებზე ჩავარდნების ფონზე „აღებული სოფლის“ გამარჯვებად გამოცხადების, მობილიზაციის პოტენციალის „ნათლიებზე“ განაწილების, სამხედრო მეთაურების ნაწილის მხრიდან სტრატეგიული, ან თუნდაც საბრძოლო მოქმედებების თეატრის ოპერატიული ხედვის სრული არარსებობის გამო“, - წერს ბოჰდან კროტევიჩი, აზოვის ბრიგადის ყოფილი შტაბის უფროსი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი ანდრი ტკაჩუკი კიდევ ერთ პრობლემაზე ლაპარაკობს: უმაღლესი სარდლობისთვის არასანდო ანგარიშებზე:
„სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვედანაყოფი ჩვეულებრივ საკონტროლო პუნქტებში აგზავნის ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, რადგან შემდეგ იღებენ ხოლმე დავალებას, დაიბრუნონ ტაქტიკური პოზიციები საჭირო ძალებისა და საშუალებების გარეშე. არ არის საჭირო იმ ქვედანაყოფების დასჯა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქტიკური პოზიციების შენარჩუნება. მათი უკან დახევა არ შექმნის ოპერატიულ პრობლემებს. უმაღლეს სარდლობას არ სურს „ჩავარდნები“ სადესანტო ძალებში, თუმცა ზოგჯერ ტაქტიკურ დონეზე ეს ნორმალურია. ჩვენ უნდა შევიცვალოთ“, - მიაჩნია ტკაჩუკს.
არასარწმუნო ინფორმაციის შემცველ ანგარიშებს პრობლემად სერგეი სტერნენკოც მიიჩნევს: „ჩავარდნების მთავარი მიზეზი ჯაჭვის შუიდან ზემოთ მიწოდებული ტყუილია. ყველას დასამშვიდებლად, კიდევ ცოტას მოვიტყუებით, ეს ნამდვილად დაგვეხმარებაო“, - წერს ის.
CIT მიიჩნევს, რომ გარღვევის მიზეზი შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეზობელ დანაყოფებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა ყოფილიყო, როდესაც ფრონტის ერთი მონაკვეთი ფაქტობრივად იქ განლაგებული ყველა დანაყოფების კონტროლის ზონის გარეთ იყო, რომლებსაც „ერთმანეთის იმედი ჰქონდათ.“ რუსებმა საბოლოოდ აღმოაჩინეს ეს ხარვეზი. როდესაც ადგილზე მყოფმა უკრაინულმა სარდლობამ პრობლემა შენიშნა და შეტევის შეჩერება სცადა, ამისთვის საკმარისი ძალები არ აღმოაჩნდათ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოკროვსკის მიმართულებით გარღვევა უფრო დაგროვილი პრობლემების შედეგია, ვიდრე ალასკაში სამიტთან დაკავშირებით რუსეთის სარდლობის ერთი ბრძანებულებისა. უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტით გამოწვეული კრიზისი დიდი ხანია გრძელდება. ამასთან, მისი გადაჭრის სერიოზული მცდელობები ჯერ არ ყოფილა. სლოვიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის, ტორეცკისა და პოკროვსკის გარშემო მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება დიდად არ განსხვავდება დობროპოლიეს რაიონისგან და ჯარების მარტივი გადაყვანა გარღვევის ადგილას არა მხოლოდ ვერ მოაგვარებს მას, არამედ შეიძლება თავდაცვის სფეროში ახალი სუსტი წერტილებიც შექმნას“, - აცხადებენ ჯგუფის ანალიტიკოსები.