წითელი ჯვარი, Erasmus+, BBC, ამერიკის ხმა და სხვები - აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ორგანიზაციებს უშვებენ

რუსეთის სახელმწიფო მედიასთან საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური წყაროდან, არცერთი პროცენტით”.

ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობას ვეღარ აგრძელებენ და ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნიდან გადიან. ეს არის შედეგი ბაქოს პოლიტიკის, რომელიც სულ უფრო მეტად უპირისპირდება დასავლურ პრინციპებს.

„Transparency International - აზერბაიჯანი” მუშაობას შეწყვეტს, - ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ალიმამად ნურიევის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა. APA წერს, რომ უკვე შექმნილია სალიკვიდაციო კომისიაც, რომელმაც მთელი რიგი პროცედურების გასავლელად აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსთან უნდა ითანამშრომლოს.

კორუფციის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აზერბაიჯანში საქმიანობა 2000 წლიდან დაიწყო. კრიტიკული ანგარიშების საპასუხოდ, ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ ორგანიზაცია მიკერძოებული იყო და არ ითვალისწინებდა ოფიციალურ პოზიციას. ოპოზიციური მედია წერს, რომ ხელისუფლება „საერთაშორისო გამჭვირვალობის” საქმიანობის დისკრედიტიფრებას დიდი ხანია ცდილობდა.

ასევე ნახეთ „სოროსის ერა დასრულდა“ - ალიევი და „ოცნება“ ერთ ენაზე მეტყველებენ, სხვადასხვანაირად იქცევიან

33-წლიანი თანამშრომლობა წყდება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან“ - ბაქოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ინფორმაცია ჟენევაში ჯერ კიდევ ოთხშაბათს დაადასტურა ორგანიზაციის პრესსპიკერმაც.

გავრცელებული ცნობით, წითელი ჯვარი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც წვდომა აქვს მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, ეთნიკურi სომხების ჯგუფთან, რომლებიც ბაქოს საპატიმროში იმყოფებიან. თებერვალში შიმშილობა დაიწყო რუბენ ვარდანიანმა, რომელიც არაღიარებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. ვარდანიანის ჩათვლით, ოცამდე სამოქალაქო თუ სამხედრო პირს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ.

აზერბაიჯანში ჯერ ისევ გაურკვეველია ევროკავშირის უმსხვილესი საგანმანათლებლო პროგრამა „Erasmus+”-ის მომავალი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობასა და გაცვლით პროგრამებზე ვრცელდებოდა.

აზერბაიჯანში „Erasmus+”-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, პარვიზ ბაგიროვმა ჯერ კიდევ 4 მარტს განაცხადა, რომ ამ საგანმანათლებლო პროგრამის ყველა ღონისძიება, მათ შორის სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამები, არაოფიციალურად უკვე შეწყვეტილია - არ რეგისტრირდება ახალი პროექტები, ხოლო ძველები ჩერდება. იხურება ეროვნული ოფისიც, რაც პროგრამის გულშემატკივრებს გაწბილების დამატებით საფუძველს უჩენს - რომ პროცესი შეუქცევადია.

ბაგიროვმა აღნიშნა, რომ „Erasmus+”-ით ათასობით სტუდენტმა და პედაგოგმა ისარგებლა; ევროპულ უნივერსიტეტებთან აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობა ჰქონდა აზერბაიჯანის 32 უმაღლეს სასწავლებელს და ამ ძაფების გაწყვეტა მათ საერთაშორისო საქმიანობას დააზიანებს.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანი მოითხოვს, საქმიანობა შაეჩეროს ბაქოში BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურის ოფისმა

თებერვლის მიწურულს, აზერბაიჯანში მუშაობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა BBC-ის აზერბაიჯანულმა სამსახურმა, მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ზეპირი მითითება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკითხის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს და რომ საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულია სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებითაც.

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას BBC იძულებითს უწოდებს და ბაქოს მხრიდან პრესის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს. როგორც იუწყებიან, შეზღუდვის მიუხედავად, BBC შეინარჩუნებს ახალი ამბების სერვისს აზერბაიჯანულ ენაზე.

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბაქოს სურდა ბრიტანული მედიასაშუალების თანამშრომლების რაოდენობის ერთ ადამიანამდე შემცირება.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანახმად, „BBC-აზერბაიჯანი“ წარმოადგენს იმ იშვიათ მედიასაშუალებას, რომელიც ქვეყანაში იცავს კრიტიკული და განსხვავებული აზრის სივრცეს.

სწორედ BBC აშუქებდა 2024 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ავრცელებდა ინფორმაციას, მათ შორის - საარჩევნო „კარუსელების“ გამოვლენის შესახებ.

BBC News-ის აზერბაიჯანული სამსახური 1994 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანში - ჯერ როგორც რადიომაუწყებლობა, შემდეგ კი ციფრული პლატფორმების სახით. სერვისის ყოველკვირეული აუდიტორია საშუალოდ 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.

აზერბაიჯანში ერთმანეთის მიყოლებით იხურება საინფორმაციო სააგენტოები და ინტერნეტტელევიზიები [Туран, Топлум ТВ]. ფინანსურ პრობლემებთან ერთად, მიზეზად ხელისუფლების ზეწოლაც სახელდება.

  • დეკემბერში, ევროპარლამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანს, მოხსნას შეზღუდვები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და კანონმდებლობა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოაწესრიგოს.
  • იანვარში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბაქოს რეპრესიული ზომების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

24 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია ამერიკული მედიაორგანიზაცია - „ამერიკის ხმისთვის“ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ. ადგილობრივი მედია ამ ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აიხან ჰაჯიზადეს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინოვნიკის თქმით, „ამერიკის ხმას“ მხოლოდ ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის შესაძლებლობა ექნება.

აზერბაიჯანში 2014 წელს დახურეს რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო. მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყნიდან გასვლა მოუხდათ. დაბლოკილია ორგანიზაციის ვებსაიტიც.

ბაქოს ციხეში მყოფი ჟურნალისტი ქალები

აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია ან იგნორირებას უკეთებს, ან მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში, კონტრაბანდის ბრალდებით, 30 ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან AbzasMedia-ს, ToplumTV-სა და MeydanTV-ის წარმომადგენლები. ბრალს არავინ აღიარებს. ისინი ბრალდებებს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ და გამოგონილად, პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.

აზერბაიჯანის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის ციხეებში 300 პოლიტპატიმარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

25 წლის შემდეგ, აზერბაიჯანმა თანამშრომლობა შეაჩერა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან [USAID], რასაც წინ უსწრებდა მწვავე ბრალდებები და ანტიდასავლური შინაარსის განცხადებები. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ USAID-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერეს. ეს განცხადება გაკეთდა 16 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

ბაირამოვმა და ბოჭორიშვილმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე“ ისაუბრეს.

  • „ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად“, - ასე უპასუხა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა დაგეგმილი ორ ქვეყანას შორის „თანამშრომლობა საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
  • „ამის [ჩარევის] ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნები არა რომელიღაც დიდი ძალების კარნახის შესაბამისად, არამედ სუვერენულად მოქმედებენ. ამიტომ ვხდებით მათი სამიზნე“, - განაცხადა, თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

ასევე ნახეთ ალიევი საქართველოს „აგენტების კანონს“ ეხმაურება - „მედია უცხოეთიდან არ შეიძლება ფინანსდებოდეს“

ბაქო გულშემატკივრობს „ქართულ ოცნებას“ უცხოურ დაფინანსებასთან ბრძოლაში.

„გაირკვა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთისგან იღებენ... ჩვენ ეს ყველაფერი აქ უკვე მოვაგვარეთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 18 დეკემბერს რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში, „აგენტების კანონთან” მიმართებით და იქვე აღნიშნა, რომ - „გარკვეული დრო ხელიდან იქნა გაშვებული საქართველოში, რომ ეს ყველაფერი მოგვარებულიყო და ეს როდესაც გაკეთდა, მატარებელი ცოტა ხნის ჩავლილი იყო”, მაგრამ „კარგია, რომ ვითარება სტაბილურობისკენ მიდის“.

ეს ინტერვიუ, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისთვის - „სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიისა“ (ВГТРК) და „რია ნოვოსტისთვის“ (РИА Новости), ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა ჩაწერა .

რუსეთის სახელმწიფო მედიასთან საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური წყაროდან, არცერთი პროცენტით”.

ამჟამად, „ქართული ოცნების” პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს [ტელევიზია, რადიო] უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს - როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი წესით.

ასევე ნახეთ რა ელის მაუწყებლებს? ყველაფერი ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ "ოცნების" კანონპროექტებში