10 რამ, რაც რუსეთმა საქართველოს დაუშავა

აქცია რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე. 2018 წელი

მოკლედ

  • რუსეთმა 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავდა.
  • რუსეთის მმართველობის პერიოდში ქართული კულტურა და რელიგია მძიმე დევნის ქვეშ მოექცა, ეკლესიები დაიხურა, ხოლო ქართული ენა საჯარო სივრცეებიდან განიდევნა.
  • საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესიებმა და იზოლაციამ საქართველოს განვითარება 70 წლით შეაფერხა, რაც დღემდე აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.
  • 2008 წლის ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, ხოლო ათასობით ადამიანი დევნილობაში რჩება.
რუსეთის მმართველობის დამკვიდრებასთან ერთად საქართველოში მონარქია გაუქმდა, ეკლესიის ავტოკეფალია დაიკარგა და ეროვნული იდენტობა სხვადასხვა ფორმით დაიჩაგრა. ვიხსენებთ 10 ისტორიულ მომენტს როდესაც იმპერიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იდენტობას ზიანი მიაყენა.

მონარქიის გაუქმება

„გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავზე იღებდა ქართლ-კახეთის მფარველობას, მაგრამ სწორედ მან გააუქმა მონარქია საქართველოში.

ქართლ-კახეთის ბოლო მეფე გიორგი მეთორმეტე 1800 წელს 53 წლისა გარდაიცვალა. ამის შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, 1810 წელს კი იმერეთის სამეფოც მიაყოლა.

ქართველი თავადაზნაურები სიონის ტაძარში შეკრიბეს, ტაძარს გარშემო ჯარი შემოარტყეს და შეკრებილებს სამეფოს გაუქმების შესახებ იმპერატორის ბრძანება გამოუცხადეს.

ასევე ნახეთ როგორ ასახლებდნენ რუსეთში ქართველ უფლისწულებს

თავადაზნაურების ნაწილმა ალყა გაარღვია, კახეთში წავიდნენ და იქ "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობების აღდგენა მოითხოვეს - ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობა საშინაო საკითხებში. დაუმორჩილებლობის მცირე თუ დიდმა კერებმა ვერაფერს მიაღწია, საქართველოში მონარქია აღარ აღდგენილა, სამეფო ოჯახის წევრები და ტახტის თითქმის ყველა შესაძლო მემკვიდრე ნელ-ნელა რუსეთში გადაასახლეს.

გაუქმებული ავტოკეფალია

მონარქიის გაუქმებიდან ათიოდე წელში, 1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა ბრძანება და გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მას ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროიდან ჰქონდა.

მაშინ საქართველოს პატრიარქი ანტონ მეორე იყო, ერეკლე მეორის შვილი, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი. ისიც რუსეთში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი და რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. ავტოკეფალიის აღდგენა საქართველომ თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 1917 წელს მოახერხა.

ასევე ნახეთ 10 წელი და სამი პატრიარქი

თუმცა საქართველოს ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლი დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა. 1979 წლის მაისში პატრიარქი ილია მეორე დელეგაციით ეწვია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და მოითხოვა ეს საკითხი განეხილათ. 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქო ცენტრმა მიიღო დადგენილება: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ.​

საქართველოს დაკარგული საგანძური

საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ტაძრები უმოწყალოდ იძარცვებოდა. ძვირფასი ხატები, ძველი ხელნაწერები გაჰქონდათ რუსეთში, საიდანაც ნაწილი შემდეგ კერძო კოლექციონერების ხელში აღმოჩნდა, ნაწილი - რუსეთისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებში. ნაწილის კვალი საერთოდ დაკარგულია.

„1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია... ამას ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონობით მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება...“ - ასე აღწერს ნიკოლოზ დურნოვო ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვას თავის ნაშრომში „ქართული ეკლესიის ბედი“.

ასევე ნახეთ ურმებით გაზიდული საგანძური და მეორე ექვთიმე

მოგვიანებით ამ განძეულობიდან ნაწილს მიაგნო და საქართველოში დააბრუნა მეცნიერმა შალმა ამირანაშვილმა.

ქართული ენის დევნა

რუსული გავლენის გაძლიერების კვალდაკვალ სულ უფრო იდევნებოდა ქართული ენა სასწავლებლებში, გიმნაზიებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ტაძრებში. ეკლესიაში წირვა-ლოცვა რუსულად მიმდინარეობდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირს ჰქონდა სურვილი, შეეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი მოეხსნა.

ასევე ნახეთ გოგოების ჯანყი საეპარქიო სასწავლებელში - პატრიარქ კალისტრატეს მოგონებებიდან

დღემდე რუსულად მიმდინარეობს საქმისწარმოება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

გასაბჭოება - საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას მთავრობის მეთაურობით მხოლოდ სამი წელი იარსება. 2021 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარი, თბილისის მისადგომებთან გამართულმა ბრძოლებმა ბევრის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ რუსულმა არმიამ დედაქალაქის აღება და საქართველოს ძალით გასაბჭოება მაინც შეძლო.

ასევე ნახეთ აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების წინაპირობები და მიზანი

ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში გადაიხვეწა.

მუდმივი რეპრესიები

საბჭოთა კავშირის უწყვეტი, სასტიკი რეპრესიები არ ინდობს რეჟიმისთვის მიუღებელ ქართველებს - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, ინტელიგენციას, სასულიერო პირებს, მეწარმეებს (ე.წ. კულაკებს).

ასევე ნახეთ გიგოს გორა - დახვრეტილების სამარხები თელავში

რეპრესიების შედეგად, განსაკუთრებით 1937 წელს, საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ათასობით ადამიანი, კიდევ უფრო მეტი კი გადაასახლეს და ქონება ჩამოართვეს.

70-წლიანი იზოლაცია

საბჭოთა კავშირთან შეერთების შემდეგ, საქართველო დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული აღმოჩნდა, რამაც 70 წლით უკან დასწია მისი განვითარება. ამ დროს განმავლობაში ქვეყანა მოწყვეტილი იყო ყველა იმ სიკეთეს, რომელიც შეიძლება თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობით მიეღო. კომუნისტურმა წყობამ საქართველოს ეკონომიკას არ მისცა საშუალება კერძო სექტორის, კაპიტალიზმის აწყობისა და განვითარების, რაც დღემდე ჩანს ეკონომიკურ მდგომარეობასა და სიდუხჭირეში.

9 აპრილი

ეროვნული მოძრაობის პერიოდში, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მომიტინგე. დაარბიეს ტანკებით, ალესილი ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზით. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები. ყველაზე უმცროსი მათ შორის მხოლოდ 16 წლის იყო. მოიწამლა ასობით ადამიანი.

ასევე ნახეთ 9 აპრილს ვიდექი აქ!

ამ მოვლენიდან ერთი წლის თავზე, 1990 წლის 9 აპრილს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

2008 წლის ომი

2008 წლის რუსეთ- საქართველოს აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი. 125 სოფელი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა. ბორდერიზაციის გამო ოკუპაციის მასშტაბი მუდმივად იზრდება.

აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

დღეს ცხინვალის რეგიონთან ერთად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.