ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ დღეს, 23 სექტემბერს გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა.
განცხადებაში მას მოიხსენიებენ, როგორც „საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილების“ მქონე ფიგურას.
პროფესორი კარტოზია წლებია, გერმანიაში ცხოვრობს.
მან 2022 წელს მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენი, „დამსახურების ჯვარი“, რომელიც გერმანიის მაშინდელმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადასცა.
ახალი ელჩი დაძაბული ურთიერთობების ფონზე
საქართველოს 2024 წლის ბოლოდან აღარ ჰყავს გერმანიაში ელჩი.
ამ პოზიციას იკავებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია, რომლის გამოსამშვიდობებელი შეხვედრაც 2024 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა.
2025 წლის 20 იანვარს კი ლევან იზორია ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა განათლების საკითხებში.
იზორიას შემდეგ გერმანიაში დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანი აბულაძე.
ალექსანდრე კარტოზია ინიშნება იმ დროს, როდესაც თბილისსა და ბერლინს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია და იმაზე დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი გამუდმებით აკრიტიკებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს საქართველოში, ელჩ პეტერ ფიშერს.
- კერძოდ, პაპუაშვილი მას ადანაშაულებს „დეზინფორმაციაში“, „სასამართლოზე ზეწოლაში“, „ვენის კონვენციის უხეშ დარღვევასა“ და „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირის გამოთხრაში“.
- გერმანიის ფედერალურ მთავრობას კი 2024-25 წლებში სავიზო სანქციები აქვს დაწესებული საქართველოს 10-ზე მეტი თანამდებობის პირისათვის;
- მათი ნაწილი, გერმანული მხარის პოზიციით, „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“.
- ამასთან, 2025 წლის 25 თებერვალს გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.
2022 წლის 20 მაისს ალექსანდრე კარტოზიას „დამსახურების ჯვარი“ გადასცეს, გერმანიის საელჩო წერდა:
„პროფესორ კარტოზიას, როგორც მეცნიერსა და მთარგმნელს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, განსაკუთრებით ლიტერატურის სფეროში“.
ბერაია ნატოში - კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება
დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ნატოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა ირაკლი ბერაია.
ის დაზვერვის სამსახურის უკანასკნელი უფროსი - ეს უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის ივნისში მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით შეუერთდა.
როდესაც სუსის უფროსად ექსპარლამენტარი მამუკა მდინარაძე დაინიშნა, თქვა, რომ ბერაია აღარ იქნებოდა დაზვერვის მიმართულებით თანამდებობაზე. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარია და კარგი კადრია ძალიან. მე ჩემი გუნდით მივალ“, - თქვა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ სუსის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩიეს - რა პრიორიტეტები ექნება უწყების ახალ ხელმძღვანელს