პროევროპული პროტესტის 251-ე დღეს დემონსტრანტები თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ მსვლელობით.
მათ ჩაუარეს პარლამენტის შენობას, - დემონსტრაციების ტრადიციულ ადგილს, - წრე დაარტყეს თავისუფლების მოედანს, როგორც წინა დღეს, და შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ, სადაც აქცია გაგრძელდა.
დემონსტრანტებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დროშები, ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით.
„თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება ნინო დათაშვილს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
- „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი სავარაუდოდ ხვალ, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება;
- ნინო დათაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა (წინასასამართლო სხდომა) 7 აგვისტოსაა დანიშნული.
ნინოს დათაშვილის მხარდამჭერი მარში გუშინ, 4 აგვისტოსაც გაიმართა თბილისში, - ყოველდღიური დემონსტრაციების პარალელურად. საღამოს რვა საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება.
ასევე ნახეთ თბილისში ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - დემონსტრაციები 250 დღეა გრძელდება ასევე ნახეთ „ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა“ - ნინო დათაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებსორშაბათს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა.
მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დაკავებულმა ჟურნალისტმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივითაა“.
„არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“ - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ასევე ნახეთ ყურადღებით დავაკვირდებით მზია ამაღლობელის განაჩენს - „კლუნების ფონდი“