მოკლედ
- 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს პროდასავლური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი;
- პროპორციული სისტემის ბარიერი გაზრდილია 4%-მდე;
- მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მაჟორიტარების წილი;
- თვითმმართველობის არჩევნები პირველად ჩატარდება ელექტრონული წესით;
- ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ იქნება მოწვეული. რას ნიშნავს ეს?
ამ არჩევნებში არ მონაწილეობს პროდასავლური ოპოზიციის უმეტესობა.
თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა, ტრადიციულად, ისედაც დაბალია, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით - რადგან ამ ტიპის არჩევნებით ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება არ იცვლება. თუმცა, ცესკოს მონაცემებით, წლების განმავლობაში, აქტივობა იზრდებოდა:
- 2014 წელი - 43,31% [1 485 372]
- 2017 წელი - 45,65% [1 570 563]
- 2021 წელი - 51,92% [1 815 776]
რადიო თავისუფლებამ წინა წლების თვითმმართველობის არჩევნებს გადახედა. ამავე სტატიაში თავმოყრილია ფაქტები და ძირითადი სიახლეები - ის, რაც განასხვავებს 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს თვითმმართველობის წინა არჩევნებისგან.
რას [არ] წყვეტს ამომრჩევლების აქტივობა?
უკვე წლებია, კანონმდებლობაში აღარ არსებობს ამომრჩეველთა აქტივობის ქვედა ზღვარი, რომლის მიღმაც არჩევნები უკვე არჩატარებულად გამოცხადდებოდა. არჩევნები ჩატარებულად ცხადდება ნებისმიერი რაოდენობის ამომრჩევლის მონაწილეობის პირობებში.
ხელახალი არჩევნები შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი “პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი" ან "არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში”.
თუმცა მოქალაქეთა აქტივობა მნიშვნელოვანი ფაქტორია - რაც დაბალია აქტივობა, მით უფრო მაღალი იქნება პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა პროცენტული მაჩვენებლები და ეს, ტრადიციულად, ყველაზე მეტად მმართველ პარტიას აწყობს.
არჩევნებზე მეტი ხალხის მისვლა კი ოპოზიციას აძლევს ხელს, რადგან, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ხელისუფლების მომხრეები სახლში ნაკლებად რჩებიან.
აქტივობის ზეგავლენის არაერთი მაგალითი არსებობს:
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა იყო მაღალი - 60,8%. “ქართული ოცნების” კოალიციამ [იმ ხანად - ოპოზიციამ] 54,97% მიიღო; 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა იყო დაბალი - 43,31% და მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს “ოცნებამ” თითქმის 462 ათასით ნაკლები ხმა მიიღო [ვიდრე 2012 წელს], დაბალი აქტივობის გამო - მაინც თითქმის 51% ხვდა წილად.
- 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა იყო 51,92%; 2017 წელს - 45,65%. 2021 წელს “ქართულმა ოცნებამ” მხოლოდ 13 ათასით ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე 2017 წელს, მაგრამ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ზეგავლენით - 2017 წელს მისი მაჩვენებელი 55,81% იყო, ხოლო 2021 წელს - 46,74%.
- 2021 წლის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” 105 ათასით მეტი ხმა აიღო, ვიდრე 2014 წელს. თუმცა 2014 წელს, დაბალი აქტივობის [43,31%] გამო, “ქართული ოცნების” მაჩვენებელი 50,82% იყო, ხოლო 2021 წელს - 46,74%.
ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” – რომლებიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, წინა საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, შესაბამისად - 11,03% და 10,17% მიიღეს და, ჯამში, 440 ათასზე მეტი ხმა შეაგროვეს. თუკი მათი ამომრჩევლები არჩევნებზე არ მივლენ, ეს გავლენას მოახდენს აქტივობის მაჩვენებლებზე.
არჩევნებს ემიჯნება კიდევ არაერთი პოლიტიკური ძალა.
პარტიები, რომლებიც ემიჯნებიან არჩევნებს, მოუწოდებენ თავიანთ ამომრჩევლებსაც, არ მივიდნენ არჩევნებზე, რადგან ეს მათთვის “ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციას ნიშნავს და პროდასავლურ პროტესტს აზიანებს.
როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში” [ISFED] განუცხადეს რადიო თავისუფლებას - ამ პირობებში, არჩევნები ვერ ჩაითვლება კონკურენტულად.
“ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული თვითმმართველობის სამ არჩევნებში ყველაზე მეტი ამომრჩეველი 2021 წელს მივიდა.
ამ წელს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად ჰქონდა გამოცხადებული.
2021 წელს
არჩევნები ორ ტურად გაიმართა: პირველი - 2 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური - 30 ოქტომბერს.
ამ წელს, რეფორმის შედეგად, პროპორციული სისტემისთვის დადგენილი ბარიერი რეგიონებში - 3%-მდე, ხოლო თბილისში - 2,5%-მდე შემცირდა. ასევე, გაიზარდა პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრების წილი.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინ, პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა ევროკავშირის ევროპული საბჭოს მაშინდელი პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ჩართულობით გააფორმა 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმების” სახელით არის ცნობილი.
სწორედ ამ დოკუმენტით დაწესდა 43%-იანი პირობითი ზღვარი - თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე მეტს ვერ მოაგროვებდა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა. შესაბამისად, ამ არჩევნებს ოპოზიცია ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავდა.
მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, მერების ასარჩევად. 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გარდა წალენჯიხისა.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
რამდენიმე საკრებულოს გარდა, ყველგან „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა.
თბილისში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ნიკა მელიას დამარცხება მხოლოდ მეორე ტურში შეძლო.
- კახა კალაძე - 55,6%;
- ნიკა მელია - 44,39%.
საქართველოს მასშტაბით [პირველ ხუთეულში] ხმები ასე გადანაწილდა:
· “ქართული ოცნება” – 46,74%;
· “ნაციონალური მოძრაობა” – 30,674%;
· “გახარია - საქართველოსთვის” – 7,808%;
· “ლელო” – 2,713%;
· "ევროპული საქართველო" - 1,658%.
ეს პირველი არჩევნები იყო “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტიისთვის.
“გახარია საქართველოსთვის” მონაწილეობას აპირებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც. ამ პარტიამ 2024 წლის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, 7,78% [12 მანდატი] მიიღო. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს “ლელო - ძლიერო საქართველოც”. მისი მაჩვენებელი 2024 წელს 8,81% [14 მანდატი] იყო. პარტიებმა არ აღიარეს მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია. მათი საპარლამენტო მანდატები სადავო პარლამენტმა სხვადასხვა დროს გააუქმა.
2017 წელს
ეს არჩევნებიც ორ ტურად გაიმართა: პირველი ტური - 21 ოქტომბერს, მეორე ტური - 12 ნოემბერს.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 4%-იანი ბარიერი იყო.
პროპორციული სისტემით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “ქართული ოცნება” - 55,81%;
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 17,08%;
- "ევროპული საქართველო" - 10,4%;
- "პატრიოტთა ალიანსი" - 6,56%;
- "ლეიბორისტული პარტია" - 3,27% (49 130 ხმა).
თბილისში “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ პირველსავე ტურში სძლია მეორე ადგილზე გასულ დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს.
- კახა კალაძე - 51,09%;
- ალექსანდრე ელისაშვილი - 17,49%.
ქუთაისის გარდა, მეორე ტური გაიმართა ყველა თვითმმართველ ქალაქში. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, გასაჩივრების შემდეგ, თიანეთის მერი ოპოზიციონერი თამაზ მეჭიაური გახდა.
2014 წელს
2014 წლის არჩევნებიც ორ ტურად ჩატარდა: 15 ივნისს და 12 ივლისს. მეორე ტური გაიმართა 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში.
არჩევნებში მონაწილეობდა 24 საარჩევნო სუბიექტი.
ამ წელს დედაქალაქის მერად დავით ნარმანია აირჩიეს. პირველ ტურში მან 46,09% მიიღო და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ნიკა მელიას [27,97%], მეორე ტურშიც შეხვდა. მეორე ტურში ხმები ასე გადანაწილდა:
- დავით ნარმანია - 72,47 % (222 066 ხმა);
- ნიკა მელია - 27,53% (84 350 ხმა).
ხმები საქართველოს მასშტაბით ასე გადანაწილდა:
- “ქართული ოცნება” - 50,82%;
- “ნაციონალური მოძრაობა” - 22,42%;
- “ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია” - 10,22%;
- “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 4,72%;
- “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 3,45%;
- “არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)” - 2,24%;
- “სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა” - 1,21%.
2014 წელს ბევრი აღნიშნავდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა არჩევნებზე. 2012 წელთან შედარებით, მმართველმა პარტიამ 462 ათასი ხმით ნაკლები მიიღო.
ასევე ნახეთ ცესკოს შედეგებით, 3 წელიწადში „ოცნებამ“ 300 000-მდე ხმა დაიმატა, ოპოზიციამ კი - მხოლოდ 1000. რა დგას რიცხვებს მიღმა?2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები - შეცვლილი წესები
4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მასშტაბით 64 მერისა და 64 საკრებულოს 2 058 წევრის ასარჩევად ტარდება. ცესკოს ინფორმაციით, სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი.
არჩევნების სპეციალისტები განმარტავენ, რომ სადავო პარლამენტმა სრულად გააუქმა იმ რეფორმების შედეგები, რომლებიც „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გატარდა და წესები პრაქტიკულად 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდა.
პროპორციული სისტემისთვის ბარიერი 4%-მდე გაიზარდა როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მაჟორიტარების რიცხვი და შემცირდა პროპორციული სისტემით გასანაწილებელი მანდატების წილი:
- თბილისის 50-წევრიან საკრებულოში თანაბრად გადანაწილდება მანდატები პროპორციული და მაჟორიტარული წესით: 10-დან 25-მდე გაიზარდა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა; ხოლო პროპორციული წესით არჩეულთა რიცხვი 40-დან 25-მდე შემცირდა.
- სხვა თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) საკრებულოების წევრთა რიცხვი 35-დან 25-მდე მცირდება: აქედან, მაჟორიტარული წესით [7-ის ნაცვლად] 10 წევრი; ხოლო პროპორციული წესით [28-ის ნაცვლად] 15 წევრი.
- მაჟორიტარების კომპონენტი მნიშვნელოვნად გაზრდილია თვითმმართველი თემების საკრებულოებში და ის პროპორციულს აღემატება. პროპორციული სისტემით მხოლოდ 15 წევრს ირჩევენ, ხოლო ყველა სოფლიდან, დაბიდან თუ ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ირჩევენ თითო წევრს. უშუალოდ თვითმმართველი თემის [მუნიციპალიტეტის] ადმინისტრაციულ ცენტრში, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა ხუთი მაჟორიტარიც აირჩიონ.
არჩევნების პრაქტიკით დასტურდება, რომ სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო უადვილდება მაჟორიტარული სისტემით გამარჯვება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული მანდატების 89,5% აიღო, ხოლო პროპორციული სისტემით - მხოლოდ 55,6%.
2024 წლის მაისში სადავო პარლამენტში დამტკიცებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად:
- გაუქმდა საკრებულოს წევრის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი.
- გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც შესაბამის ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მერის არჩევისას შესაძლებელია დაინიშნოს მეორე ტური.
უკვე დაზუსტებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 14 პარტია. 17 პარტიიდან, რომლებიც ცესკოში დარეგისტრირდნენ, სამმა საბოლოოდ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობის უფლება - „ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები“.
პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი. ამის შემდეგ, ცესკოს განრიგით, დაიწყება დოკუმენტაციის შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესი.
თვითმმართველობის არჩევნები პირველად ჩატარდება ელექტრონული წესით; ისევე, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები:
- ამომრჩეველთა 90% [2284 უბანზე] ისევ ელექტრონულ პროცედურებს გაივლის,
- ხოლო დანარჩენი 10% [767 უბანზე] - ტრადიციული ფორმით მიიღებს მონაწილეობას.
2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები პირველია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც თბილისმა არჩევნებზე არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის [OSCE/ODIHR] სადამკვირვებლო მისია, რომლის დასკვნაც ყველაზე სანდო კომპასია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
მანამდე ერთადერთი შემთხვევა იყო 2014 წელს, როდესაც თავად OSCE/ODIHR-მა არ გამოგზავნა მისია - რუსეთის მიერ შექმნილი შიდა ფინანსური პრობლემების გამო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ.
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“ და ამ შემთხვევაშიც „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა“.
- 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ODIHR-ი „სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.
ეუთო/ოდირის მისია აკვირდებოდა თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში 2006, 2010, 2017 და 2021 წელსაც.