სასულიერო პირების ნაწილი ამბობს, რომ ამით მათი უფლებები და რწმენაც იზღუდება, რადგან ქადაგებისას ვეღარ შეძლებენ „კეთილს კეთილი და ბოროტს ბოროტი დაარქვან“.
12 ივნისს სასამართლოში დაიბარეს 18 ადამიანი - პოლიტიკოსები, აქტივისტები, ჟურნალისტები - რომლებმაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ფეისბუკით უწოდეს „მონა“, „არაქალი“, „დურა“... მოგვიანებით ნაწილის საქმის განხილვა გადაიდო, ნაწილს კი 3 და 4-ათასლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
ასევე ნახეთ რუსეთში სჯიან მღვდლებს, რომლებიც უარს ამბობენ "ომში გამარჯვების" ლოცვაზე„ოცნების“ წარმომადგენლებს პოლიციაში ჩივილის საფუძველს ადმინისტრაციული კოდექსის ოთხი თვის წინ მიღებული შესწორება აძლევს. ის „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის“ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას კრძალავს, როგორც აღმოჩნდა, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც.
ჩვენ ქრისტიანები ვართ, განმკითხავი სოფლისა, ჩვენ ვართ სახელის დამრქმევები.არქიმანდრიტი დოროთე
თუმცა სოციალური ქსელები მხოლოდ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისთვის არ არის. იუტუბსა თუ სხვა პლატფორმებს ძალიან ხშირად იყენებენ სასულიერო პირები, რათა მათმა ქადაგებამ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიაღწიოს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კანონი მათ ხელს შეუშლის. ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სულთმოფენობის დღესასწაულზე (8 ივნისი) ამბიონიდან ილაპარაკა:
„პირველი კურთხევა რაც ადამს აქვს ღვთისაგან, ეს არის მოვლენებისთვის სახელის დარქმევა, რომ მტერს უწოდო მტერი, მოყვასს - მოყვასი, მოღალატეს - მოღალატე, პატრიოტს - პატრიოტი. მოვლენას თავისი სახელი უნდა დაარქვა და დღეს ისეთ კანონებს იღებენ, რომ ამასაც გვიკრძალავენ. მონას მონას ვერ უწოდებ, შეურაცხყოფა არისო... იოანე ნათლისმცემელი ფარისევლებს და მღვდელმთავრებს, ყველას, ვინც მასთან მიდიოდა და სინანული არ ჰქონდა, ეუბნებოდა, გველების ნაშობნოო. ასე აფასებდა. ფარისევლებს ქრისტემ უთხრა, შეფეთქილი საფლავები ხართო, შიგნიდან მატლებით ხართო სავსე, გარედან ხართო შელამაზებული, - ამბობს არქიმანდრიტი დოროთე, - ცდილობენ ქრისტიანულ ერს გონება შეუცვალონ. ეს შეუძლებელია. ჩვენ ქრისტიანები ვართ, განმკითხავი სოფლისა, ჩვენ ვართ სახელის დამრქმევები“.
ასევე ნახეთ „დიქტატორსაც სჭირდება ხალხი“ - ინტერვიუ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთანსულთმოფენობის დღესასწაულზე ამავე თემაზე ისაუბრა სამების არქიმანდრიტმა ილიამაც (თოლორაია):
„თუ ბოროტებას ბოროტება არ უწოდე, სიკეთეს სიკეთე არ უწოდე, მაშინ იკარგება ზნეობა. ჩვენ გვყავდა მღვდელმთავარი კირიონ მეორე და მეორე მღვდელმთავარი ექვთიმე ელიაშვილი, ის რუსეთის მხარეს იდგა, რუსეთს აქებდა, ეწინააღმდეგებოდა კირიონის გზას, რომელიც ავტოკეფალიისთვის იბრძოდა. კირონ მეორეს ექვთიმეზე აქვს ნათქვამი, ეგ ელიაშვილი კი არა, მელიაშვილი არისო. ეს ნიშნავს, რომ კირიონიც დამნაშავეა ამ კანონით“.
მართალია, მოძღვრების ქადაგებები უმეტესად სასულიერო თემებს ეხება, მაგრამ არცთუ იშვიათად ისინი მიმდინარე მოვლენებსაც ეხებიან და საკუთარ აზრსაც გამოთქვამენ. მათი შეხედულებები ხელისუფლების შეხედულებებს ხან ზედმიწევნით ემთხვევა, ხან კი პირიქით, სრულ დისონანსშია.
თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი ალექსანდრე გალდავა მიიჩნევს, რომ ტაძარი პოლიტიკაზე სალაპარაკო ადგილი არ არის და სხვა ადამიანის შეურაცხყოფასაც ყველა უნდა მოერიდოს.
„თუ მოვლენის სწორ ფორმულირებას მოახდენ, მაშინ ის შეურაცხმყოფელი არ იქნება, მაგრამ როდესაც ეს იარლიყია და პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმი, მაშინ შეურაცხმყოფელი გამოდის. სასულიერო პირმა ქადაგებაში რატომ უნდა ილაპარაკო იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც ორ თვეში არავის ემახსოვრება, მით უფრო, როდესაც ეს სუფთა პოლიტიკური, კარგად ორგანიზებული ბრძოლაა. ამას სპონტანური და ადგილობრივი ხასიათი არა აქვს. ეს არის რაღაც ინსტრუქცია, რომელზეც იგება ყველაფერი იმისთვის, რომ გარკვეული ძალები პოლიტიკაში მოვიდნენ. ჩემთვის წარმოუდგენელია ამხელა ამბიონი რატომ უნდა დაეთმოს ამ გარდამავალ სისულელეს, იმდენად დიდია ეს კათედრა და იმდენად მარადიულ მცნებებზე ლაპარაკობს მაცხოვარი“, - ამბობს ის.
თეოლოგსა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტს, მალხაზ სონღულაშვილს, მიაჩნია, რომ ერთი ადამიანისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ყველასთვის შეზღუდვას ნიშნავს.
„ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ჩაერია სასულიერო პირის ქადაგების შინაარსში. ასეთი რამ არ მომხდარა და იმედია, არც მოხდება. მაგრამ რაც ხდება, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ განგაში გამოვხატოთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 17316_ე მუხლით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება“, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.
173-ე მუხლის მეორე ნაწილით ეს ნორმები ვრცელდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე და კიდევ უფრო მაღალია სასჯელი მათი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინებისათვის.