ბედნიერი ღარიბი და უბედური მილიონერი

„მილიონერი“(1960, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ენტონი ასკვიტი)

მეგონა, უფრო მეტი ხმაური მოჰყვებოდა ქართველების სოფია ლორენთან დანათესავებას. ეჭვი მაქვს, სოფია არა „იტალიელი დედამთილის“, არამედ „იტალიელი სიდედრის“ როლში რომ გვენახა, ჟივილ-ხივილს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით. მაგრამ ასეა თუ ისე, სანამ იტალიური კინოს ვეტერანი ვარსკვლავი ჯერ კიდევ აქტუალურია, მისი პარტნიორების იუბილეებიც არ უნდა გამოგვრჩეს - 8 სექტემბერს 100 წელი გავიდა პიტერ სელერსის დაბადებიდან. ბრიტანელი მსახიობის თაყვანისმცემლები დაგვემდურებიან ალბათ, გვეტყვიან: „სოფია ლორენი თავად იყო სელერსის „პარტნიორი“ თუ კაია“... და ეს არ იქნება გადაჭარბებული. პიტერ სელერსი იყო ბრიტანეთის კინოაკადემიის ლაურეატი, „ოქროს გლობუსის“ ოთხგზის კანდიდატი (ერთხელ მოიგო), „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი.. სტენლი კუბრიკის „დოქტორ სტრეინჯლავში“ მთლად სამი პერსონაჟი განასახიერა. თუმცა მსოფლიო დონის კინოვარსკვლავის სახელი მაინც მოგვიანებით მოიპოვა, 1963 წელს, ბლეიკ ედვარდსის „ვარდისფერ პანტერაში“ გადაღების შემდეგ... მაგალითად, 1960 წელს, როცა სოფია ლორენთან ერთად ენტონი ასკვიტის „მილიონერში“ გადაიღეს, სელერსი ჯერ მართლაც მხოლოდ სოფია ლორენის პარტნიორი იყო, თანაც, როგორც ამბობენ, სოფიაში სრულიად უიმედოდ შეყვარებული.

„მილიონერი“ არ არის მხოლოდ ფილმი, რომელიც ორი დიდი მსახიობის ვირტუოზულ ტექნიკას დაგვანახებს. ენტონი ასკვიტი ბრიტანული კინოს კლასიკოსია და შესაძლებელია, ბერნარდ შოუს ნაწარმოებების საუკეთესო ეკრანიზატორი კინოს ისტორიაში (1936 წელს გადაღებული „პიგმალიონი“ ბერნარდ შოუსაც ძალიან მოსწონებია). იშვიათია შოუს ინტერპრეტატორი, რომელიც შეინარჩუნებს ირლანდიელი დრამატურგისთვის დამახასიათებელ ფარულ ირონიას კოლონიალური ეპოქის კლიშეების მიმართ. ეს ირონია თუ „გამოგვრჩა“ და სერიოზულად აღვიქვით, მაგალითად, დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირება შოუს პიესის მიხედვით გადაღებულ ასკვიტის „მილიონერში“ (როცა აზიელს კეთილი და პატიოსანი კაცი გამოხატავს, დასავლელს კი მდიდარი და გაიძვერა ქალი), თანამედროვე პოლიტკორექტული სტერეოტიპებით თუ ვუყურეთ ასკვიტის კომედიას, შეიძლება არა თუ გაგვეცინოს, არამედ გავბრაზდეთ კიდეც ავტორზე (სხვათა შორის „პიგმალიონზეც“ ბრაზდებიან ხოლმე და ბერნარდ შოუს მიზოგინიაში ადანაშაულებენ). მაგრამ, აბა, როგორ არ უნდა გაგეცინოს სელერსის პერსონაჟის, ექიმ აჰმედ ქაბირის რეპლიკაზე: „ქალები არც მაინტერესებს და არც მიზიდავს. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავად არიან“...

ასევე ნახეთ კარლო პონტი - იტალიური კინოს ნათლია და სოფია ლორენის ერთადერთი სიყვარული

სოფი ლორენის გმირს, ეპიფანიას, მილიონი დოლარის ღირებულების ქონების მემკვიდრეს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ განებივრებულ და ძალაუფლების მოყვარულ ქალს მაინც და მაინც ის ჩაუვარდება გულში, ვინც ცივია და მიუკარებელი, ვისაც აინტერესებს ქალები მხოლოდ მაშინ, „როცა ავად არიან“. ბერნარდ შოუ გენდერულ და სოციალურ კლიშეებს კი არ ამკვიდრებს, არამედ თამაშობს ამ კლიშეებით, რათა ძალა გამოაცალოს და ბუტაფორიად, მართლა სათამაშოდ აქციოს. მაგრამ შოუს მოყვარულებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მწერლის ნაწარმოებების ინტერპრეტატორებს, თეატრსა თუ კინოში, ხშირად უჭირთ მისი სტილის, მისი ენის გააზრება. სოფია ლორენზე და მით უმეტეს, პიტერ სელერსზე ამას ვერ იტყვი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რაც ხდება ამ ფილმში, სუფთა იმპროვიზაციაა. ორი დიდი მსახიობი არა მარტო თამაშობს, არამედ აღიარებს, რომ სიამოვნებს ეს თამაში.

1960 წელს, როცა „მილიონერის“ გადაღება დაიწყო, სელერსი უკვე პოპულარული იყო, როგორც ბრიტანული რადიოს სატირული გადაცემების წამყვანი. მაგრამ „მილიონერში“ მას მიეცა შესაძლებლობა, გამოსულიყო სატირული ჟანრის საზღვრებიდან, გაემდიდრებინა თავისი პერსონაჟი ნიუანსებით და მაყურებელში (და სოფი ლორენის გმირშიც) შეექმნა ამოუხსნელი საიდუმლოს განცდა - რა არის ინდოელი ექიმის მომხიბვლელობის საიდუმლო, ნუთუ მხოლოდ ის, რომ „აღმოსავლეთი ფაქიზია“? რომ „დასავლეთი ვერასდროს გაუგებს აღმოსავლეთს“?(სელერსმა ოსტატურად გაითავისა ინგლისური აქცენტი)... თუ სწორედ ეს სტერეოტიპი ინგრევა ასკვიტის ფილმის მსვლელობის პროცესში და მაყურებელი ასკვნის, რომ ექიმი, უბრალოდ, კარგი კაცია?

„მილიონერის“ წარმატების მიუხედავად (განსაკუთრებით პოპულარული იყო ფილმის საუნდტრეკი და სიმღერა "Goodness Gracious Me"), ფილმს კრიტიკული შეფასებაც არ აკლდა. ბევრი თვლიდა, რომ სცენარი ზედმეტად თეატრალური დარჩა და რომ ასკვიტის ეს ეკრანიზაცია უფრო ფირზე აღბეჭდილი სპექტაკლია, ვიდრე კინო. პიტერ სალერსის თამაშს თუ დააკვირდებით, მათ შორის “სხეულის ენას”, რომლითაც მსახიობი თავის გმირს ახასიათებს, ვფიქრობ, ამ შენიშვნას არ დაეთანხმებით. შეუძლებელია, მაგალითად, დაგავიწყდეთ სცენები, რომლებშიც ექიმი ახლო ხედებზე მდიდრული ცხოვრების წესის მიმართ გულგრილობას გამოხატავს. ექიმი აჰმედის მშვიდი ტონი და პაუზები საუბრის პროცესში, ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ არასდროს გადაიზრდება ფარსში და კარიკატურაში. მაყურებელი კი ნამდვილად უნდა დაფიქრდეს, რატომ ეცინება სიკეთესა და თავმდაბლობაზე? იმიტომ რომ “ეს აღმოსავლეთია”, “ეგზოტიკაა”, თუ იმიტომ, რომ ეს “მორალური ცენტრია”, რომელსაც კარგა ხანია დავშორდით და ლამის არაამქვეყნიურად მიგვაჩნია. “სამყაროში ყველაფერს ფული წყვეტს”, ვამბობთ ჩვენ, მაგრამ ენტონი ასკვიტის კლასიკური ფილმი გვპასუხობს, კი, შეიძლება ასეა, მაგრამ პარადოქსიც ესაა - ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რეალურად შეუძლია გაგვხადოს ბედნიერი, არის ის, ვინც ფულს საერთოდ არ ენდობა.

განა არაა აქტუალური?

ფილმის სრულ ვერსიას იხილავთ აქ.