ასობით ქალს ალიმენტისთვის ბრძოლა სასამართლოში უწევს - დამცირების, სიძულვილის და ხშირად გაწელილი პროცესის ფონზე.
დავის ქალების სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც კი, ყოფილი ქმრები, ხშირად, ალიმენტის გადახდას ჯიუტად გაურბიან, რაც ქალებს ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლებადაც აქცევს.
ამ სტატიაში მოგიყვებით:
- ქალებზე, რომლებიც თვეები იბრძოდნენ ალიმენტისთვის და თავად გვიამბობენ, როგორ გაიარეს ეს გზა.
- თავის არიდების რა გზებს პოულობენ კაცები მათთვის დაკისრებული მინიმალური თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი.
- რამდენია ალიმენტის ზღვრული ოდენობა და რას ამბობს ამაზე კანონი.
- რა უშლის ხელს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
- რატომ არის პროკურატურა უმოქმედო ასეთი საქმეები დროს.
- რა ბერკეტები აკლია აღსრულების სამსახურს
იურიდიულ ენაზე ალიმენტი არის ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული ადამიანი, კანონის ძალით (სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი) სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო, ან არასრულწლოვან წევრს (შვილს, მშობელს, მეუღლეს).
უარი თვეში 70 ლარზე - თამოს ამბავი
თამო და მისი ყოფილი ქმარი 17-18 წლის ასაკში დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ერთად ცხოვრება, როგორც თამო იხსენებს, იმდენად აუტანელი იყო, რომ ლამის რვა თვის ორსული, სახლიდან გამოიპარა და ცხრასართულიანი კორპუსის კიბეები ფეხშიშველმა ჩაირბინა, რომ სახლიდან უხმაუროდ გაპარულიყო.
გაქცევის შემდეგ თამომ და მისმა ყოფილმა ქმარმა ნაქირავებ ბინაში ერთხელაც სცადეს თანაცხოვრების თავიდან დაწყება. ამასობაში ბავშვიც გაჩნდა, თუმცა პატარა წლის და რვა თვისა იყო, როცა კაცმა დედა-შვილი მიატოვა.
„ეს ამბავი წლების წინ მოხდა, ქუთაისში. მაშინ ასე ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა. განსაკუთრებით კი, პატარა ქალაქში. სანამ ერთად ვცხოვრობდით, გამუდმებული ომი გვქონდა, დედამთილი მემუქრებოდა, რომ როგორც მისმა შვილმა მიატოვა ის და ჩემთან წამოვიდა, ისე მიმატოვებდა მეც ჩემი ქმარი. როცა დავშორდით, ბავშვის წართმევაც უნდოდათ. დავა სასამართლოში გაგრძელდა“, - იხსენებს თამო.
მალე ალიმენტისთვის დავაც დაიწყო.
სასამართლომ, თამოს ყოფილ ქმარს, რომლის მთელი ქონება, დედამისმა გადაიფორმა, 70 ლარის გადახდა დაავალა.
ოჯახმა 70 ლარის გადახდაც კატეგორიულად გააპროტესტა - თამოს დედამთილი ჯიუტად იმეორებდა, რომ თვეში 30 ლარზე მეტს არ გადაიხდიდა.
„ამ დროს ჩემი შვილი უკვე ექვსი წლისა იყო. დღეს ის 19 წლისაა და მას შემდეგ ის თვალით აღარ უნახავთ, თუ შემთხვევით ქუჩაში შეხვედრას არ ჩავთვლით“.
ბავშვის მამა არც იმ დაკისრებულ 70 ლარს იხდიდა. დავალიანება გროვდებოდა და როგორც თამო იხსენებს, ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ სამჯერ, ისიც აღმასრულებლის ჩარევის შემდეგ ჩაურიცხეს სამი-ოთხი თვის ალიმენტი ერთად.
თამო ვერ მუშაობდა, არ ჰქონდა შვილის გაზრდისთვის, მისი სწავლის, გამოკვებისათვის საჭირო ფული, ამიტომ ერთადერთი იძულებითი გამოსავალი იპოვა - ისე, როგორც ათასობით სხვა ქალმა საქართველოდან - ემიგრაციაში სამუშაოდ წასვლა. უკვე რვა წელზე მეტია თამო იტალიაში მუშაობს და ოჯახს იქიდან არჩენს.
დღესაც, მის ყოფილი ქმრის საალიმენტო დავალიანება 9000 ლარია.
საქართველოში ალიმენტის დანიშვნის საკითხებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს, ალიმენტის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას კი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი.
კანონი ამბობს, რომ არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო (სრულწლოვანი) შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას, ურთიერთშეთანხმებით, მშობლები განსაზღვრავენ (სსკ-ის 1213 მუხლი). თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.
იურისტების განმარტებით, საქართველოში კანონი არ განსაზღვრავს როგორ იანგარიშება მშობლის ან მშობლების შემოსავლიდან ალიმენტი, სასამართლოები ალიმენტის ოდენობას ადგენენ ზოგადი სტანდარტების საფუძველზე და არცთუ იშვიათად, „ალიმენტის ოდენობები სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩნდება სპონტანურად, რაიმე ობიექტური კალკულაციის გარეშე“.
ალიმენტს ზოგი თავისი ნებით იხდის და საქმე დავით არ სრულდება.
თუმცა უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მხარე თანხის გადახდაზე უარს აცხადებს, არგუმენტად კი იშველიებს იმას, რომ მას არც შემოსავალი და არც ქონება გააჩნია. ზოგი საერთოდ იკარგება და მასზე ძებნა ცხადდება. ზოგიც, იმ მოტივით, რომ ალიმენტი არ გადაიხადოს, სამსახურს ანებებს თავს. ხშირად ხდება, როცა ყოფილი ქმრები მთელ ქონებას სხვის სახელზე აფორმებენ და ასე არიდებენ თავს ვალდებულებას.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ 2024 წელს მათ წარმოებაში იყო ალიმენტის 9 137 საქმე.
მათივე ინფორმაციით, ძებნაში იყო 311 ურჩი მშობელი. წლების დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოში: ყოველი მეორე მშობელი არ იხდის ალიმენტს.
ვთქვი, რომ ამ ამბავს ბოლომდე მივიყვანდი - მარიას ამბავი
რთული განქორწინების შემდეგ, მარია და მისი ყოფილი ქმარი ერთმანეთს შეხვდნენ - ოთხი შვილი ჰყავდათ და უნდა გადაეწყვიტათ, როგორ ჩართულიყო მამა შვილების აღზრდაში და თვეში რამხელა დახმარებას შეძლებდა.
თავადვე თქვა - თვეში 300 ლარი. მარია იხსენებს, რომ იმ დროს ისე ცუდად იყო ემოციურად, ფიზიკურად, ეკონომიურად, რომ არათუ წინააღმდეგობა გაუწევია, მადლობელიც კი დარჩა. ალიმენტის მოთხოვნა თავშიც არ გაუვლია.
შეთავაზებულ თანხას, ბავშვების მამა, პირველი 5-6 თვე, მართლაც იხდიდა, თუმცა მერე ეს შეთანხმება დაირღვა. გადიოდა თვეები და მარიას ანგარიშზე არაფერი ირიცხებოდა.
„გამუდმებით უნდა მიმეწერა, მეთხოვა, შემეხსენებინა. ყოველ ჯერზე ხვეწნა-მუდარის, დამცირების და სტრესის ხარჯზე. თუმცა მაინც როგორც თავად მოისურვებდა, ისე რიცხავდა. ერთი წელი ვითმინე, მერე ერთ-ერთი არასამთავრობოს ადვოკატს ვთხოვე დახმარება და სასამართლოში წავედი“.
სასამართლომდე მისვლას და დოკუმენტების მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდა, თუმცა მარიას საქმის ბოლომდე მიყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი და უკან აღარ დაუხევია.
ასევე ნახეთ „ხან მეცინება, ხან მეტირება“ - შრომა უფასოდ, ქალების უთქმელი დარდიყოფილი ქმრის ხელფასი საშუალოდ 5000 ლარი იყო, მარის ყოველთვიური შემოსავალი - 750 ლარი. მამა მზად იყო ოთხი ბავშვისთვის 700 ლარი გადაეხადა, თუმცა მარია ამტკიცებდა, რომ ეს თანხა არ ეყოფოდა მისი შვილების აუცილებელ საჭიროებებს.
საბოლოოდ, სასამართლომ მარის ყოფილ ქმარს 1000-ლარიანი ალიმენტი დაუნიშნა.
„სასამართლოზე რა სიტყვებით მომიხსენიებდა და როგორი ცუდი და უწესო დედა ვიყავი, ეს ცალკე ამბავია. ქალისთვის ეს ისეთი სტრესია, რომ რაღაც მომენტში მეგონა, რომ ყველაფერს მივყრიდი და გამოვიქცეოდი. თითქოს არავინ ხარ, უსარგებლო არსება, რომელიც თავისთვის ითხოვს ფულს“, - იხსენებს მარია.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მისმა ყოფილმა ქმარმა ალიმენტის თანხა მხოლოდ ორჯერ ჩაურიცხა. რამდენიმე თვე, ალიმენტის ნახევარ-ნახევარს ურიცხავდა. მერე კი ესეც ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა:
„და ეს იმ დროს, როცა ბავშვებს ყოველ თვეში რაღაც სჭირდებათ, საკვები, ტანსაცმელი, წამალი, წრეებზე დადიან... ვერაფრით ვწვდებოდი. კიდევ ვთხოვე, რომ ალიმენტი გადაეხადა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მეც აღსრულების ბიუროში წავედი საჩივრით და სანამ ანგარიშები არ დაუყადაღეს, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ახლა გვირიცხავს. და იცის, რომ თუ ისევ შეწყვეტს, იმავეს გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი, ჩვენი საერთო შვილების სარჩოა“, - უყვება მარია რადიო თავისუფლებას.
ალიმენტის სამასზე მეტი საქმე
ქალთა უფლებების დამცველი ადვოკატები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან, რომ მათ პრაქტიკაში, ქალებისგან შესული ყოველი მეორე ზარი, განქორწინების და ალიმენტის საქმეებს ეხება. ყველა დახმარებას ითხოვს.
ნინო ანდრიაშვილს, რომელიც დღეს ორგანიზაცია „საფარის“ იურისტია, ალიმენტის სამასზე მეტი საქმე აქვს სასამართლოში წაღებული.
ადვოკატი გვიყვება, რომ ალიმენტისთვის სასამართლოში ბრძოლა ქალებისთვის იმდენად სტრესული პროცესია, ისე უჭირთ ყოფილ მეუღლეებთან ერთ სივრცეში შეხვედრა, რომ ხშირად, სრულად ადვოკატებს ანდობენ საქმის წარმართვას.
„თუმც კი, ყოველთვის ვეუბნები, რომ მნიშვნელოვანია, მათი არგუმენტები სასამართლომ მათგან მოისმინოს“.
ნინო ამბობს, რომ არცთუ იშვიათად, სასამართლოზე მხარეები ახერხებენ მორიგებასაც. თუმცა, თუ ალიმენტის დავის დროს, კაცს ოფიციალური შემოსავალი არსად უფიქსირდება, სახელმწიფო მას ფაქტობრივად ვერ აიძულებს ალიმენტი გადაიხადოს.
„ასეთ დროს, ერთადერთი ვარიანტია, თუ კაცს აქვს რაიმე ქონება, სახლი, მიწა, ეს ქონება დაუყადაღონ და ალიმენტის გადახდის ბერკეტად ეს გამოიყენონ“, - შენიშნავს ნინო ანდრიაშვილი.
საალიმენტო დავის პროცესს ხშირად ისიც ართულებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის არც ალიმენტის ზღვრული ოდენობა და როგორც ნინო ანდრიაშვილი ამბობს, საქმის ბედი და ალიმენტის ოდენობა მთლიანად მინდობილია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.
„ძალიან მცირე პროცენტია ისეთი საქმეებისა, სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი გაითვალისწინეს. შევსწრებივარ ფაქტს, როცა სასამართლო ახდენდა ქალზე ზეწოლას, ეუბნებოდა, შენ უნდა დათანხმდე პირობას, რადგან კაცს მეტი შესაძლებლობა არა აქვსო. ქალი 300 ლარს ითხოვდა. ბავშვის მამა კი 150 ლარის გადახდაზე იყო თანახმა... აქ მთავარი ის არის, რომ მოსამართლემ, სასამართლო სხდომაზე, თავისი შინაგანი რწმენა პირდაპირ გამოააშკარავა“, - ეუბნება ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებას.
დავის დაწყებისას, როგორც წესი, ალიმენტის თანხას ქალი უთითებს ხოლმე, მერე კი მოსამართლე წყვეტს. თუმცა, ისევ თავის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ნინო იმასაც გვეუბნება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის მორგებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ამიტომ არის ხოლმე, რომ ძალიან ხშირად, ალიმენტი ფორმალურია - მაგალითად, ქალი ითხოვს 400 ლარს, ბავშვის საკვებსა ან წრეზე სასიარულოდ, ან წამლისთვის, თუმცა სასამართლო ხშირად ამ საჭიროებებს არ ითვალისწინებს და კაცს მხოლოდ 200 ლარს დააკისრებს ხოლმე და ასე იჭერს ერთგვარ შუალედურ პოზიციას.
ნინო ანდრიაშვილი იხსენებს ისეთ შემთხვევებსაც მისი საადვოკატო ისტორიიდან, როცა ალიმენტის გადაუხდელობის მოტივით:
- კაცი წასულა სამსახურიდან;
- დამსაქმებლისთვის მოუთხოვია, რომ ხელფასი ნაღდი ფულით გადაეხადათ;
- ყველა ქონება გადაუფორმებია სხვაზე.
- საერთოდ გადაკარგულა ქვეყნიდან.
„[კაცებს] რატომღაც მიაჩნიათ, რომ ფულს შვილს კი არა, ყოფილ ცოლს უხდიან. ბევრ კაცს უთქვამს, სკოლის თანხას გადავუხდი შვილს, ოღონდ „იმას“ თანხას არ გადავურიცხავ, წავა და მერე „შილაკს“ გაიკეთებს მაგ ფულითო“, - იხსენებს ნინო.
თუ კაცი შემოსავლებს ნიღბავს და ამას ვერავინ ხედავს, აქ უკვე აღსრულების სამსახური მოიკოჭლებს - გვეუბნება ადვოკატი. მისი აზრით, თუ ქალი აღსრულების ბიუროს ეუბნება, რომ კაცს აქვს „დამალული“ შემოსავალი ან სხვის სახელზე გადაფორმებული ბიზნესი უწყებამ ყველა შესაძლო გზით უნდა მოიძიოს ასეა თუ არა ეს და მას ალიმენტის გადახდის აღსრულება მოსთხოვოს.
„კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება გადადგას ქალმა არის ის, რომ პროკურატურას მოსთხოვოს საქმის აღძვრა კაცის მიმართ, ვინც სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს. თუმცა ასეთი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია“.
როგორ წესი, ჩივილს ქალების უმრავლესობა ერიდება.
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში არ უპასუხეს კითხვაზე, არის თუ არა ან რამდენი საქმეა აღძრული ალიმენტის საქმეზე იმ პირების მიმართ, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. თუ არსებობს დასრულებული გამოძიების თუნდაც ერთი ფაქტი - ამაზე პასუხი არ გვაქვს.
ქალთა უფლებების დამცველი კიდევ ერთი დამოუკიდებელი ადვოკატის, ელისო რუხაძის თითქმის ყოველი მეორე საადვოკატო საქმე დღესაც განქორწინებას და ალიმენტს ეხება.
სასამართლოს გზით განქორწინების რიცხვი რომ ძალიან მაღალია, ამის ერთ-ერთ მიზეზი, ელისოს აზრით ისიცაა, რომ ქალებმა, სწორედ განქორწინებით დაიწყეს ძალადობის ჯაჭვის წყვეტა:
„მათ სჯერათ, რომ ასე სრულდება მოძალადის კონტროლი და ბატონობა. სამწუხაროდ, ეს ხშირად ასე არ არის, თუმცა უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, როცა განქორწინების დოკუმენტი ხელში უჭირავთ“.
2024 წელს, საქართველოში, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 520 იყო, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ასევე ნახეთ მეტი კვდება, ნაკლები იბადება - იცით ბოლო დემოგრაფიული მონაცემები?ალიმენტის მოთხოვნა სწორედ განქორწინების მომდევნო ეტაპია.
ელისო რუხაძის გამოცდილებით, განსაკუთრებით უჭირთ სოფლად მცხოვრებ ქალებს.
„ახლაც ერთი მათგანი მირეკავს ალიმენტის დაწერაზე“, - მეუბნება ელისო და დროებით ჩვენი საუბარიც წყდება.
რეგიონებში მცხოვრები ჯერ კიდევ ბევრი ქალისთვის, განქორწინების შემდეგ დედ-მამის ოჯახში დაბრუნება იმდენად ტაბუდადებული თემაა, რომ ძალადობა გამოვლილი ქალებიც კი, ხშირად ამჯობინებენ დარჩნენ თავშესაფრებში, სარჩენი ფული ქალთა დახურულ ჯგუფებში ააგროვონ, უარეს შემთხვევაში, ისევ დაბრუნდნენ ქმრის ოჯახში და კიდევ უფრო უკიდურეს შემთხვევაში - წავიდნენ იძულებით ემიგრაციაში.
ასეთ დროს, ქალები ტოვებენ ბავშვებს მამებთან და მამიდებთან და ბებიებთან და როგორც ელისო რუხაძე გვიყვება, ასეთ დროს, კაცი სთხოვს ხოლმე სამუშაოდ გადახვეწილ ცოლს ალიმენტის გადახდას.
დარჩენილების უმრავლესობას, ამბობს ელისო რუხაძე, ვინც განქორწინებას გადაწყვეტს, იმის ფულიც კი არ გააჩნია, რომ სასამართლოზე ალიმენტზე იდავოს.
„50 ლარი ბაჟის საფასური რომ გადაიხადონ, ეს თანხა არა აქვთ. შეიძლება ეს ვინმესთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა და თითო ლარით აგვიგროვებია ხოლმე ეს ფული“.
რამდენიმე წლის წინ ამ ქალების იმედი არასამთავრობო ორგანიზაციები იყო, თუმცა დღეს მათი რესურსიც ამოწურულია და ქალებს ეს იმედიც გადაეწურათ.
„თუ ათი ქალი მომმართავს, მათგან, შესაძლოა, იმ წამს ერთი დახმარება შევძლო, სარჩელი დავუწერო, მაგრამ ცხრა იურიდიული დახმარების გარეშე რჩება“.
ვერ მიიღებენ ალიმენტს და ქალები ხშირად აბსოლუტურ სიღარიბეში აღმოჩნდებიან ხოლმე. მცირეწლოვანი შვილების დედები მუშაობას ვერ იწყებენ, რადგან ბავშვებს ვერავის უტოვებენ. არ იმუშავებენ და მათი შემოსავალი ნულია. ამ მხრივ ყველაზე რთულ დღეში არიან შშმ ბავშვების მშობლები. ყველა ეს ქალი, საბოლოოდ, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია.
„ალიმენტის ჩარიცხვა მხოლოდ ფინანსურად კი არ არის საშველი ბევრისთვის, ამ ამბის ემოციური ნაწილიცაა - ბავშვი გრძნობს, რომ ის ხილულია, ის ღირებულია მამისთვის“, - ეუბნება ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებას.
სტრესის, დაბრკოლების და დამცირების გადალახვის შემდეგ, ახალი ბრძოლა მაშინ იწყება, როცა ალიმენტის გადახდა დაკისრებულია, მაგრამ კაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს.
ელისო რუხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ალიმენტის აღუსრულებლობის მუხლი არის მკვდარი მუხლი, რომელიც უნდა გადაიხედოს და სახელმწიფომ მიაგნოს გამოსავალს.
„ის, რომ ქვეყანაში ბავშვები არიან ქუჩაში, არიან მშივრები, არიან უპატრონოდ, ხან თავშესაფარში, ის, რომ ამდენი ბავშვი იკარგება და ა.შ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათი დედები, სარჩოს საძებნელად ემიგრანტებად არიან ქცეულები... ამ წუთსაც, ათი საქმე მაქვს ისეთი, რომელზეც მოვითხოვ, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმ მოძალადე კაცების მიმართ, რომლებიც სპეციალურად მალავენ შემოსავალს და ჯიუტად თავს არიდებენ ალიმენტს“, - უთხრა ელისო რუხაძემ რადიო თავისუფლებას.
კვლევა: ალიმენტის გადაუხდელობა
ჩავიხედეთ 2022 წელს, ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მომზადებულ გამოკვლევაში - „ალიმენტის გადაუხდელობა -კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები საქართველოში“, რომელმაც აჩვენა, რომ ხშირად, მამები შვილებთანაც წყვეტენ ემოციურ ბმას, როდესაც ყოფილ ცოლებთან ასრულებენ ურთიერთობას.
ერთ-ერთი ქალი რესპონდენტი ამბობს, რომ ისინი საზოგადოებისგან არიან დაშინებული ცრუ მითით, რომ თუ ქალი სასამართლოს გზით ბავშვს ალიმენტს მოუპოვებს, ბავშვი მამისთვის "ალიმენტის ანგარიშის ციფრები" გახდება და მასთან შეწყვეტს ურთიერთობას.
მეორე გავრცელებული მითია, თითქოს ალიმენტს ქალი ითხოვს თავისთვის და არა ბავშვის საჭიროებისთვის.
„მე მიმოწერაც მაქვს ჩემს ყოფილ პარტნიორთან, სადაც ძალიან შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისვრის ჩემს მიმართ, რომ მე მინდა ეს ფული და არა ბავშვს“ - ამბობს ალიმენტის დავის გამოცდილების მქონე ერთ-ერთი ქალი.
ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, კაცების მხრიდან ხშირია DNM-ის ანალიზის მოთხოვნაც.
ქალი რესპონდენტების აზრით, ხშირად ასეთი რამეები იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ შეიძლება, ქალმა ვერ გაუძლოს ასეთ ზეწოლას საერთოდ შეწყვიტოს საალიმენტო დავა.
ქალები საალიმენტო დავის დაწყებას ერიდებიან იმის გამოც, რომ მათი ოჯახი და ნათესავები არ გახდნენ საზოგადოების მხრიდან ე.წ. „სოციალურ სირცხვილის“ სამიზნე.
„საფარის“ კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საალიმენტო დავის მთელ პროცესში ცალკე პრობლემაა წინაღობები, რომლებსაც პროკურატურა ქმნის.
კვლევის დროს გამოკითხული 5 პროკურორიდან არცერთ მათგანს არ ჰქონია საქმე ალიმენტის გადახდისგან თავის ჯიუტად არიდების მუხლთან.
„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ აღუსრულებელი ალიმენტის საქმეები ფაქტობრივად არ მიდის პროკურატურაში“, - წერია გამოკვლევაში.
ასევე ნახეთ ვერაფრით დაგეხმარები, თვითონ არაფერი მაქვს - იხდიან საქართველოში ალიმენტს?ერთ-ერთი პროკურორის სიტყვებით, ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ „ეს წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და გამომძიებელი ვერ ახერხებს მტკიცებულებების მოძიებას“.
რაც შეეხება აღსრულების სტატისტიკას, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს, მათთან წარმოებაში იყო 9116 ალიმენტის საქმე, საიდანაც დარეგულირებულია მხოლოდ მესამედი - 3622 საქმე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობითვე, ერთი წლის განმავლობაში ალიმენტის 18 ათასამდე საქმე მორიგებით დასრულდა: 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ, მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 17 892 ერთეული შემთხვევა შეადგინა.
განწილვადება გულისხმობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე მოვალის მიერ ვალდებულების დაფარვის 12 თვემდე ვადით ეტაპობრივად აღსრულების დადგენას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოვალე თანხას იხდის ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ისე, რომ ვადის ბოლოს სრულად იქნეს დაფარული აღსასრულებელი მოთხოვნა.
- 2024 წელს, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 282 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა.
- მორიგების შედეგად, გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 158 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია.
- 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 15 150 მოქალაქეს.
„საფარის“ გამოკვლევაში, აღსრულების ბიუროს თანამშრომელი ალიმენტისგან თავის ჯიუტად არიდების ძირითად მიზეზად კაცის სოციალურად დაუცველობას და რეალურ გაჭირვებას ასახელებდა.
ის ამბობდა, რომ როდესაც საქმე ეხებოდა სოციალურად დაუცველ კაცს, რომელსაც 70-80 ლარს აკისრებს სასამართლო, შეუძლებელი იყო, მას ამ თანხის გადახდა მოეხერხებინა. აღსრულების ბიუროდან კვლევაში მონაწილე რამდენიმე რესპონდენტი იმასაც შენიშნავდა, რომ მათ ეცოდებოდათ ასეთი კაცები, რადგან „მათ მართლა არ შეეძლოთ ალიმენტის გადახდა“.
ასევე ნახეთ "ეს არ იყო მამა-შვილური ურთიერთობა" - პოლიცია იძიებს სუროგაციით დაბადებული ბავშვის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას