საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ გლობალური სანქციების აღდგენის - ე.წ. „უკან დაბრუნების“ - 30-დღიანი პროცესი ერთი თვის წინ წამოიწყეს. ეს პროცესი 27 სექტემბერს წარმატებით დამთავრდა.
ირანის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომები 2015 წელს მოიხსნა მსოფლიო ძალებთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებას. ხელშეკრულების ევროპელი ხელმომწერები თეირანს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და სანქციებს აბრუნებებ.
რომელი სანქციები აღდგება?
„უკან დაბრუნების“ სანქციები მოიცავს გაეროს ემბარგოს ჩვეულებრივ იარაღზე, შეზღუდვებს ბირთვული იარაღის გადამცემი ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, ურანის გამდიდრებისა და გადამუშავების აკრძალვას, ასევე ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების გლობალურ აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.
ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გარდა, სანქციები დააზარალებს თეირანის ნავთობის მრეწველობას, ტრანსპორტსა და გადაზიდვებს, ასევე ფინანსურ და საბანკო სექტორებს.
რა გავლენას მოახდენს ეს ირანზე?
ეს სანქციები ირანის წინააღმდეგ არსებულ სადამსჯელო ზომებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ხელახლა დააწესა მძიმე სანქციები, რომლებმაც შეზღუდა ირანის ეკონომიკა და ნავთობის ექსპორტი.
ირანის ოფიციალურმა პირებმა სცადეს გაეროს სანქციების დაბრუნების გავლენის დაკნინება. თუმცა, ექსპერტების თქმით, განახლებული სანქციები ირანს პრობლემებს რამდენიმე ფრონტზე შეუქმნის.
„ამ სანქციების გავლენა ირანში უკვე იგრძნობა, რადგან რიალის ფასი დოლართან მიმართებაში აგრძელებს დაცემას ბიზნეს საზოგადოებაში პესიმიზმის გაუარესების ფონზე“, - თქვა გრეგორი ბრიუმ, ნიუ-იორკში დაფუძნებული Eurasia Group-ის ირანისა და ნავთობის უფროსმა ანალიტიკოსმა.
ბრიუმ თქვა, რომ სანქციები დაასუსტებს ირანის პოზიციას ჩინეთთან მოლაპარაკებების დროს. პეკინი თეირანის ნავთობის მთავარი მომხმარებელია.
ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის შემოსავლებზე და თეირანი ნავთობის 90 პროცენტზე მეტს ჩინეთში ყიდის იაფად.
„გაეროს სანქციების ხელახლა დაწესების შემდეგ, ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეეძლებათ ირანულ ნავთობზე უფრო დიდი ფასდაკლება მოითხოვონ, რაც ირანის ნავთობის შემოსავლებს დააზარალებს“, - თქვა ბრიუმ.
ირანის დროშა შენობაზე, რომელიც ივნისში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაზარალდა.
როგორ უპასუხებს ირანი?
ირანელი კანონმდებლები თვეების განმავლობაში იმუქრებოდნენ, რომ გაეროს სანქციების აღდგენის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (NPT) გავიდოდნენ, თუმცა ექსპერტების თქმით, თეირანი, სავარაუდოდ, ამ მუქარას არ შეასრულებს.
ეს შეთანხმება არაბირთვულ ქვეყნებს ბირთვული იარაღის შეძენას უკრძალავს და ბირთვულ სახელმწიფოებს განიარაღებას ავალდებულებს.
„NPT-დან გასვლა პროვოკაციული ნაბიჯი იქნებოდა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს ბირთვული პროგრამის პოტენციურად იარაღის შესაქმნელად გამოყენებას. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს ისრაელის მხრიდან მორიგი თავდასხმა“, - თქვა ბრიუმ.
ივნისში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტების დაბომბვის კამპანია, რასაც დაახლოებით 1000 ადამიანი ემსხვერპლა. ირანმა უპასუხა ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებით, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
ირანმა მიანიშნა, რომ სანქციების აღდგენის შემთხვევაში, გაეროს ბირთვული იარაღის ზედამხედველობის ორგანოსთან - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას კიდევ უფრო შეამცირებს. ეს ორგანო აკვირდება და ამოწმებს ირანის ბირთვულ პროგრამას.
ექსპერტების თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ირანს შეუძლია, არის ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, რომელთა მოქმედების რადიუსი აღემატება თავად თეირანის მიერ დაწესებულ 2000 კილომეტრიან ლიმიტს.
ისლამური რესპუბლიკა ამ ლიმიტს მინიმუმ 2017 წლიდან იცავს, რათა, როგორც ჩანს, ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ გამოჩნდეს.
მაშინაც კი, თუ გაერო სანქციებს ხელახლა დააწესებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა სრულად მიატოვოს დიპლომატია, ამბობენ ექსპერტები.
„მას არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან სანქციების შემსუბუქების შეთანხმების მიღწევა პრიორიტეტად რჩება“, - თქვა ბრიუმ.
თუმცა ახლა გარღვევის შანსი მცირეა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, 23 სექტემბერს საჯაროდ უარყო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს ევროპულ ძალებთან მოლაპარაკებების წარმოებას.
როგორც ჩანს, ირანი ჯერ არ არის მზად, წავიდეს იმ დათმობებზე, რაც საჭიროა მისი ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული უთანხმოების გადასაჭრელად.
ასევე ნახეთ „მომავალში მხოლოდ კოლაფსი“ ელის - მშვიდობის პრემიის ირანელი ნობელიანტი ისლამურ რესპუბლიკაზე