ვინ არის ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებული ხელმძღვანელი, ვისაც გელა გელაძე შეხვდა

ფოტოზე: დმიტრი ჰარა და ალიაქსანდრ ლუკაშენკა

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ჩინეთში ვიზიტისას შეხვდა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, დმიტრი ჰარას და „შემდგომი თანამშრომლობის“ შესაძლებლობაზე ესაუბრა.

დმიტრი ჰარა, - რომელიც საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, თბილისშია დაბადებული, - 2021 წლის 11 მარტს დანიშნეს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელად.

მანამდე, 2019-21 წლებში ის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე.

  • მისი ამ თანამდებობაზე ყოფნისას მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ბელარუსში, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში მეექვსედ გამარჯვების გამოცხადებას მოჰყვა.
  • ანტისამთავრობო დემონსტრაციები ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.

2021 წელს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დმიტრი ჰარას, - ის ამ დროს უკვე საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.

შს მინისტრი გელა გელაძე და მისი მოადგილეები, შალვა თადუმაძე და ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში დმიტრი ჰარას შეხვდნენ

დასაბუთებაში ევროკავშირის საბჭომ მიუთითა, რომ ჰარა პასუხისმგებელი იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებაზე.

მათ შორის, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სერჰეი ციხანოუსკის (სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლის) პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებაზე.

სანქციებს შეუერთდნენ ისლანდია, ნორვეგია და ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის.

2021 წლის 9 აგვისტოს კი მას, როგორც საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმაც. შტატებმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, Nexta-ს დამფუძნებლის, ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის საქმესთან დაკავშირებით.

შეხვედრა ბელარუსელ კოლეგასთან

ინფორმაცია ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ საქართველოს შინაგან სამინისტროს პრესცენტრს (ჯერ) არ გაუვრცელებია. ეს ცნობა გამოაქვეყნა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა.

უწყების ტელეგრამზე წერია, რომ სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ლიანიუნგანგში, სადაც მინისტრები იმყოფებიან „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე“.

ასევე ნახეთ შს მინისტრი გელა გელაძე ჩინეთში შეხვდა ჩინელ, ბელარუსელ და ყაზახ კოლეგებს

ამ წყაროს თანახმად, შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის:

  • „სისხლის სამართლის საქმეებში იურიდიული დახმარების გაწევა“;
  • „შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროები“;
  • „საგამოძიებო პროცესების გაციფრულება“;
  • „თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა“;
  • „პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის 2021 წლიდან მოქმედებს 2016 წელს დადებული შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.

ასევე ნახეთ სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა

„დასამალი არაფერია“ - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერს, - როდესაც ჰკითხეს, რატომ არ გამოაქვეყნა შსს-მ ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრაზე ინფორმაცია, - „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ეს არის ოფიციალური ვიზიტი, აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „იქ რუსებიც იყვნენ“, კობახიძემ თქვა, რომ „რუსები არაფერ შუაში არ არიან“.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის „განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება“.

„დანარჩენი არ ვიცი, რა გიპასუხოთ“, - თქვა მან და უშუალოდ ბელარუსელ კოლეგასთან გელაძის შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.